Tuesday, November 15, 2011

საქართველო 228 წლის გზასაყარზე

ჯანრი კაშია საქართველო 228 წლის წინანდელ გზაჯვარედინზე![1] 1783_1983-93-203- 2009...2011 (ერის თვითმკვლელობა) I XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, ოცწლიანი უნაყოფო და თვითმომსპობი ‘ძალისხმევების’ შედეგად საქართველო დაუბრუნდა იმ გზაჯვარედინს, რომელზედაც იგი იდგა... 226 წლის წინ. ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე წარმოთქმულ არაჩვეულებრივად მღელვარე და ძლიერ სიტყვაში მიხაკო წერეთელმა ასე დაახასიათა ქართველი ერის თვითმკვლელობითი ძალისხმევები: ‘‘ვინა სთქვა საქართველოზედ _ ‘რა დიდი ლომი კვდებაო!’ _ ბევრმა რამ და ბევრმა ვინმემ! _ ყოფილან ჩვენს ისტორიაში შავნი დრონი, როდესაც თავზარდამცემი სიტყვანი _ საქართველოს დიდი ლომი ჰკვდება, _ სიმართლედ მოგვჩვენებია, ეჭვს შეუპყრია მთელი საქართველოს გონება, მართლა ხომ არ წახდა საქართველო საუკუნოდ! იყო ერთი, უკანასკნელი შავი დრო, ოდეს საქართველოს ლომი პოლიტიკურად მოკვდა, დამარხა რა თავისივე ხელით თავისი საკუთარი დამოუკიდებლობა, და შემდეგ, მთელი ასის წლის განმავლობაში, მთელი მისი არსება, მომაკვდავი, სულსა ღაფავდა. მაგრამ ამ შავ დროებაზედ უფრო მედგრად და უფრო კადნიერად ილია ჭავჭავაძის მკვლელებმა წამოგვძახეს ყურში მთელ საქართველოს _ საქართველო, ეს დიდი ლომი მართლაც მოკვდა, _ მოკვდა ზნეობრივად, და ეს სიკვდილი მისი საუკეთესო ძის, მისი დიდების ვერაგულად მოკვლაში გამოიხატა!...~. მიხაკო წერეთლის ამ სულისშემძვრელი სიტყვის ისტორიული ფონი ასეთი იყო: 228 წლის წინ, ქართლ კახეთის მეფის ერეკლე მეორის წინაშე იდგა საკითხი რუსეთთან საქართველოს დამოკიდებულების შესახებ, და, კერძოდ, რუსეთის პროტექტორატის ქვეშ ქართლ_კახეთის სამეფოს შესვლის შესახებ. ამ საკითხმა აღმოსავლეთ საქართველო ორად გაჰყო. შემდგომში, დასავლეთ საქართველოც ორად გაჰყო ამ კითხვამ. 117 წლის შემდეგ, გაერთიანებულ დამოუკიდებელ საქართველოსაც იგივე საკითხი ჰქონდა გადასაწყვეტი და მაშინაც ორად გაიყო საქართველო. მას შემდეგ, კიდევ 70 წელი იყო საქართველო რუსეთის მიერ დაფუძნებული ტოტლიტარული სისტემის ტყვე და მოსკოვის სატრაპი. პოლიტიკურად სატრაპი, უკვე 60-იანი წლების შუიდან (‘სტაგნაციის’ დასაწყისიდან) მატერიალურად დიდ აღმავლობას განიცდიდა და ტოტალიტარული იმპერიული წყობის და რუსეთის განუზომელი სიმდიდრისა და ბაზრის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით საბჭოთა კავშირის ერთერთი ყველაზე მდიდარი და განვითარებული რესპუბლიკა გახდა. პრობლემა რჩებოდა, მაგრამ ის პიროვნული თავისუფლების შეფასების დონეზე წყდებოდა. ეროვნული კონსოლიდაცია საკმაოდ მაღალ ხარისხში ვლინდებოდა, განსაკუთრებით სპორტში და ინტელექტუალურ დონეზე იმ მომენტამდე, ვიდრე 1972 წელს სათავეში არ მოვიდა ნეოკომუნისტების ახალი თაობა, ედუარდ შევარდნაძის კადრებით. შევარდნაძე საკმაოდ მარტივი პოლიტიკური ცნობიერების მქონე, მაგრამ დახვეწილი საკადრო ინტრიგების ოსტატი აღმოჩნდა. მის ხელში საქართველო მხოლოდ პირადი კარიერის საცვლელ ‘ზროხად’ გადაიქცა. ზნეობა, რომელიც საქართველოსადმი სიყვარულში ჯერ კიდევ ქვეყნის სასარგებლოდ ამოქმედებდა სტაგნაციის ეპოქის (ბრეჟნევ-მჟავანაძის) ქართველ კომუნისტებს, სრულიად მოიშალა და დაეცა. ნეოკომუნისტური წმენდების სერიამ თანდათან ჩააქრო ის გადამრჩენი ენერგია, რომლითაც საქართველო საზრდოობდა 50-60-იან წლებში. ყოველგვარი კერძო ინიციატივა მოსპობილ იქნა იმგვარი მეთოდებით, რომლებიც ავადხსენებულ ‘დიდ ტერორს’ მოაგონებდა ადამიანს. მიუხედავად ყოველივესი ქართველობამ მაინც მოახერხა თავისი ეროვნული ენერგიის გამოვლენა იმ ‘დიდი ტესტის’ დროს, როდესაც მოსკოვმა გადაწყვითა რესპუბლიკების სახელმწიფო ენის გაუქმება და მისი ჩანაცვლება ერთიანი სახელმწიფო ენით _ რუსულით. ტესტი საქართველოში იქნა გასინჯული, მაგრამ ქართველ სრუდენტთა და ინტელექტუალთა ძალისხმევით პროტესტმა გასჭრა და ეს სახიფათო გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. შევარდნაძემ კარგად გამოიყენა ეს პოლიტიკური მარცხი და მიიწერა როგორც პირადი ძალისხმევით გამარჯვება. ეს ყოველივე დაგვირგვინდა ოთხი ახალგაზრდისა და მღვდლის დახვრეტით 1983 წელს ‘თვითმფრინავის გატაცების მცდელობისათვის’. შევარდნაძის დიდი დამსახურება იყო მის მიერ ოფიციალურად დაარსებული, ჰელსინკის ხელშეკრულების მეთვალყურე ‘არასამთავრობო’ ჯგუფების მართვა და მათზე კონტროლი. ამისათვის მას ესაჭიროებოდა ‘ნაციონალისტური’ იდეოლოგიის გამოცოცხლება და იმ მიმართულებით მისი ამოძრავება, რომელიც მას მოსკოვის წინაშე ამ პროცესის მართვის ერთადერთი ძალის სახელს მოუტანდა. თუმც შევარდნაძემ მოახერხა 1978 წელს ჰელსინკის მოძრაობის ჩაქრობა, ეროვნული ცნობიერება და გრძნობები უკვე თავისთავად ღვივდებოდა და მასში სულ უფრო დაუფრო მეტი ახალგაზრდა ებმებოდა მოსახლეობის ნაწილის უხმო მხარდაჭერით. საქართველოში ეროვნული ენერგიის იმპულსის წარმოქმნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა არასდროს. ყველაზე დიდი პრობლემა, ყოველთვის იყო (განსაკუთრებით XIX ს. და XX დასაწყისში) თუ რამდენად შეგნებული და პოლიტიკურად მწიფე იყო ეს იმპულსი და რამდენად შეესატყვისებოდა მისი ვექტორი დასახულ მიზანს. მიზანი კი თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე ერთი და იგივე იყო: ‘ჩვენი თავის ჩვენადვე ყუდნება’. ეს გრძნობა, რომ ქართველები ყოველთვის ვიღაცის, ‘სხვის’ ნებას ასრულებენ და სხვისი ბრძანებით ცხოვრობენ, ბადებდა ‘ჩვენი თავის ჩვენადვე ყუდნების’ ამ მოუცილებელ წუხილს. ეს კი თავის მხრივ, ხდებოდა საფუძველი ათასგვარი მისტიფიცირებული და, ვიტყოდი ისტორიოფრენიული ზმანებებისა: ‘ჩვენ რომ ჩვენი საკუთარი ცხოვრების გამგებელნი ვიყოთ, საქართველო სამოთხე იქნება’ და მისგვარნი. მაგრამ როგორც კი ამგვარი შესაძლებლობა იქმნებოდა, საქართველო იხლიჩებოდა სკეპტიკურ და ისტორიოფრენილ ნაწილებად. არც ერთ და არც მეორე განწყობას არავითარი რაციონალური, კრიტიკული და ანალიტიკური პოლიტიკური არც გეგმა და არც მიზანი არ გააჩნდა. ეს იწვევდა იმას, რომ საბოლოოდ საქართველო ვარდებოდა პოლიტიკურ ინტრიგანთა და კარიერისტთა ხელში, რომელთათვის საქართველო არავითარ სხვა ღირებულებას არ წარმოადგენდა, თუ არ თავისი საკუთარი ძალაუფლებრივი მისწრაფებების და პიროვნული ზედგომის კომპლექსის რეალიზების ასპარეზს. ეს პერიოდები, პირდაპირ დამოკიდებულებაში იყო რუსეთისადმი დამოკიდებულებასთან, რადგან რუსეთი თავისი იმპერიალისტური კომპლექსითა და მისწრაფებებით ითვლებოდა ‘საბოლოო’ მტრად, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოს განვითარებულიყო მიწიერ სამოთხედ. ამგვარად რუსეთისადმი დამოკიდებულება გახდა სასინჯი ქვა ‘ქართველობის’, ‘პატრიოტობის’, ‘ეროვნულობის’ და ა. შ. საქართველოში დამოუკიდებლობის 20 წლის თავზე არ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი და მოსკოვმა კვლავ მიისაკუთრა საქართველოს ტეროტორიის 20% საქართველო კი კვლავ ორადაა გაყოფილი და ისევ ამ საკითხის ირგვლივ. ხელისუფლებამ, რომელმაც სავსებით ‘ბოლშევიკური მეთოდოლოგიით’ მოახერხა რუსეთთან ისე გაემწვავებინა დამოკიდებულება, რომ ომი გამოიწვია და ამ უაზრო და იმთავითვე წაგებულ ომში მიართვა რუსეთს ‘ორჯონიკიძესებურად’ აფხაზეთი და გაუგებრად აღდგენილ სახელდებული და ავტონომიური ოლქიდან მოულოდნელად საქართველოს კუთხედ ქცეული ‘სამხრეთ ოსეთი’. სამწუხარო ფაქტია ჩვენი ცნობიერებისა და ისტორიის, რომ დღემდე ეს საკითხი ‘რუსული ორიენტაციისა’ ემოციური და ფსევდოინტელექტუალური საყველპურო საუბრების ანაბარაა მიტოვებული და არ მომხდარა მისი არც სერიოზული შესწავლა, არც კრიტიკული ანალიზი და არც ინტეგრალური წარმოდგენა. სისრულეზე პრეტენზიის გარეშე, შევეცდები განვიხილო ‘რუსული ორიენტაციის’ საკითხი საქართველოს ამ ‘მუდმივი’ შემობრუნების პერიოდების ურთიერთშედარებით. 1915 წელს, I მსოფლიო ომის დაწყებისას, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ რუსეთის გუბერნიებს წარმოადგენდა, ცვლილებების მოლოდინში გერონტი ქიქოძე წერდა: ‘გუშინ კიდევ ჩვენი ფილოსოფია პრაგმატული იყო. ჩვენი ზნეობა ინდივიდუალისტური და ეგოისტური. ჩვენი მგრძნობიარობა ეროტიული. ცალმხრივი უტილიტარისტები ვიყავით და სარგებლიანობის თვალსაზრისით ვზომავდით ჭეშმარიტებასაც, სიკეთესაც და მშვენიერებასაც. ჩვენი თვალები, ყურები და ხელები ხარბად ეძებდა სიამოვნებას. ყველგან სადაც კი შესაძლებელი იყო მისი პოვნა, სიამოვნებას ხელოვნურს, ექსცესიურს, პილპილნარევს, რომელიც მადას უღიტინებს, მაგრამ არ აკმაყოფილებს გამოცდილება გვასწავლის, რომ არა მარტო ქართველებს, არამედ ყოველ ერს უკლავს გულს თავისთავზე მწარე სიტყვის გაგონება. საკმარისია ჩაადაევის მაგალითი გავიხსენოთ და, ან, თუნდაც, ილია ჭავჭავაძე. შესაძლოა, ‘მტკივნეულობის ხარისხით’ ქართველები გამოვირჩევით, არა იმდენად ბუნებრივი მონაცემებით, რამდენადაც კრიტიკული აზროვნებისადმი მიუჩვევლობით, კრიტიკული აზროვნების ტრადიციის უქონლობის გამო. ევროპული ცივილიზაციის განვითარება თანხვდება კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რადგან თვით განვითარების ხელშესახებობა ამ განვითარების პროცესის კრიტიკულ მიდევნებასა და გაცნობიერებაში ვლინდება. სოციალურ_ფილოსოფიურ კონტექსტში ჩვენ აქ ვხედავთ თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველმდები კარტეზიანული ‘კოგიტალური’ (აზროვნებითი) ანუ ‘ცნობიერი არსებობის’ არსს: ცნობიერი არსებობა _ გამოხატული კარტეზიანულ დაფორმულებაში ‘ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ’ _ არსებითა და ბუნებით კრიტიკულია. მას თუ არ უპირისპირდება, ყოველ შემთხვევაში მისგან განსხვავებულ პრინციპს წარმოგვიჩენს სხვა ტიპის არსებობა _ არაკოგიტალური, არაცნობიერი, ‘დაჯერებითი’( მიმნდობი) არსებობა. კარტეზიანულის მსგავსი დაფორმულებით ამ ტიპის არსებობა შეიძლება გამოიხატოს ასე: ‘მჯერა, მაშასადამე, ვარსებობ’ (ომი წავაგე, მაგრამ მჯერა და ვენდობი ‘სხვას’, რომ მოვიგე და ვზეიმობ, სახელმწიფოს მთელი სეგმენტები დავაპყრობინე მტერს, მაგრამ მჯერა და ვენდობი ‘სახვას’, რომ მას ნიღაბი ავხადე და მით გავიმარჯვე; ვხედავ, რომ ინგრევა ქვეყანა, მაგრამ მჯერა და ვენდობი ‘სხვას’, რომ აღმშენებლობის გზაზე ვდგავარ და ვმხიარულობ...… და ასე შემდეგ, პიროვნული, სოციალური, თუ სახელმწიფოებრივი მიმართებით იზრდება მიმნდობი იდიოტიზმების რიგი და ხარისხი...). მიმნდობი, ანუ არაკოგიტალური (არაკრიტიკული) სოციოტიპის არსებობა, ისტორიულად, პირველად, იდეოლოგიზირებული მასების პირობებში ჩამოყალიობდა იმ ქვეყნებში, რომლებიც განიცდიდნენ ტრადიციული არსებობის პრინციპების რღვევას, ‘დეკულტურიზაციას’ და იწყებდნენ არაბუნებრივ და, ამდენად ძალმომრეობით, განვითარებას საკუთარი ტრადიციული, ანუ ‘ბუნებრივი’ კულტურული ფორმების უგულვებელყოფის გზით. ამგვარისოციოტიპი იმის საწინააღმდეგო ვექტორზე იწყებს განვითარებას, რაც მისი ბუნების საწინააღმდეგოა და ჰკარგავს გზას. ტრადიციულ, ან პირველად კულტურულ საზოგადოებებში, რომლებიც რელიგიის საფუძველზე ფორმდებოდნენ კულტურის მატრიცა ან ყოფიერების ჰოლოგრამა, ფორმდებოდა ბუნებრასთან სრულ შესაბამისობაში. ამ შემთხვევაში ‘ბუნება’ იმ გეოპოლიტიკურ გარემოსაც გულისხმობს, რომელშიც სახლობდნენ ‘მტრებიც’ და ‘მოყვრებიც’. ამ ჰოლოგრამის ანუ მსოფლხატის საფუძველი _ რწმენითი მიმართება _ განისაზღვრებოდა საზოგადოების იერარ­ქიულ წყობაში: ღმერთიდან _ ადამიანისაკენ. რწმენითი არსებობის საფუძველიც ეს იყო. განვითარების თვალსაზრისით ამგვარ საზოგადოებებში ‘დრო არ იძვრის’, იგი ციკლურია და ბრუნავს უსასრულოდ თაობატა ცვლაში და თავის ბუნებრივ ყოფაში. ამგვარი საზოგადოებები ჩაკეტილი საზოგადოებებია, ‘ფატალისტური’ და ‘უტოპიურ _ ჰოლისტური. იმ გაგებით, რომ საზოგადოებრივი არსებობის წესისდამდგენი სუბიექტი ამ საზოგადოების ‘გარეთ’ არის გაყვანილი. იგი ‘სხვა’ არის, ვიდრე სახეზე მყოფი არსება, ადამიანი. ადამიანს ღირებულება არა აქვს, ან აქვს იმდენად, რამდენადაც იგი ღმერთის, ანუ კულტურის მატრიცაში დადგენილ განგებას და წესს ასრულებს, იმას, რასაც ‘სჯულის წესი’ ეწოდება). ‘ღმერთის ნება’ განსაზღვრავს მოვლენათა ქვეყნიურ რიგს და ხდება ის, რაც უნდა მოხდეს. რწმენითი სოციოტიპის არსებობას განსაზღვრავს არა თავისთავად რწმენა, არამედ ღმერთისადმი და ტრადიციისადმი ურყევი რწმენა. ამგავრი ტიპის საზოგადოების არსებობა საგულვებელია შორეულ წარსულში ცივილიზაციის წინარე საზოგადოებებში, რომლებსაც პიროვნებისა და თავისუფლების სრულიად განსხვავებული გაგება აქვთ, ან სრულიადაც არა აქვთ ეს გაგება. ამგვარი სოციოტიპი არსებითად არაქრისტიანულია. ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარების გზა, განასახიერებს ადამიანის ღირებულებისა და მნიშვნელობის, პიროვნების (‘კაცობის’, აზრით: დედაკაცობის და მამაკაცობის) აღდგენას და დადგენას თავისუფლების სრულიად განსხვავებული გაგების საფუძველზე. ღმრთისადმი რწმენა ინდივი­დუალური, პიროვნული საქმეა ადამიანის ღმრთისადმი მიმართების გზაზე და მის მისწრაფებაში მოიპოვოს ‘ზეციური მოქალაქეობა’. ამ თვალსაზრისით ადამიანი თავისუფალია ჰქმნას საკუთარი ნებისა და ცნების მიხედვით, ცნობიერად, რადგან პასუხისგება მის საქციელზე განისაზღვრება მისი საქმით, და იგი უნდა იყოს მზად ამ პასუხისგებისათვის. რწმენითი ‘მინდობა’ არსებობაში შესაძლებელია მხოლოდ ღვთისადმი, არც ერთი ადამიანი არ შეიძლება იქცეს რწმენის საფუძვლად, იმიტომ, რომ ადამიანის ღირებულება ღვთის განკაცებით (შვილად) ადამიანში კაცობის აღდგენით და ჯვარცმით დადგინდა. ქრისტიანული ცივილიზაციის გზა არის ამ თავისუფლებისა და თანაბრობის სოციალურ სისტემად დადგენის, ანუ ცნობიერი საზოგადოების შექმნის გზა. ღმრთისადმი რწმენას კრიტიკის არცერთი ასპექტი არ მიუდგება. რწმენა და აზროვნება, ამ ასპექტით, ურთიერთში ვერ თავსდება. კულტურული, რწმენითი არსებობის სიღრმიდან ტერტულიანემ ზუსტი დაფორმულებით გამოთქვა ეს: რწმენა იწყება იქ, საცა თავდება აზრის შესაძლებლობა _ ‘ცრედო ქუა აბ სურდუმ ესტ’ (მწამს, რადგან აზრს იქითაა), აზრისთვის მიუწვდომელია. აზროვნება და რწმენა ურთიერთის გაგრძელებაა. შეუძლებელია გწამდეს იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც მუშაობს აზროვნება. რაც გინახავს, ან რაც ‘იცი’, რისი ცოდნაც გაქვს, იმას რწმენა არ მიეყენება. ამგვარია ქრისტეს ცნობილი მიმართვა ‘ურწმუნო თომასადმი’: ‘შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან არამხილველნი და მორწმუნენი’ _ ხაზს უსვამს ზემოთქმულს, რადგან ხილვა რწმენის სახეა. სხვა ვითარებაშია თანამედროვე მასობრივი სოციოტიპი, და მისი ~საშენი აგური~ მასადამიანი, რომელსაც ცხოვრება უხდება მატერიალისტურად და ათეისტურად ორიენტირებულ ჰიპერსოციალურ სისტემაში, რომელიც კოგიტალური არსებობის ფორმაშია განსახიერებული. ‘მასადამიანის’ ყოფიერება ‘მიმნდობი და ფსევდორწმენითი არსებობის’ სხვადასხვა დონეებს გვაძლევს, რადგან ‘მასადამიანს’ აზროვნება არ შეუძლია. მას არ შეუძლია შეაფასოს თავისი თავი არც კარგი და არც ცუდი მხრიდან, რადგან ჩართულია, მინდობილია, უპიროვნოდ ყველაობს, არ მოქმედებს თავისი ნებითა და არჩევანით, არამედ ელოდება იმას, რაც მას უნდა ერგოს, ისევე, როგორც ყველას, მას ღირსება არა აქვს, რადგან არა აქვს პიროვნება. გაცილებით ურჩევნია ვინმე ადამიანს მიენდოს და მისდამი ჰქონდეს ‘რწმენა’. ფაქტობრივად, მასობრივი სოციუმები წარმოადგენენ ქრისტიანული (ევროპული) ცივილიზაციის სისტემაში სხვადასხვა სოციოტიპთა შერევის და ცივილური მატრიცის აღრევის, დეკულტურიზაციის მიზეზსა და შედეგს. ‘რწმენითი’ და ‘კოგიტალური’ სოციოტიპის არსებობა დამახასიათებელია არა მხოლოდ სხვადასხვა ეპოქების და სხვადასხვა სოციალური სისტემებისათვის. მათი გამოვლენა და არსებობის დონეების დადგენა ერთი საზოგადოების, ან ერთი სოციოტიპის საზღვრებშიდაც შეიძლება. ყოველი საზოგადოება ხასიათდება ამ არსებობათა დონეებს შორის შესატყვისობით, და ერთი დონიდან მეორეზე გადასვლაც კი, გულისხმობს ‘ფსევდორწმენითი არსებობიდან’ ‘კოგიტალურ არსებობაზე’ გადასვლას. იგივე შეიძლება ითქვას ინდივიდის შესახებაც.[2] ტიპოლოგიური ერთიანობა რომელიმე სოციოტიპისა კი მიუთითებს მოცემულ შეფარდებაზე რწმენასა და აზროვნებას შორის. თუ გავიხსენებთ კანტის ცნობილ გამოთქმას აზროვნების შემოფარგვლის შესახებ, რწმენისათვის ადგილის დასატოვებლად (რაც ერთგვარად ტერტულიანეს კოგიტალურად გადმოთქმად ჟღერს), ნათელი გახდება ამ შეფარდების არსებითი მნიშვნელობა არსებობის სოციალური ტიპოლოგიის განსაზღვრისათვის. იქ საცა რწმენა (‘კრედო’) ჭარბობს, გვაქვს არაკრიტიკული, ‘დახურული’ სოციოტიპის არსებობა, ხოლო იქ, საცა ჭარბობს ‘კოგიტო’ (აზროვნება) გვაქვს კრიტიკული, გახსნილი სოციოტიპის არსებობა. კრიტიკულობა აქ, ნათელი უნდა იყოს, კანტის მეთოდიური თვალსზრისითაც იხმარება და ჩვეულებრივი, ‘გამომჩხრეკი’ აზროვნების თვალსაზრისითაც. დახურული საზოგადოების, ან დახურული არსებობის, გახსნა გულისხმობს ‘რწმენითი’ ტიპიდან ‘კოგიტალურ’ ტიპზე გადასვლას, ანუ კრიტიკული სოციოტექნიკური აპარატის, ანუ კრიტიკის ხელოვნების წარმოქმნას, კრიტიკის ინსტიტუტის ‘კონსტიტუციურ ჩამოყალიბებას’. დახურული, თუმც ათეისტური, მაგრამ უკრიტიკო და ერთთავად ‘რწმენაზე’ (ფსევდორწმენაზე) დაფუძნებული საბჭოთა სისტემის გახსნისა და, კრიტიკის ზვავის ქვეშ ნგრევის მაგალითი ანბანურ ჭეშმარიტებად ისახება. თანამედროვე სოციუმებში მასებს იდიოტური ‘ათეისტური რწმენა’ ახასიათებთ, რომელშიც ღმერთი შეცვლილია იდეოლოგიით, ან რომელიმე პოლიტიკური, ან სოციალური ლიდერით, ბელადით. სტალინის, ჰიტლერის, მუსოლინის, მაოს, პოლ-პოტის, სადამ-ჰუსეინის... ან, თუნდაც, ახლა აქ, საქართველოში, ნაწილ მოსახლეობაში გამსახურდიას, ნაწილში შევარდნაძის და ნაწილში კიდევ სააკაშვილის მიმართ გამოვლენილი ეს იდიოტური ‘ათეისტური რწმენითი’ კომპლექსი მასობრივი სოციოტიპის არსებობის და დეკულტურიზაციის მკვეთრი მაგალითია.[3] ადამიანს თუ საზოგადოებას, რომელსაც თავისი თავის მიმართ კრიტიკული აზრის მოსმენა, შეწყნარება და მასზე დაფიქრება არ შეუძლია, ე.ი. არ შეუძლია გაიხსნას, ცივილიზებული არ ეწოდება, თუნდაც რომ გარეგნულად მას ჰქონდეს ნიშანთა მატერიალური სავსებობა. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება ‘ფსევდორწმენითი იდიოტიზმის’ მაჩვენებელია და შეიძლება, მარტივად, მოვათავსოთ ცნობილ და საყოველთაოდ აღიარებულ რუსულ ბიპოლარიზმში, რომელიც ყველაზე ნათლად გამოიხატა ჩაადაევის ტრაგიკულად ანტირუსულ და ბენკენდორფის კომიკურად რუსოფილურ ფორმულებში. შეადარეთ, თუ არ ჰგავს ეს პროსააკასვილურ და ანტისააკაშვილურ ლოზუნგებს: ბენკენდორფი: ‘რუსეთის წარსული შესანიშნავია, აწმყო _ კიდევ უკეთესი, ხოლო რაც შეეხება მომავალს, ის ყოველივეზე მაღლაა, რისი წარმოდგენაც კი შეუძლია ყველაზე თამამ წარმოსახვას; აი, ერთადერთი წერტილი, რომლიდანაც უნდა აღიქმებოდეს და იწერებოდეს რუსეთის ისტორია’ (აქ მხოლოდ ის შესწორებაა შესატანი, რომ სააკაშვილიზმი ისტორიას თავისი ტავიდან იწყებს და წინარეს კი მის მოსამზადებელ ეპოქად სახავს!) ჩაადაევი: ‘რუსეთის წარსული ცარიელია, თანამედროვეობა აუტანელი, ხოლო მომავალი მისთვის არ არის. რუსეთი _ ეს არის ხარვეზი ცნობიერებაში, ხალხებისათვის მიცემული მრისხანე გაკვეთილი, თუ სადამდე შეუძლია მიყვანა გაუცხოებასა და მონობას’.[4] (აქაც უნდა შესწორდეს იმ ასპექტით, რომ ისტორია აქ დადებით კონტექსტში მოიაზრება საბჭოთა ეპოქის, რომელშიც სააკაშვილიც არის ჩართული, გამოკლებით) ისტორიის გარკვეულ მომენტში წერმოშობილი განწყობა, დაფორმულებული ან როგორც ‘ყველაზე გენიალურები ვართ’ და ან _ ‘არაფერი არა ვართ’ _ სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ერთნაირად ფსიქოპათიური, ნევრასტენიული, მაგრამ ტიპოლოგიურად იგივეობრივი, ათეისტურ-იდიოტური ფსევდორწმენითი არსებობის განწყობაა. იგი დახურულია, ჩაკეტილი, უფანჯრებო მონადაა, ნულოვანი ჰორიზონტისა და ნულოვანი ენერგიის მქონეა. ამ განწყობიდან არავითარი ქმედითი მიმართება არ წარმოიქმნება. მის გასახსნელად აუცილებელია გადასვლა ცნობიერ არსებობაზე, ანუ კრიტიკული აზროვნების დაწყება. იმავე სოციოფსიქოლოგიური თვალსაზრისით კრიტიკული აზრის ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი არსებით ან­ტიფსიქოპათურია, იგი ნათელი და, რაც მთავარია, გახსნილი ჰორიზონტის მქონე ენერგეტიკული ველია. კრიტიკული აზრი გამაცნობიერებელი არსებობის ინდივიდუალური და სოციალური შემოქმედებითი ენერგიის მუდმივი თვითგანახლების წყარო და საფუძველია. ისტორია ადასტურებს, რომ სოციალური განვითარების მამოძრავებელი პიროვნებები სწორედ ისინი იყვნენ, ვინც კრიტიკული გონების თვალით უცქერდა სინამდვილეს. სოციალური განვითარების თვალსაზრისით, კრიტიკული აზრი არის თვითგანვითარების სოციოტექნიკური ინსტრუმენტი. იქ, სადაც ეს ინსტრუმენტი არ არის ამოქმედებული, ინდივი­დუალური და სოციალური ენერგიაც, შესაბამისად, მოდუნებულია. ამ მოდუნების კოეფიციენტი ან ხარისხი აღნიშნავს ~რწმენითი არსებობიდან~ ~ცნობიერებ არსებობაზე~ ანუ ~ფატალისტურ უტოპიურ_ტოტალისტური~ ტიპიდან ~კრიტიკულ რეალისტური კონკრეტული საქმის~ ტიპზე გადასვლის სიძნელეს. უახლოეს მაგალითად გამოდგება საბჭოთა უკრიტიკო (და ~უკრიზისო~!) დახურული სისტემა, რომლის განვითარების ენერგია ნულოვანი აღმოჩნდა. საბ­ჭოთა ~თვითკრიტიკა~, რომელიც ფაქტობრივად ანტიკრიტიკა იყო, ანტიღირებულებებს აღირებულებდა და ~შავ ნახვრეტს~ ქმნიდა არა მარტო, და არა იმდენად, სოციალურ_ეკონომიკურ სისტემაში, რამდენადაც ადამიანის კულტურულ და მენტალურ ქსოვილში. ანტიღირებულებათა ამ უკრუტუკო სისტემაში დღევანდელობას არავითარი ღირებულება აღარ ჰქონდა. ყოველივე მიმართული იყო მომავლისაკენ და ამ უტოპიურ ანტირეალობაში ფუძნდებოდა სამარადისოდ კოუნისტური პარტიის მიერ მართული ~უკრიზისო~ სისტემა. ისტორია, ამგვარად, მთავრდებოდა სადღაც მომავალში (ხან ათწლედით განსაზღვრულში, ხან განუსაზღვრელში) და ამაში ეჭვის შეტანა, ან მმართველ მესაჭეთა საქმიანობისადმი ურწმუნობა _ სასტიკად ისჯებოდა. უღირებულებო დღევანდელობაში დაჭერილი უღირსებო ადამიანის ცნობიერება და სათუთი კულტურული გარსი ვერ შემძლეა უსასრულოდ გაუძლოს ~ფანტომურ ღირებულებათა~ შემოტევას და დღევანდელობის უგულვებელყოფას. დღევანდელობას თუ ღირებულება არა აქვს და მისი ფასი განისაზღვრება მხოლოდ ფატალისტური ~მომავალი ბედნიერებით~, მაშინ სხეულს, რომელიც მხოლოდ დღევანდელობის მოთხოვნილებით არსებობს, სრული ~თავისუფლება~ ეძლევა. უღირებულებო ყოფიერებაში ერთადერთ ღირებულებად სწორედ სხეულის ანუ ხორცის მატერიალური მოთხოვნილება ცხადდება. არსებობა, განძარცვული კულ-ტურის ღირებულებითი განზომილებიდან და დაჭერილი ფსევდოღირებულებით ბადეში, ერთგანზომილებიანი ხდება, წერტილოვანი. ~შინაგანი ადამიანი~, _ ის, რომელზედაც პავლე მოციქული ამბობს: ~ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მესიამოვნება ღმერთის სჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა კანონს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების კანონს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ.~(რომაელთა მიმართ 22_23) _, სულიერი, ანუ კულტურული არსება ადამიანისა, კვდება; და მეფდება ის, რასაც ~ხორცის სხეული~ ანუ ~ცოდვის სხეული~, უზნეობის სხეული ეწოდება. და ამ ცოდვის სხეულის გაბატონება ბუნებრივად იწვევს იმ სინამდვილის გაბატონებას, რომელშიც პოსტტოტა­ლიტარული ქვეყნებია დღეს ჩაძირული, რომელსაც ზევით ~წერტილოვანი ყოფიერება~ ან ~შავი ნახვრეტი~ ვუწოდე. აქამდე სათუთად და უდიდესი ძალისხმევის შედეგად შემონახული ქართული კულტურული სხეული ~შინაგანი ადამიანისა~, ღირებულებათა სკალა ამ შინაგანი ადამიანისა, ამობრუნდა და ან სრულიად მოისპო. ძნელი არ არის ამ პროცესისათვის თვალის მიდევნება, რადგან ქართული კულტურის ღირებულებითი სკალა დადგენილია და კრიტერიუმთა სისტემა ამ პროცესის შესაფასებლად ხელთა გვაქვს.[5] ფატალისტური ~რწმენითი არსებობის~ განწყობის ველში დაჭერილი ცნობიერება თვლის, რომ მას უპირობოდ ეკუთვნის რაღაც: ვთქვათ, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. საკმარისია ვინმემ, ვთქვათ, პარტიის ლიდერმა, ეროვნული მოძრაობის მეთაურებმა, პრეზიდენტმა ან სახელმწიფოს მეთაურმა, მოინდომოს ან თქვას ეს, რომ სასურველი კუთვნილობა განხორციელდეს. ამიტომაც აღარა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას აკეთებ, რას ლა­პარაკობ, როგორ იქცევი: ~მოსახდენი მოხდება~! და ~პერესტროიკის~ ტალღაზე აზვიადებული ნებადართული და მართული შოვინიზმით მთელი ხუთი წლის განმავლობაში იმდენი ლანძღეს ~ქარიზმატულმა~ ~ორგანულმა ქართველებმა~ რუსები და რუსეთი, დასავლეთი და დასავლელები, ამერიკა და ამერიკელები, აფხაზები, ოსები, ~შინაური უცხოელები~ და ა. შ., ხოლო ამის საპირისპიროდ ისეთი ზეღირებულება მიანიჭეს ყოველივე ~ქართულს~, რომ საბოლოოდ მხოლოდ ისღა შეიძლებოდა მომხდარიყო, რაც მოხდა: საქართველო ხელიდან გამოგვეცალა და ახლა ~ურუსეთოდ არსებობა საქართველოს არ შეუძლია~! _ ეს ~დიდი პოლიტიკური გონიერების~ ნაყოფი იყო. უდაოდ! ჩაადაევსაც და ილია ჭავჭავაძესაც გულს შეუღონებდა ამგვარი სიტყვიერი შავი ველი (ხოლო რადგან სიტყვას ყოფიერებასთან პირდაპირი კავშირი აქვს, ანუ იგი თვითვეა ყოფიერება _ ყოფიერებისაც), რომელშიც საქართველო ჩაიძირა უკანასკნელ ~შვიდწლედში~. ბენკენდორფი, შესაძლოა, იმასვე მოიმოქმედებდა, რაც მოიმოქმედეს დღევანდელმა რუსმა პოლიტიკოსებმა _ საქართველოს ისე მოუქცევდა საქმეს, რომ არა თუ ქვას_ქვაზე არ დაუტოვებდა, არამედ მუხლდაჩოქილს აღაღადინებდა შემიკედლე და გადამარჩინეო. აღარავის გაახსენდა არც ტროცკის მიერ ნათქვამი: ~ჩვენ წავალთ საქართველოდან, მაგრამ კარს ისე გამოვიხურავთ, ქვას ქვაზე არ დავტოვებთო!~ არაფერია ამაში გასაკვირი. ალბათ ჩაადაევიც იმასვე იზამდა (აკი არ შეატოკა რუსმა საბჭოთა ინტელიგენციამ გული თავისი მეგობარი ქართველებისათვის, და ხმა არ ამოიღო). და თვით ქართველებიც, ალბათ, იმასვე მოვიმოქმედებდით, ვინმეს რომ იგივე გაეკეთებია ჩვენთვის. და აკი... რადგან, რომელიმე ერის ამგვარი განუკითხავი ლანძღვა, გინდ იყოს ის სახელმწიფო ათასგზის დამპყრობელი და ამომბუგავი ~მლანძღავი~ ერისა, _ უშედეგოდ ვერ ჩაივლის. მითუმეთეს, რომ, თუ კი რაიმე შეიძლება იყოს ანტიქართული, ქართული კულტურისა და ბუნებისაც საწინააღმდეგო, ეს არის ~მტრის ტოტალური სიძულვილი~ ან ~საკუთარის გაუსაძლისი აღზევება და ქება~. არცერთ გამოვლინებაში ქართული კულტურისა, რომელიც ქართველი ~შინაგანი ადამიანის~ გამოხატულებაა, არსად, არ­ცერთ პერიოდში, არა გვაქვს სახეზე ეს სიძულვილი და ეს აღზევება_გაზვიადება. საკმარისია ~ქართლის ცხოვრებას~ გადავხედოთ, ან თეიმურაზ პირველის ~სპარსული ენის სიტკბომან მანდომა მუსიკობანი~ გავიხსენოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსთველზე, თუ გურამიშვილზე... და დასაფიქრებელი სწორედ ისაა, თუ რამ განაპირობა ამგვარი ~ბუნების ცვლა~ და ქართული ბუნების (კულტურის) საწინააღმდეგო, მეტიც, მისი მომაკვდინებელი ტოტალური სიძულვილის გამეფება ქართულ უახლეს ~ეროვნულ მოძრაობაში~ და მის შემოგარენში. ურთიერთსიძულვილზე უფრო, ეს სხვის მიმართ გამოვლენილი სიძულვილია შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი. ამ ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთს შორის არაერთგანზომილებიანი და არაერთმნიშვნელოვანი ურთიერთობა და კავშირია დამყარებული. ერთი ასპექტი ამ ურთიერთობისა და კავშირისა არის პოლიტიკურ_ ეკონომიკური. სწორედ ამ ურთიერთობის პოლიტკური ასპექტის კრიტიკა წარმოებდა ყოველთვის ქართულ პუბლიცისტიკაში და ის ცალკეული განვრცობა ამ პოლიტიკური კრიტიკისა, გნებავთ ~პოლიტიკური სი­ძულვილისა~, რუსეთისა და რუსების როგორც ერის მიმართ, ნიშანი იყო ავტორთა პოლიტიკური უკულტურობისა და უმწიფობისა, და არა მათი ნაციონალისტობისა თუ პატრიოტობისა. ქართული ღირსეული და კეთილშობილი საზოგადოება ყოველთვის ებრძოდა ამგვარ გამოვლინებას. ჯერ კიდევ ზურაბ ავალიშვილი წერდა თავისი წიგნის ~საქართველოს მიერთება რუსეთთან~ შესავალშივე: ~Nე პოსლედოვატელ]ნყქ უსილიქ რუსსკოჯ დიპლომატიი, ა ნასტოჯჰივოე ისკანიე რუსსკოგო პოდდანსტვა სო სტორონყ გრუზინსკიხ ცარეჯ პოვლეკლო ზა სობოჯ პრისოედინენიე Gრუზიი. Oპრავდატელьნყე მოტივყ (პოლ]ზა, ვყგოდა, ეტც.) ბყლი პოდობრანყ ლიწ] ვ სამყჯ პოსლედნიჯ მიგ. შლოვომ, იდექ პრისოედინენიქ პრინადლე#იტ Gრუზიი, ეე ცარქმ, ნო კაკ ონა ბუდეტ პრისოედინენა, ნა *ტო დალა ოტვეტ ღოსსიქ... Vპოლნე პონქტნყქ ი ზაკონნყქ #ელანიქ Gრუზიი პრიწლოს] პროსტო ნაპროსტო უსტრანიტ], პოტომუ ჰტო ისპოლნენიე იხ ნე ვქზალოს] ნი ს ხა­რაკტერომ რუსსკოჯ გოსუდარსტვენნოსტი, ნი ს ოსუ შეიძლება არ დაეთანხმო ზურაბ ავალიშვილის დებულებებს და საერთო ანალიზსაც, (და თავის დროზე, ამ წიგნს მეტად უარყოფითი შეფასება გამოუწვევია კიდეც), მაგრამ ის, რომ რუსეთს თავისი პოლიტიკა ჰქონდა და ამ პოლიტიკის ლოგიკით მისი მოქმედება კარგად გათვლილი და გამართლებული იყო, და რომ საქართველოს ინტერესები რუსეთს სრულიად არ აღელვებდა, არამედ თავისი აღმოსავლური პოლიტიკური კურსის განხორციელებისაკენ ისწრაფოდა და ამდენად საქართველო_კავკასიის მიერთება მისთვის აუცილებელი იყო (ხოლო ქართველთა შინაგანი ვითარება და მისწრაფება კი არაჩვეულებრივად უმარტივებდა და უიოლებდა ამას!) _ აშკარაა. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად და როგორ ერია რუსეთის ხელი საქართ­ველო_სპარსეთისა და საქართველო_თურქეთის საქმეთა აწეწვაში სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს სამხრეთელ ~ნაცნობ და ჩვეულ~ პოლიტიკურ მტერთან ურთიერთობის ახალი ეპოქა იწყებოდა.[6] ბოლოსდაბოლოს პოლიტიკას ერთადერთი კრიტერიუმი აქვს შესაფასებლად: წარმატება, ანუ რა მიზანი იქნა დასმული, რა ხარჯი გაღებული და რამდენად მიღწეული. ამ თვალსაზრისით შეფასებული საქართველოს პოლიტიკური ისტორია ალბათ სრულიად სხვა სახეს მიიღებს და თვით საქართველოს პოლიტიკური სახეც სხვაგვარი გამოჩნდება. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთის პოლიტი­კური (და კულტურული) სახე სარულიად და სავსებით გარკვეული გვაქვს, თუნდაც ამ ორასწლიანი გამოცდილებით, და რუსეთის მთელი ისტორიით დამტკიცებული,[7] მაგრამ გარკვეული გვაქვს თუ არა საქართველოს პოლიტიკური სახე, საქართველოს პოლიტიკური ორიენტირები და მისწრაფებანი, საქართველოს პოლიტიკური სტრატეგია და ტაქტიკა? ან საერთოდ, ვინმე დაფიქრებულა ამაზე და ან წარმოუდგენია მსგავსი რამ? ან ~პოლიტიკოსებს~ (საქართველოში 160 პოლიტიკური პარტია შეიქმნა და არცერთის ~პროგრამაში~ მსგავსი რამ არ შემხვედრია!), ან ~იდეოლოგებს~ (ამ 160 პოლიტიკურ პარტიას ხომ თავისი იდეოლოგები ჰყვანან!), ან დემოკრატიულად არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს, (არცერთ მომენტში არ გამოვლენილა მის სიტყვებსა თუ საქმეში დღემდე, და თუ თვით იგი ~პრაქტიკოსია, ~სოციოტექნიკოსი~ ან ~პოლიტიკური ტექნოლოგი~ მას უნდა ჰყავდეს თავისი ~კონცეფტუალისტიც~ რომელიც ამომრჩევლებს დაანახვებს გზას, რომელზედაც დგას სახელმწიფოს მეთაური პიროვნება ან პარტია, რომელიც ~ერთი კაცის პარტია~ გახდა თავისთავად.[8])?... დღემდე საქართველოს ისტორია(სრულიად არაფერი უარყოფითი არ მინდა ვთქვა ქართველ ისტორიკოსთა თავდადებულ ძალისხმევაზე ჩვენი ისტო­რიის ფაქტოლოგიური მხარის კვლევა_ძიებაში) კონცეფტუალურად ~ჩვენი გულის მოსაფხანად~ იწერებოდა, რაღაც გამუდმებული ~ინფანტილური მზრუნველობით~, რამაც საბოლოოდ პოლიტიკური უვიცობა კი არ დაგვამრთა, არამედ ~პოლიტიკურ ახვირაკებად~[9] გვაქცია, და ასე ახვირაკულად ~ვაწვებით~ პოლიტიკას. ეს ფაქტი დადასტურებულია მთელი მეოცე საუკუნის ისტორიით და, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელი ~ხუთწლედით~ (1988_1993). რა გვინდოდა ან რა შეგვეძლო მიგვეღო და რა მივიღეთ? თუ მოხდა კრიტიკული გაანალიზება იმისი, თუ რა დაგვემართა? ან საერთოდ, იქნებ არც არაფერი გვინდოდა და არც არაფერი შეგვეძლო? _ ანუ გვინდოდა და შეგვეძლო მხოლოდ ყოველივე იმის დანგრევა, რაც საბჭოთა წყობამ ~მოგვიტანა~ 70 წლის მანძილზე, ტოტალურად, ყველაფრის? დავანგრიეთ! რუსეთის გამო და რუსეთის ხელშეწყობით! ახლა? _ ~ურუსეთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია!~ გრიგოლ ორბელიანს ერთი შესანიშნავი საუბარი ჰქონდა გენერალ აფხაზთან 1831 წლის 3 აგვისტოს. აი ეს საუბარიც, თუნდაც იმის საჩვენებლად, რომ თავისთავად ეს საკითხი ~არ ახალია, ძველია~, და რომ საქართველოს დღევანდელი ვითარება თითქმის ზედმიწევნით იმეორებს ~რუსული ერის~ დასაწყისს. მაგრამ დღევანდელობისაგან განსხვავებით ~სხვა ჯიშის~ ადამიანებს ედგათ და აწუხებდათ იგი. წუხილიცა და განსჯაც სხვაგვარი ჰქონდათ... (ჩემს თავს ნებას მივცემ გამოვყო სადღეისო აზრები): ~3_სა აგვისტოს. _ მოვიდა ღენერალი კნიაზი ივან ნიკოლაიჩი აფხაზოვი, დანიშნული ღრაფ პასკევიჩთან არმიაში პირისპირ პოლშელთა. ფრიად გვიამა ურთიერთისა ხილვა. შემდგომად სხვადასხთა უბნობათა პოლშის ბრძოლისათვის, ვიწყეთ საქართველოზე. _ ახ! ვითარ ძლიერად და მართლიად აღსწერა აწინდელი მდგომარეობა საქართველოისა, რომელიცა უყვარს, ვითარცა ჭეშმარიტსა ძესა მამულისასა. ვითარ მწუხარებითა უბნობდა ქართველებზე, რომელთაცა აღხოცეს თავის შორის კეთილშობილური სიამაყე და სიყვარული მამულისადმი და არიან მონებასა ქუეშე, დამდაბლებულნი სულითა. უბნობა ჩვენი კნიაზ: ღმერთო, ნუ მიიყვან რუსთა ესრეთსა განწირულებასა შინა, რომელ იძულებულ იყვნენ დატევებად საქართველოისა, რომელიცა მყისვე შეიქმნების მსხვერპლად უწესობისა, შინაგანისა განხეთქილებისა და ზედა დასმისა დაუძინებელთა მტერთაგან. მე: საქართველო, შემდგომად რუსეთაგან დატევებისა, ვგონებ იყოს ესრეთ ძლიერ, რომელ შეიძლოს დაცვა მტერთაგან სამზღვრისა თვისისა. ოცდაათს წელიწადს საქართველოს თუ არ მომატებია ხალხი, ვგონებ არცა დაჰკლებოდეს. კნიაზ: არა ძალუძს: ამისთვის, რომელ პოლიტიკებრი მდგომარეობა მესამზღვრეთა სახელმწიფოთა აზიასა შინა ფრიად შეიცვალა. ვის უხილავს ყიზილბაშისა და ოსმალოს ესრეთი გაწყობილი ჯარი ეგრეთი თოფხანა. საქართველო იქნების რა დატევებულ რუსთაგან, ვითარ წინააღუდგების მათ. ერეკლე იყო ჭკვიანი და მხნე მეფე: ხედვიდენ მას მხნეობის მაგალითად თავადნი და აზნაურნი, რომელთაცა უყვარდათ მამული, სარწმუნოება, მეფე და იბრძოდნენ ვითარცა ლომნი, _ მაშინ, ოდესცა ყიზილბაშთა, ბუნებითად მხდალთა, არა ჰქონდათ არცა წესი ჯარში და არცა მხნეობა სპასალართა; მაშინ, ვამბობ, ქართველთა შეეძლოთ ბრძოლა პირისპირ მათთა. ხოლო აწ გამოიცვალა დრო და შეიცვალნენ იგინიცა, გააწყეს მათ რეღული (რეგულარული ჯარი_ჯ.კ.) და ჩვენ ვეღარ ძალგვიძს, რომ გაწყობილს ჯარს ვებრძოლოთ ისევ იმ ღონისძიებით, ვითარცა იბრძოდნენ მეფეების დროსა. რეღულსა უნდა ვებრძოლოთ რეღულითვე. ნუ გგონია, რომ ჩვენის გლეხების თოფი იყოს სახმარ ომში, რომელსაცა სამჯერ ვერ ესრვის საათში, მაშინ ოდესცა მინუტში უნდა ოთხჯერ მაინც ესროლოს. ერთის სიტყვით, საქართველო ურეღულოთ ვერცა ერთსა თვესა გაუძლებს მტერთა. _ და, გარდა ამისსა ოცდაათმან წელიწადმან ფრიად შეჰსცვალა ერი. არღა მდგომარეობს ჩვენ შორის იგი მხნეობის სული, რომლითაცა იქნებოდნენ უწინ. მე: რეგულის გაწყობა ადვილად მოხერხდება საქართველოში; ამიტომ რომ, იქნებიან რა თვით დამცველნი თვისისა საზღვრისანი, თვალით დაინახავენ რეღულის სარგებლობასა; თვით მეფე ერეკლემაც იცოდა უმჯობესობა რეღულისა და გააჩინა მორიგის ჯარი, და მაშინ არცა ერთი ტყვე არ დაკარგულა. _ ამას ადვილად მოახდენენ მაშინ იგინი ვინცა დარჩებიან ერის მმართველად, და ვაჟკაცობაში ქართველნი ნაქებნი არიან და უყვარსთ მამულიცა; ესე დამტკიცდების მით, რომე საქართველო, ესრეთი მცირედი სამეფო, ვერ დაიცავდა ვერცა სამზღვარსა თვისსა და ენასა და ვერცა სარწმუნოებასა, თუ არ განსხვავებულითა ვაჟკაცობითა და სიყვარულითა მეფეთა და მაულისადმი. _ ისტორია წარმოგვიდგენს მრავალჯერ საქართველოს გაოხრებულს და კვალად აღდგინებულს არარისაგან. ესრეთთა საკვირველებათა აწარმოვებს მხოლოდ მხნეობა და სიყვარული მამულისა და სარწმუნოებისადმი. _ გარდა ამისსა, აწ თვით ყიზილბაში და ოსმალოცა ხედვენ შეცდომილებათა თვისთა, რომელ საქართველომ, მათგან შეიწროებულმან, დაუმეზობლა ესდენ საშინელი მათთვის მეზობელი რუსეთი და არღა მოინდომებენ, რომელ საქართველომ კვლავცა მოსთხოვოს მფარველობა რომელსამე ძლიერსა სახელმწოფოსა ევროპასა შინა. ყიზილბაშნი ჰსწყევდენ აღა_მაჰმად ხანს ტფილისის წახდენისათვის, რაიცა იყო მიზეზად რუსების გადმოსვლისა. კნიაზ: მართალ არს, რომე ქართველნი არიან მხნენი; გარნა რეღულის გაწყობა აგრე ადვილი ნუ გგონია, ამიტომ, რომ რეღულის დაწყობის დროს, ჯერ არს პირველად შევიდნენ სამსახურში სალდათად, სამაგალითოდ სხვათათვის, პირველნი თავადნი და აზნაურნი, რომელთაცა აქვსთ პატივი და ხმა მემამულეთა შორის თვისთა; ჯერ_არს მათდა, რათა შეჰსწირონ მსხვერპლად სიმდიდრე და თვით სიცოცხლეცა, ვისაც ვითარ ძალუძს, საზოგადოობის ბედნიერებისათვის, და არა მიხედოს საკუთარსა თვისსა სარგებლობასა; ამით ოდენ ჩაიყრება მტკიცედ საფუძველი რეღულისა. აბა, ჩემო გრიგოლ! დამისა-ხელე გინა ერთი კაცი, რომელმანცა დასდვას ნაწილი სიმდიდრისა თვისისა საზოგადოობისა სარგებლობისათვის. ესრეთი მსხვერპლი არს სათნოება, რომელსაცა ჰგრძნობს მხოლოდ გონებითა და გულითა განათლებული კაცი, უმეცარი და უმსწავლელი ვერა მიჰხვდების ამა ამაღლებულსა გრძნობასა, რომელსაცა აწარმოებს მხოლოდ სიყვარული მამულისადმი. თქვენ, ახალგაზრდანო! თქვენ უნდა ეცადნეთ ყოვლის ღონისძიებით მამულისათვის. პირველ უნდა ისწავლოთ, გონება განინათლოთ, და მაშინ დაინახავთ და გამართავთ ნაკლულოვანებათა. და ამა მიზეზით ვამბობ, რომელ ღმერთმა ნუ ინებოს საქართველოს დატევება რუსთაგან ას წლამდის; მაშინ აღარა მეშინის, ამისთვის, რომელ საქართველოს ეყოლება მას დროსა მრავალნი მსწავლულნი კაცნი, საზოგადოობა შეიცვლება, იგრძნობს ყოველსა საჭიროებასა, და ყოველი კეთილი, ახალი სასარგებლო დაწყობილება ადვილად აღსრულდების; ახლა ვინ იკისრებს და ან ვინ გაუგონებს. _ აწინდელი ჩვენი საზოგადოობა არს მკვდარ მამულისათვის. ჰსცხოვრობენ უსაგნოდ, დეეხეტებიან უგზოდ, ვითარცა ბნელსა ღამესა შინა: ყოველი ფიქრობს საკუთარისა თვისისა სარგებლისათვის, რომლისა მისაღებელად არა მიხედვენ არცა სირცხვილსა და არცა უპატიურსა გზასა, რომელსა ზედა ვლენან. ანგაარება არს მათთვის თაყვანსაცემი კერპი, რომლითაცა გვეკარგება პატიოსნება; გარნა ნუ გგონია, რომელ ესე იყოს ბუნებითი თვისება ქართველთა; არა ესე არს მხოლოდ ნაყოფი ოცდაათის წლის მორჩილებისა. მე: ამა ერისა სულისა დამდაბლებასა ადვილად აღხოცენ იგინი, ვინცა იქმნებიან, შემდგომად რუსთაგან დატევებისა, ერის მმართველნი, უკეთუ იქმნებიან გონებიან და შორსმხედველ. ძალა იქმნების მათ ხელში, აღაშენებენ და გააწყობენ სასწავლებელთა; სხვათა სახელმწიფოთაგან მოუწოდებენ მსწავლულთა კაცთა და ხელოსანთა, რომელნიცა იქმნებიან პირველნი მთესველნი სწავლათა და ხელოსნობათა საქართველოსა შინა, და შემდგომად რაოდენთამე წელთა ნაყოფი უეჭველად აღმოცენდების, მით უფრო უმეტეს, რომელ ქართველთა აქვსთ ბუნებითი გონება. კნიაზ: ეგე ყოველი შესაძლო არს, გარნა ჯარისა და სასწავლებელთა შენახვისათვის საჭირო არის ხაზინა; საქართველო არს ღარიბი სამეფო, და სხვა რომელი სახელმწიფო გვენდობა ჩვენ ვალად. _ გარდა ამისსა, საქართველო არს დაგლეჯილ ნაწილ_ნაწილად. ალექსანდრე მეფის შემდეგ, რომელმანცა განუსჯელად განჰყო საქართველო, _ ქართლი, კახეთი, იმერეთი, საათაბაგო, გურია (აბხაზეთი_გადახაზულია, _ჯ.კ.) _ მის დროს აქამომდე იყვნენ ურთიერთის მტერნი და სისხლი ინთხეოდა მოუწყვეტელ. აწ ძლივს შეერთდნენ და ამიერითგან უნდა შეერთხორცდნენ და შეადგინონ ერთი მთელი: წებოთი მიკრული არ დასგების დიდ ხანს, თუ მზე არ შეაერთებს და არ შეადუღებს მას. ჩვენი მზე არს დრო; დრომან უნდა განგვანათლოს, გვასწაოს ურთიერთთა და მამულისა შეყვარება და შეგვაერთოს ერთითა გულითა, ერთითა ფიქრითა ყოველნი ნაწილნი ძველისა საქართველოისანი; მაშინ იქმნების, თუმცა არა ფრიად ძლიერ, ვითარცა სხვანი სახელმწიფონი, _ გარნა შემძლებელ დაცვად თვისისა სამზღვრისა. გარეშემოზღუდულ არს რა საქართველო მტერთაგან, ჯერ_არს, რათა ყოველი ქართველი აღინთოს მამულის სიყვარულითა და თვითოეულმან აღირჩიოს გზა ლეონიდისა. ღმერთი არს მოწამედ, რომელ მთლად ქართველთ არ უყვარსთ ეგოდენად მამული თვისი, რაოდენაც მე მარტოს, ასე რომ, თუ სიკვდილითა ჩემითა შეიცვლებოდეს საქართველოს მდგომარეობა ესრეთ კეთილად, ვითარცა მსურს მე, წამსვე ამას სიხარულითა გადავვარდებოდი ფანჯრიდამ სასიკვდილოდ. _ კვალად ვამბობ, რომელ დრომ, დრომ უნდა აღადგინოს საქართველო.~[10] დრომ უნდა აღადგინოს საქართველო! დროს უნდა აღედგინა საქართველო! ასეთი იყო ილია ჭავჭავაძის, ვაჟა_ფშაველას, სამოციანელების, ქართველი ~ნაციონალისტების~ და, ერთობ, ქართველი სოციალური და ინტელექ­ტუალური საზოგადოების ელიტის აზრი. მაგრამ დრო თავისთავადი მკურნალი არ არის. როდესაც დროზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმ დროს, რომელიც სწორედ სამიზნე ~ხარჯს~ წარმოადგენს, ანუ იმ ძალისხმევას, რომელიც განუწყვეტელს ხდის დროის დინებას, აერთიან_ამთლიანებს ყოველი ადამიანის პიროვნულ ძალისხმევას მიმართულს საერთო მიზნისაკენ, რომელიც ქმნის იმ ველს, რომელშიდაც წარმოიშობა საზოგადოებრივი ენერგია, როგორც ეროვნული ენერგიის ფორმა. დავუკვირდეთ გამოთქმებს, რომლითაც ესოდენ მდიდარია ჩვენი ენა: ~დროის ხარჯვა~, ~დროს გაყვანა~, ~უქმი დრო~ და ა. შ. ჩვენ რომ ჩვენსავე ენასთან (ანუ კულტურასთან) საუბარი შეგვძლებოდა, ადრევე გავიგებდით, რომ ~დროს უქმად ვხარჯავთ~ _ მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმოძრაობთ: სოციალისტურად..., საკოლმეურნეოდ..., პროლეტარულად..., სტახანოვურად..., კომუნისტურად..., ეროვნულად! _ ყოველთვის იმის საწინააღმდეგოდ, რასაც მოითხოვდა ჩვენგან მიზანი, თუ, ცხადია, იგი არსებობდა ჩვენში. რადგან, ყოველივე ეს _ საქმე არ არის! საქმე, რომელიც ერთადერთია კრიტერიუმი იმისა, თუ ვის უქმად უხარჯავს დრო და ვის არა; რა დრო დახარჯულა უმიზნოდ და რა არა; ვის ჰქონია მიზანი ქვეყნის რგებისა _ და ვის არა; ანუ ვინ ქცეულა ამ აღმდგენელი დროის ნაწილად და ვინ _ არა!... სწორედ ამას გულისხმობდნენ ჩვენი დაფიქრებული წინაპრები, როდესაც აფორმულებდნენ ~დრომ უნდა აღადგინოსო საქართველო და ქართველები~. ილია ჭავჭავაძე თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს გენერალ აფხაზის სიტყვებს: ~რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ტყე_მინდორი, მთა_ბარი, მიწა_წყალი, ჰავა_ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება, ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა_თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ კი ასეთნი?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?... წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა. ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ახლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა_მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულითა და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა. გვჭირს_კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ...ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო_რა, _ შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული_კი თან გაგვიტანს, ფეხ_ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ_ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველივე ამისათვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?... რა გითხრათ? რით გაგახაროთ? ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა_კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ_ნაღაროდ სთესავს, უბუკ_ნაღაროდ მკის. კოკისებურ, შხაპუნა ნიაღვარს_კი არა ჰგავს, რომ მთა და ბარი თან ცაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, ~მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია~. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თვითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა _ პატიოსანია, ნამუსიანია, და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ_გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო... არ ვიცით _ რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ _ რანი ვართ, ვერ გამოგვისახია _ რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან _ და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად... ვდგევართ და უღონოდა ვბზუით ~მე ვარ და ჩემი ნაბადიო~ და ამ ბზუილიდამ არა გამოდის_რა....~[11] იქნებ თავმობეზრებულმა ადამიანმა, რომელიც ზევითაღნიშნულ ბიპოლარულ ფსიქოპათიურ განწყობით ბადეში გახლართულა, კიდეც თქვას: რაღა დროს გრიგოლ ორბელიანი, გენერალი აფხაზი, ან ილია ჭავჭავაძე არისო... ალბათ მართალი იქნებოდა ეს ადამიანიც, ჩვენ რომ იმავე ადგილას, იმავე უფსკრულის პირად არ მიგვეყვანა ჩვენი თავი (თქმა არ უნდა, რუსეთის ხელშეწყობით! მაგრამ ჩვენივე თვითმოქმედებით!), რომლის წინაშედაც ილიამ დაინახა საქართველო 1897 წელს. ასე რომ, ეს ყოველივე ჩვენი წარსული კი არ გამოდის, არამედ ჩვენი სამომავლო სინამდვილე განჭვრეტილი ჩვენი წინაპრების მიერ. დრომ, რომელზედაც ისინი საუბრობდნენ, არ აღგვადგინა ჩვენ, რადგან იგი ჩვენთვის არ მდინარებდა, რადგან იგი ჩვენით არ იქმნებოდა. ორი საუკუნე ჩვენ წერტილოვან დროში ვიცხოვრეთ და იმ მცირედთა ძალისხმევა, რომელნიც ცდილობდნენ როგორმე გაეხსნათ და აემოქმედებინად ეს წერტილოვანი დრო, შეექმნათ ეროვნული ენერგიის ველი _ ჩაინთქა ამ წერტილოვან ~შავ ნახვრეტში~. და საქართველომ თავისივე ხელით უკვე მესამედ გამოიჭრა ყელი რუსეთის წინაშე. ~ურუსეთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია~... ახლა ეს ფატალური ~რწმენითი არსებობის~ ველი სხვა ფორმაში იჭერს ცნობიერებას: ~არა ვართ ღირსი თავისუფლებისა~, ~რანი ვყოფილვართ ქართველები?~ და გაუთავებლად მიწყდომა თვითგაზვიადების შოვინისტური ვაკუუმიდან: ~ქართველები მსოფლიოსათვის ცივილიზაციის უნივერსალური კანონების მიმცემნი, უგენიალესი...~ და ა. შ.; თვითდაკნინებისა და თვითგვემის ~შავი ნახვრეტისაკენ~: ~ეს რა ვყოფილვართ, რა ბარბაროსები, არაფრის ღირსი, საშინელება...~ და ა. შ. ესაა ახვრობა _ შესანიშნავი თბილისური გამოთქმით, _ ეს ნევრასტენიული აზვიადება_ჩაუკუნისება... ესაა წერტილოვანი ყოფა, უფსკრული, რომლის იქით აღარაფერი არ არის: წერტილში ხომ აზრი არ არის. წერტილს შეუძლია აზრი დაასრულოს, შეაჩეროს მდინარება, ~გაწყვიტოს სინუსოიდა~, მაგრამ თვით წერტილში სინუსოიდა არ არის, აზრი არ მიედინება, კავშირები არ იკვანძება. ამგვარ წერტილოვან ვითარებაში მოვიყვანეთ ჩვენ ჩვენი თავი ამ მიწყდომებით, და, თუ ახლა, სასწრაფოდ, არ ჩავრთეთ დრო, ის დრო, რომელზედაც ჩვენი ~შთამომავალ_წინაპრები~ მიგვითითებდნენ, ჩვენ მოვსპობთ მათთვის, ჩვენი შთამომავლობისათვის განკუთვნილ დროს და ე. ი. მოვსპობთ ქართველობასა და საქართველოს. შემდეგ ვისაც რამდენი სურს იმდენი იმოძრაოს, იმდენი უსწოროს ანგარიშები ურთიერთს და იმდენი იშვიროს ხელი დამნაშავის მიმართულებით (იგი ხომ ყოველთვის ~სხვა~ იქნება მაინც!). კითხვა: ~შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია ურუსეთოდ?~ _ ეს მეორადი კითხვაა და მოჩვენებითი ღირებულების. მე კითხვას ასე დავსვამდი: შეგვიძლია თუ არ შეგვიძლია ქართველებს და საქართველოს მკვიდრთ _ მოქალაქეებს _ ცხოვრება უერთმანეთოდ? და პასუხიც შესატყვისად გარკვეული იქნება: თუ შეგვიძლია უერთმანეთოდ, მაშინ არ შეგვიძლია ურუსეთოდ! ხოლო თუ არ შეგვიძლია უერთმანეთოდ _ მაშინ შეგვიძლია ურუსეთოდაც და შეგვიძლია რუსეთთანაც! _ ეს კითხვა მეორადი, პოლიტიკურად ტექნიკური მნიშვნელობისა ხდება. ~უერთმანეთოდ ყოფნის შეძლება~ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ვიყოთ წერტილები, შეგვიძლია დავწყვიტოთ და დავთხაროთ ის ისტორიული ფესვები, რომლებიც ქართველ ერს როგორც კულტურულ ერთობას ამთლიანებს დროის (თაობათა) ძალისხმევებში; შეგვიძლია უარი ვთქვათ იმ ღირებულებებზე, რომლებიც ასულდგმულებდნენ ჩვენს აობასა და რაობას, სახეს სძენდნენ, ფორმას აძლევდნენ, რითაც ქართველი _ ქართველობდა და საქართველო _ საქართველოობდა. თუ რომელიმე ჩვენგანს, ყოველს, და ჩვენ ერთად, უერთმანეთოდ ყოფნა შეგვიძლია, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ~შავ წერტილად~ სად დაგსვამენ? ან რომელ მელანში იქნები ამოვლებული: რუსულში, თურქულში, სპარსულში თუ... ნებისმიერ სხვაში. ~უერთმანეთოდ ყოფნა~ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ~ერი~ არ ვყოფილვართ და რაც ~გვიმოძრავია~, ის სულ დროის მოკვლა ყოფილა!.. ~ისტორიის~ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ~ისტორიამ~ შეცდომები არ იცის! რადგან ისტორია ადამიანთა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და არა ბუნებრივი პროცესი, რომელიც შეიძლება მთლიანად გამეორებულ იქნას იგივეობრივად (თუნდაც დასაშვები მიახლოვებით). ისტორიაში ის ხდება, რაც ხდება ადამიანური ძალისხმევით _ ერთჯერადად, და თუ მე თავშივე ვთქვი, რომ 211 წლის წინანდელ წერტილს დავუბრუნდით_თქო, ეს გამეორებას კი არ ნიშნავს მთელი პროცესისას, არამედ ჩვენს წინშე წამოჭრილი კითხვებისა და პრობლემების იგივეობას. ვითარება, რომელშიც ახლა ვართ სრულიად სხვაა, ხოლო კითხვებისა და პრობლემების იგივეობა კი მიუთითებს, რომ აუცილებელია, სასიცოცხლოდ აუცილებელიც, პასუხი გაეცეს ამ კითხვებს და გადაჭრილ იქნას ეს პრობლემები მთელი იმ გზის გათვალისწინებით და კრიტიკულად გაანალიზებით, რომელიც საქარველომ, ქართველმა ერმა და ყოველმა ჩვენგანმა, როგორც ინდივიდმა გაიარა ამ ორასი წლის განმავლობაში.[12] ისევე, როგორც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მაცხოვარი ამ ოცი საუკუნის წინ იშვა თუ არა, ნაზარეთში, ბეთლეემში იშვა იგი, თუ სხვაგან, ვთქვათ, საქართველოში, ან რუსეთში, ბაგებში, თუ მეფის სარეცელზე, იგი თუ დღეს, ახლა და აქ, ყოველ ჩვენგანში არ იბადება, ანუ, თუ არ თანხვდება ურთიერთს წამი მაცხოვარის ჩემს გარეთ არსებულ სივრცესა და დროში და ჩემში არსებულ სულიერ დროსა და სივრცეში (მეტაფიზიკურ ~შინაგან ადამიანში~) დაბადებისა,[13] ასევე, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენს ორასწლოვან, ან ოცდასამსაუკუნოვან, ისტორიას (და, საერთოდ, ისტორიას), თუ იგი ახლა და აქ, ჩემს არსებობაში არ იქნა განცდილი, კრიტიკულად გააზრებული და გაგებული. ისტორიის ღირებულება სწორედ ამგვარი კვლავ განცდა_გააზრებით გაგების შესაძლებლობაშია. ჩემამდე არსებულ დროსა და სივრცეში მომხდარის (ამ ხდომილებაში აზრის ხდომილებაც არის ჩართული, ყველა სიტყვა, ურთიერთობა, დამოკიდებულება, საქმე და მოქმედება და ა. შ.) ხელმეორედ უკვე ჩემში, ჩემს სულიერ დროსა და სივრცეში, ჩემს არსებობაში გაცოცხლებაში, ანუ თანაცხოვრებაში, თანახედვაში, თანაგანცდაში, თანაცნობაში, _ ხელმეორე ხდომილებაში; და პასუხიც დასმულ კითხვებსა, თუ წამოჭრილ პრობლემებზე, თანაცხოვრების ამ ძალისხმევით გაიცემა. ამას გულისხმობს კითხვა: შეგვიძლია თუ არა უერთმანეთოდ ცხოვრება? უერთმანეთოდ არა მხოლოდ ერთმანეთის გვერდით მოარსებე ფიზიკურ ადამიანებს გულისხმობს, არამედ იმ შინაგან ადამიანთა არსებობასაც მოიცავს, რომელთა შორის მეტაფიზიკური ღირებულებითი კავშირი დგინდება, ანუ მთელ კულტურულ სამეზობლო_საახლობლოს, ვისი ძალისხმევითაც შეიქმნა ქარ­თული სახლი და დაესახლა ქართული კულტურა. ნამდვილი კითხვა ასე უნდა დაისვას: ვის გარეშე არ შეგიძლია ცხოვრება? და არა ის, თუ ვისთან გინდა, და ან შეგიძლია, ცხოვრება! და თუ ჩვენ რადიკალურად არ შეგვიძლია ურუსეთოდ ცხოვრება, მაშინ ნათელია, რომ ჩვენ სრულიად თავისუფლად შეგვძლებია ცხოვრება უერთმანეთოდაც, თუგინდ რომ ინერციით ერთმანეთთან ცხოვრება გვერჩივნოს ან გვინდოდეს. და თუ ეს ასეა, მაშინ... ~რა გითხრათ? რით გაგახაროთ?~! შესაძლოა დიდად გასაკვირი არც ის იყოს, რომ ჩვენ აქამდე კრიტიკული ისტორია არა გვაქვს და ჯერ კიდევ ვნებივრობთ ისტორიით, როგორც ბავშვი თავისი ტკბილი საწუწნი ~ყიყლიყოთი~. ამგვარი რამ არც უჩვეულოა ცივილიზებულ ერთა ისტორიაში. ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, თუ რაოდენ მიზანმიმართული და იდეოლოგიზირებული ისტორიები იწერებოდა ევროპაში, ამერიკაში, სხვადასხვა ერებში, იმ პერიოდებში, როდესაც საჭირო იყო შენარჩუნება საკუთარი არსებისა და მეობისა, თვითობისა. ბოლოსდაბოლოს ისტორია და, მითუმეტეს, კრიტიკული, სრულიად ახალი მოვლენაა თავისთავად. ილია ჭავჭავაძისა და მის თანამდგომელთა ღვაწლი საქართველოში კრიტიკული აზრის დაფუძნებაში მართლაც დიდი იყო, მაგრამ ამ ძალისხმევამ ვერ, თუ არ, ჰპოვა გაგრძელება, ერთის მხრივ, იმ ეპოქის დადგომისა გამო, რომელიც მასობრივ ~ახვრულ~ ანტირეალობას და მის შესატყვისს ანტიაზროვნებას აფუძნებდა ცეცხლითა და მახვილით, ისაკუთრებდა არა თუ აზრს, არამედ აზროვნების შესაძლებლობასაც, და მეორეს მხრივ კი, და ეს არის განსაკუთრებით საინტერესო და გასაანალიზებელი, იმ შინაგან_ქართული თვისებებისა გამო, რომელიც ქართველ ადამიანს კრიტიკისათვის ~შეუვალს~ ხდიდა. ამ ფსიქოლოგიური შეუვალობის მაგალითად გავიხსენებ ერთ ფაქტს: 1982 წელს ქართველ ემიგრანტებში გამოვთქვი აზრი, რომ საქართველოს ისტორია თავიდან უნდა დაიწეროს და უნდა გადაფასდეს ყოველივე_თქო, განსაკუთრებით 1918_21 და მისი მომდევნო პერიოდისა დღევანდლამდე. ქართველ სოციალ_დემოკრატთაგან (~მენშევიკებიდან~) ისეთი ხმაურიანი წინააღმდეგობა შემხვდა, ვიფიქრე ნამდვილად რაღაცას მალავენ და ეშინიათ არ გამჟღავნდეს_მეთქი. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას აწყდებოდა და მიუღებელი აღმოჩნდა ჩემი აზრი, რომ ~ქართველებს არაფერი გასაჭირი არ ადგიათ, გარდა ზნეობრივი დაცემისა~. შემდეგში, ამ ფსიქოლოგიური კომპლექსის (რომელსაც ~ახვრული შეუვალობა~ შეიძლება ვუწოდოთ) ანალიზით მივედი დასკვნამდე, რომ ეს არის დღევანდელობის შიშის კომპლექსი. ჩვენ ისე სწრაფად და ისე ~თეორიულად~ შემოვიჭერით თანამედ-როვეობაში, და ისე ~ფატალურად~ მივიღეთ ცივილიზიციის მატერიალური ნიშნები, რომ ფაქტობრივად ავცდით იმ პროცესს ანუ ყოველდგიურ განუწყვეტელ ძალისხმევას აქ და ახლა დასმული ამოცანის გადაწყვეტაში, რომ თვით ამ ძალისხმევის წინაშე დაგვებადა შიში. ამიტომაც მოვნახეთ ~ძალისხმევის ველი~ _ ისტორია, ან ფსევდოისტორია, რომელშიც თავს იმად ვხედავდით, რაც გვაფრთხობდა დღეს, რაშიდაც არ ვუტყდებოდით არც ერთმანეთს და არც საკუთარ თავს. ~ისტორიოფრენია~ ვუწოდე მე ამ მდგომარეობას. ეს არ არის ~რომანტიზმი~. ეს არის სრუ-ლიად გარკვეული ფსიქოლოგიური კომპლექსი (~სინამდვილის შიშის~ მავალნიშნიანი კომპლექსი) და ფიქსირებული განწყობა, რომელიც იქცა ქართველი ერის დემორალიზების, კულტურული და სოციალური თვითნგრევის ფაქტორად. ამან განაპირობა საქართველოში ასე იოლად, თითქმის ტოტალური მასშტაბით, ~ადამიანური სახის~ ზნედაცემულობა, კორრუფცია და კულტურული გაახვრება. თაობათა ცვლა ფაქტობრივად ქართული კულტურის რადიკალურ ნგრევად გამოვლინდა. ვიდრე ჯერ კიდევ არსებობდნენ ისინი, ვისაც ძლიერი ჰქონდა ფესვი და იცოდა ქართული კულტურული ღირებულებების ნამდვილი ფასი, ვერც ტოტალურმა ტერორმა და ვერც იდეოლოგიურ_ბიუროკრატიულმა გამხრწნელმა სისტემამ ვერ მოახერხა ქართული სინამდვილის მოსპობა. ეს მოხერხდა მხოლოდ ახლა, უკანასკნელ ოც_ოცდაათწლედში (1960_იანი წლებიდან მოყოლებული) და თავის კულმინაციას მიაღწია 1988_1993 წლებში. ხშირად გაგვიგონია: ქართველები სხვის კარზე უდიდეს წარმატებას აღწევენო ყოველთვის! _ ფაქტია. და ეს ფაქტი, რაგინდ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვეულებრივ სწორადაა ახსნილი: ~აქ ერმანეთს ვჭამთ, გასაქანს არ ვაძლევთ, ურთიერთის გვშურს და ამასთანავე ყველას პირველობა გვინდა..; და სხვა~ _ ესეც სწორია. მაგრამ ეს გარეგნული კონსტატაციაა. ხოლო თუ გავაანალიზებთ და გამოვიკვლევთ ყოველივე ამის მექანიზმებს, დავინახავთ, რომ ყოველივე ეს თავს იკრებს სწორედ იმ კომპლექსში, რომელსაც სინამდვილის შიში ეწოდება. სინამდვილე ~აფექტური~ განწყობის ველი არ არის, თუმცა აფექტიც და აფექტური განწყობაც სინამდვილეა. სინამდვილე, ანუ ჩვენს თვალწინ და ჩვენი თანაჩართვით მიმდინარე პროცესი განუწყვეტელი ხდომილებისა, მოითხოვს ერთგვარ განყენებას ამ პროცესიდან, ანუ იმ სააზროვნო სივრცეს, რომელიც ამ ხდომილებათა ერთიან ჯაჭვში საზრისს აღმომაჩენინებს. თუ ამგვარი განყენება ვერ მოხერხდა და ე. ი., თუ აზროვნება არ მოხდა, ისე ჩემს თანაჩართვას ადგილი მხოლოდ აფექტურ და იმპულსურ ფორმაში ექნება და, რადგან აფექტიცა და იმპულსიც მომენტალურია, სინამდვილე წერტილოვანი და წყვეტილი ხდება. ამგვარ წერტილოვან სინამდვილეში კი საზრისი, ანუ ხდომილებათა ღირებულებითი კონფიგურირება, გაფორმება, არ ხორციელდება. ამგვარ სინამდვილეს სახიერება არ გააჩნია. იმისათვის, რომ ამგვარი უსაზრისო ყოფიერების კომპენსაცია მოახდინოს, ადამიანი ეძებს ~საზრისიან ველს~, უკვე გაფორმებულსა და ღირებულებით კონფიგურირებულს. ასეთად მას ხელში ეძლევა ისტორია. ამ მოვ­ლენის სიმეტრიულია კომუნისტური უტოპიური ფატალიზმი. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სარკისებურად, სწორედ კომუნისტური უტოპიის ტერორის პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა ~ისტორიოფრენიული~ კომპენსაციური კომპლექსების გამოვლინება. ამის მიზეზი ის არის, რომ მომავალს, წარსულისაგან განსხვავებით უტოპიურობის მკვრივი, ~ხელშესახები~ და გაუმჭვირვალე გარსი აკრავს. მაშინ როდესაც ისტორიას, ანუ წარსულს, ნამდვილობის გამჭვირვალე აპკი ფარავს: ისტორიისაკენ მიბრუნებული მზერის, როგორც ამ ისტორიის შედეგად წარმოქმნილის, არსებობა ხდება გარანტი თვით ისტორიის ხდომილებათა ნამდვილობისაც, _ ჩვენ ხომ ყველანი ჩვენი ~ისტორიის შვილები~ ვართ. ასე ექცევა ადამიანი ~ისტორიციზმისა~ და ~ისტორიოფრენიის~ ტყვეობაში და ~ფანტომურ ღირებულებათა~ თამაშში ებმება. ოღონდ დღევანდელი დღის უაზრო ყოფიერებიდან თავი დააღწიოს და არ გამოავლინოს ის ძალისხმევა, რომელსაც მისგან მოითხოვს ცხოვრება, ამგვარი ~ისტორიოფრენიული~ განწყობისათვის გაცილებით უფრო იოლი ხდება სხვის ჯიბეში ხელი ჩაჰყოს, სხვისი მიითვისოს, იქურდოს, იყაჩაღოს, თანამდებობა პირად საკუთრებად მოიხმაროს და სხვა, დავით აღმაშენებლის სადღეგრძელო დალიოს და სალაროდან საზოგადოებრივი ბიუჯეტი გაიტაცოს, ან მთლიანად სახელმწიფო ხაზინა; ეკლესიაში ილოცოს და საერთაშორისო დახმარების ფონდებიდან შავ ბაზარზე გადაიტანოს მოპარული დახმარება. მინისტრი იყოს და იაფად ნაშოვნ ხორბალში ძვირი შეაძლიოს, რომ მის ანგარიშზე ჩარიცხონ ~ნამეტი~ ფული, ელჩი იყოს და ჰუმანიტარული დახმარების გადასაზიდად ნახევარი თავისთვის მოითხოვოს და სხვა და სხვა. ყოვე­ლივე ეს ხდება საქართველოს ისტორიის, ქართული ქრისტიანული კულტურის და ქართველობის განდიდების ფონზე. ეს ეს არის უმძიმესი და შემარცხვენელი პერიოდი განვვლეთ, დამამცირებელი ომი გადავიხადეთ და აბა თუ ვინმეს, გარდა ~უბრალო~ ხალხისა, დაეტყო ეს? ხაზს ვუსვამ: მნიშვნელოვანი და გასაანალიზებელი სწორედ ისაა, რომ საქართველო და ქართველობა ძალიან სწრაფად, ფატალურად შემოვიდა თანამედროვეობაში, თითქმის ყველა მატერიალური პარამეტრებითა და ნიშნებით, გარდა იმ არსებითისა, რომელსაც უნდა დაედასტურებია ჩვენი ნამდვილობა ამ თანამედროვეობაში. ვგულისხმობ სწორედ პოლიტიკურ, სოციალურ, და შემოქმედებით ძალისხმევით განხორციელებულ ხდომილებათა პროცესს და მის წარმმართველ კრიტიკულ აზრს, რომლის გარეშე ამ ხდომილებათა ღირებულებითი რაობა მნიშვნელობას ვერ იძენს. ჩვენ არ აღმოგვაჩნდა არც ჩონჩხი და არც სხეული იმ ტანსაცმელის ქვეშ, რომელიც ჩამოგვაცვა თანამედროვეობაში ჩვენმა ~შემომყვანმა~ რუსეთმა და ახლა, როდესაც ეს გარსაცმელი შემოგვაძარცვა მანვე, გაოგნებული დავრჩით ჩვენივე თავის დანახვით: არა ჩონჩხი, არა კუნთები, არამედ ~რაღაც სხვა~ _ მკვრივი ქონი... ჩვენ ეს არ ვიცოდით დღემდე, რუსეთმა იცოდა, რადგან თვითონ იღწვოდა ამისთვის! კრიტიკული აზრის უქონლობა, ანუ ~რწმენითი არსებობის~ ფატალურ უტოპიური და ტოტალისტური ფორმიდან ვერგამოსვლა და ~გამაცნობიერები არსებობის~ ანუ კრიტიკულ რეალისტური და ~კონკრეტული საქმის~ ფორმაში ვერგადასვლა აფერხებდა და აფერხებს საქართველოს ნამდვილ არსებობას: პოლიტიკურს, სოციალურს, შემოქმედებითს (ცივილიზებულს), აფერხებს ჩონჩხის აგებას და კუნთების აწყობას. ნამდვილი სოციალური სხეულის ჩამოყალიბებას _ აქ და ახლა. ადამიანის სხეული, ან საზოგადოებრივი სხეული, ანუ ეროვნული სხეული, ბუნებრივი წარმონაქმნი არ არის _ იგი მეტაბუნებრივია. ეს ნიშნავს რომ იგი ყოველწამიერი ძალისხმევისა და მობილიზების შედეგად იქმნება და ამ ძალისხმევის მოდუნებისას იშლება. დრო, რომელიც საჭიროა ამ სხეულის შესაქმნელად, არაა ბუნებრივი დრო, აქ დაბადება ცხრათვიანი პროცესი კი არ არის, არამედ მეტადროში მომხდარი ხდომილება _ ნების კონცენტრაციითა და ძალის-ხმევით წარმოქმნილი და კონკრეტული საქმის ~სოციოტექნიკის~, ~პოლიტიკური ტექნოლოგიის~ ხელოვნებით განხორციელებული: ~დღე ერთი ვითარცა წელი ათასი~!... მაგრამ ჩვენ უკვე აქ და ახლა არა ვართ. ჩვენ 211 წლით უკან დავიხიეთ და იმ წერტილში აღმოვჩნდით, საიდანაც, თუ კარგად დავფიქრდებით, შეიძლება დავინახოთ ისიც, თუ რა გახდა ჩვენი ამგვარი უკუსვლისა და ბუნების ცვლის მიზეზი. ჩვენი სხეულის ჩონჩხისა და კუნთების ~მკვრივ ქონად~ გადაქცევის მიზეზი. ვცადოთ ამ გზის გავლა ხელმეორედ და იმავე პრობლემებით, რომლებითაც გაიარეს იგი ჩვენმა წინაპრებმა. და მოვნახოთ ის საერთო გეოპოლიტიკური ფონი, ის შესადარები ველი, რომელთანაც საერთოს გამონახვით უკეთესად გავიგებთ თუ სინამდვილეში სად ვართ, რა მდგომარეობაში ვართ, რა არ გავაკეთეთ და რა გავაკეთეთ, და რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ჩვენთვის დღეს: აქ და ახლა. კითხვა ჩვენ შეგვეხება და არა რუსეთს, ან თურქეთს, ან ირანს, თუ ~დასავლეთს~. და ამ კითხვას ჩვენვე უნდა გავცეთ პირდაპირი და დაუნ­დობელი პასუხი, თუნდაც რომ ამის შემდეგ ~პირში ბალახი ამოგვივიდეს~(ვაჟა). და ვიდრე ამ არსებით კითხვაზე არ არის გაცემული ყოველი მოქალაქის მიერ პასუხი, საკითხი: დავუკავშირდეთ თუ არა რუსეთს ეკონომიკური ხელშეკრულებით, პროტექტორატით, მთლიანად შევერწყათ მას, თუ ვიყოთ სნგ_ს წევრები, ან გვჭირდება თუ არა რუსეთი საერთოდ, და სხვა..._ მეორადი და ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ის მხოლოდ ტექნიკურ პრობლემათა რიგში დგება, რომლის ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტა არსებითად არაფერს არ ცვლის ჩვენს მდგომარეობაში. II ~ბოროტებათაგან უმცირესი დავაკვირდეთ დასკვნას, რომელიც სამმა დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა გააკეთა: ~საქართველო მეფის რუსეთის კოლონიად იქცა. რა თქმა უნდა, ეს იყო ბოროტება, რომელსაც ქართველი ხალხი დაუღალავად ებრძოდა, ვიდრე მან, დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, თავისუფლება არ მოიპოვა. მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში ეს იყო მაინც უმცირესი ბოროტება: სამი მოქიშპე სახელმწიფოდან (რუსეთი, ირანი, ოსმალეთი) მხოლოდ რუსეთი, საქართველოსათვის მახლობელი რელიგიითა და კულტურით, იყო ის ერთადერთი პროგრესული ძალა, რომელსაც შეეძლო საქართველოს მიწა_წყლის გაერთიანება და ქვეყნის საწარმოო ძალთა განვითარებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. საქართველოს ისტორიაში ახალი ხანა დაიწყო. მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა უცხო, მტრული გარემოცვის გარღვევით დასრულდა და ქართველი ხალხი, რუსეთის მეშვეობით, საბოლოოდ დაუბრუნდა ევროპული განვითარების გზას.~ ( ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია: ~საქართველოს ისტორია; ნაწილი I; უძველესი დროიდან XIX საკუნის დამდეგამდე. მეორე გამოცემა, 1946 გვ. 419). ეს დასკვნა ამბობს, რომ: 1. საქართველო იქცა რუსეთის კოლონიად და ეს იყო ბოროტება. 2. ქართველი ხალხი დაუღალავად ებრძოდა ამ ბოროტებას. 3. რუსეთს შეეძლო საქართველოს მიწა_წყლის გაერთიანება და ქვეყნის საწარმოო ძალთა განვითარებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. და ამიტომ ეს იყო ~მცირე ბოროტება~. 4. საქართველომ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ თავისუფლება მოიპოვა. 5. (რუსეთის მეშვეობით) საქართველო დაუბრუნდა ევროპული განვითარების გზას. ამგვარი დაფორმულება დიდი ტერორის პირობებში და შემდეგ მისი უცვლელად გამეორება II მსოფლიო ომში გამარჯვებული ~დიდი რუსი ერის მიმართ~ დიდ ზნეობრივ ძალას ითხოვდა. არცერთი ამ დებულებათაგანი არ არის ყალბი და იდეოლოგიურად გამოთლილი. ყოველი მათგანი ნამდვილია და ადგენს ხედვის იმ კუთხეს, რომლიდანაც შეიძლება და აუცილებელიცაა საქართველოს ისტორიის გაანალიზება და საერთო (ეროვნული) ძალისხმევით განხორციელებულ ხდომილებათა პროცესის შეცნობა, დადგენა ამ ძალისხმევათა ნამდვილობისა. თავიდანვე მოცემულია ზრდილობის ტაქტიკა: რუსეთისათვის მადლობის გადახდა მიწა_ წყლის გაერთიანებისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის პირობების უზრუნველყოფისათვის, ევროპული გზის გახსნისათვის. კრიტერიუმიც ძალისხმევისათვის დადგენილია: თავისუფლება და ევროპული განვითარების გზა. არც ერთი ამ დებულებათაგან არ იწვევს ისეთ აღშფოთებას დღეს, როგორც მეოთხე. თუმცა მის ფაქტობრიობაში ეჭვის შეტანა უხერხულიც კი არის. 1917 წ. ოქტომბრის რევოლუციის (ან როგორც ახლა ვამბობთ _ გადატრიალების) შემდეგ, საქართველო თავისუფალი ქვეყანა გახდა _ 1918 წ. 26 მაისიდან _ 1921 წ. 25 თებერვლამდე! ხოლო საბჭოთა სისტემა საქართველოში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კი არა, 1921 წლის შემდეგ დაფუძნდა გარკვეული მიზეზებით, რომლებზედაც ავტორები აქ არაფერს ამბობენ, არც ევალებათ და, ალბათ, მეორე, ან მესამე წიგნში იტყოდნენ. მაგრამ ამ დებულების ფსევდონაციონალისტური და ~წერტილოვანი~ წაკითხვა მას სრულიად სხვაგვარად ~თარგმნის~: აი ივანე ჯავახიშვილმაც კი ~გაუგორა~ კომუნისტებს და თქვა რომ... და ა. შ.[14] ყველა თანახმაა, რომ საქართველოს გაერთიანება, შესაძლოა, ერთადერთი უდიდესი სიკეთე იყოს, რუსეთმა რომ მოიტანა _ ამას, თავისებური აზრით, ილია ჭავჭავაძეც ამბობდა, განსაკუთრებით მენშევიკები და, შემდეგ, კომუნისტები იცავდნენ. მაგრამ ეს თავისთავად ცენტრალისტური კონცეფციაა, რომელსაც, თავად ესაჭიროება კრიტიკული გაანალიზება, დასაბუთება და ცენტრალიზმის საგებლიანობის დადასტურება. ამის ნაცვლად, ქვეყნის გაერთიანება ერთი ცენტრალური ძალაუფლების ქვეშ (ტოტალიტარისტული მოდელირებით) ~თავისთავად ცხად სიკეთედ~ არის მიჩნეული. ამგვარად იმთავითვე მიღებულია, რომ საქართველომ მეცხრამეტე საუკუნეში, ეროვნული დამოუკიდებლობის არქონის პირობებში, შესძლო სამეურნეო_ეკონომიკური გაერთიანება და მით ერად ჩამოყალიბება _ სტალინის ფორმულის შესატყვისად. ~ასეთივე გზა განვლო მსოფლიოს ყველა კულტურულმა ხალხმა: ~იგივე უნდა ითქვას სხვა ერებზედაც, რომელთაც ფეოდალიზმის სტადია გაიარეს და თავიანთ ქვეყნებში კაპიტალიზმი განავითარეს.~ _ ამბობს ამხანაგი სტალინი.~[15] მე მინდა სწორედ ამ დებულებების კრიტიკული ანალიზითა და მათ მიერ მოცემული მიმართულებით გავაანალიზო საქართველოს ისტორია, რადგან თვით ამ დებულებებშია ჩადებული კრიტიკული მიდგომის მოთხოვნა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერაც არ არის განხორციელებული. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, საქართველოს რუსეთის კოლონიად გადაქცევა, თავისთავად ბოროტება, ~მცირე~ ხდება იმ მოსალოდნელ უდიდეს ბოროტებასთან შედარებისას, რომელიც შეეძლო მოეტანა საქართველოს ტრადიციულ მტრებს _ ირანსა და ოსმალეთს, აქ შესაძლებლობათა ერთმნიშვნელოვანი რიგი იგულისხმება და ისახება: საქართველოს განაწილება ირანსა და ოსმალეთს შორის; ქართული ქრისტიანული კულტურის დამ­ცრობა და მუსულმანიზაცია; საქართველოს როგორც ერის გაქრობა და ასიმილირება ირანელებსა და თურქებში. ბუნებრივია, რომ ამ პერსპექტივის წინაშე რუსეთის კოლონიად გახდომა არა თუ მცირე ბოროტება, არამედ ~დიდი ბედნიერებაც~ იყო _ ამ დებულებასაც დაუდგება თავისი დრო საქართველოში და მთქმელიც გამოუჩნდება. მაგრამ აქამდე ჯერ შორსაა. ვნახოთ საქართველოსათვის ამ დიდი საფრთხის ნამდვილი ხასიათი და განვიხილოთ ის ვითარება, რომელშიც საქართველო და მისი ნაწილები საქართველოს მოსახლეობასთან ერთად აღმოჩნდნენ. ამავე დროს ის ფონიც, რომელზედაც ეს დიდი საფრთხე ცხადდებოდა. რას წარმოადგენდა საქართველო მეთვრამეტე საუკუნის დასასრულისათვის? არსებითად ისტორიკოსთა შორის ამ საკითხის ირგვლივ დიდი წინააღმდეგობა არ სუფევს და მათი აზრის დაფორმულება ასე შეიძლება: საქართველო მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და დასასრულს იყო დაქუცმაცებული ქვეყანა, ეკონომიკურად ჩამორჩენილი, მტრებით გარშემორტყმული და შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე. მთავარი კი ის არის, რომ საქართველო, საერთო აღიარებით, ამ დროს თითქმის დემოგრაფიული კატასტროფისა და გაჩანაგების პირად იყო მისული. ტრაგიკული სურათია. მაგრამ არის თუ არა იგი ნამდვილი? მე ვფიქრობ, და შევეცდები დავამტკიცო, რომ არა. ამ სურათს, რომელიც შემდგომი მოვლენების მიზეზად და ფონადაა გამოყენებული ნამდვილობა და ფაქტობრიობა აკლია. მივმართოთ იმავე წიგნს, საიდანაც ჩვენთვის საინტერესო და იტორიული კონცეფტუალური ღერძის მნიშვნელობის მქონე დასკვნა ამოვიღეთ. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარშიც საქართველო ქართლ_კახეთის და იმერეთის სამეფოებად, აფხაზეთის, ოდიშისა, გურიის სამთავროებად, და სვანეთად იყო იყო დაშლილი. საქართველოს სახელმწიფოს ეს ყოფილი მხარეები, ამ პერიოდისათვის დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენდნენ, დამოუკიდებელ პოლიტიკას ანხორციელებდნენ და თავ_თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესები ჰქონდათ. მთავარი საკითხია: როგორ სახელმწიფოებრივ სისტემებს წარმოადგენდნენ ეს დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები და იყვნენ თუ არა ისინი ქართული კულტურის ერთობლივი მატარებელნი. უკანასკნელ კითხვას თითქოს პირდაპირ სცემს დადებით პასუხს საქართველოს მეფე მთავართა მიერ 1790 წელს დადებული ~საუკუნო პირობა~, რომელშიც ~ნათესაობასთან~ ერთად ხაზგასმითაა მითითებული საქართველოს ნაწილთა ერთობის რელიგიურ_ეკლესიური და კულტურული საფუძველიც. დღეს სავსებით ნათელია, რომ ქართველური ეთნო_ბირთვების განსახლების არე ფარავს იმ ტერიტორიას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში თავსდებოდა სხვადასხვა დროს, ე. ი. დაახლოებით მთელი სივრცე სამხრეთ კავკასიისა და ანტიკავკასიისა ანატოლიამდე. თავისთავად ამ ფაქტის კონსტატაციას არც ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორსაც მიაწერენ ~ისტორიცისტები~ და ~ისტორიუფრენიით~ შეპყრობილები. მნიშვნელოვანი არის არა ეთნო_ბირთვების, არამედ რელიგიურ_საეკლესიო და კულტურული ბირთვის არსებობა, რადგან ეთნო_ბირთვი, როგორც ერის მატერიალური სუბ­სტრატი, დენადი და ცვალებადია. ამ თვალსაზრისით, დღეს ~გენეტიურად სუფთა ერები~ არ არსებობენ. საქართველო ეთნიურად კი არ წარმოიშვა ქართლიდან, რომელიღაც ~ქართის~ ტომის ექსტენსიური განვრცობით, ანუ სხვა ტომთა დაპყრობით, არამედ ქრისტიანული რელიგიისა და კულტურის ქართლიდან, როგორც ამ კულტურის სულიერი ცენტრიდან განვრცობით. საქართველო იქმნებოდა ქართველური ტომების მიერ ჯერ მაზდეანური (სპარსული) და, შემდეგ, ქრისტიანული (ბერძნული) კულტურის და ამ კულტურის ცენტრიდანული ენის _ ქართულის ათვისების და მის ხდომილებაში თანამონაწილეობის გზით და არა რომელიღაც ეთნობირთვის პოლიტიკური ექსპანსიის საფუძველზე. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ სა­ქართველოს საქართველოებიდან შექმნის შესახებ ერთ კულტურულ ნიადაგზე. კულტურის ენა არ თანხვდება ეთნოსის ენას. კულტურის ენა ზე_ეთნოსური წარმონაქმნია და ამ თვალსაზრისით იგი რელიგიასთან ავლენს კავშირს. ამ აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ კულტურულად ქართველები ყალიბდებოდნენ მაზდეანური სპარსეთის და ძველი ბერძნების ძლიერი გავლენის ქვეშ (რომ არაფერი ითქვას წინარე ეპოქებზე) და გარკვეულად ჩამოყალიბდნენ, თუ დავუ­ჯერებთ ქართლის ცხოვრებას, ელინისტურ ეპოქაში. სწორედ ქართული კულტურის ელინისტური ხასიათი ხდება ყველაზე შესამჩნევი უახლოესი დაკვირვებისას. საქართველოების ~ქართული იდენტურობა~, რომელიც პოლიტიკური დაშლილობის ეპოქებშიც საქართველოს ერთიან სახეს უნარჩუნებდა სწორედ ამ კულტურულ საფუძველზე დგინდებოდა. ეს აძლევდა საფუძველს ძველ ისტორიკოსებსაც ელაპარაკათ ~ქართულ სახლზე~, რომელიც XV საუ­კუნის სომეხი ისტორიკოსის თომა მეწოფელის განმარტებით შედგებოდა 8 ტომისაგან: ქართების (~ვრაცები~), იმერლების, მეგრელების, სვანების, აფხაზების, მესხების, დვალების და ოსებისაგან~[16]. საბოლოო სახით ეს ქართული ელინისტური კულტურული ბირთვი, რომელმაც ~საქართველო~ შექმნა და შეინარჩუნა, ქრისტიანულ კულტურად გასრულდა და ასეთად რჩებოდა იგი მეოცე საუკუნის გასწვრივაც, თითქმის სამოციან წლებამდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებსა, თუ ნაწილებში, ქრისტიანული კულტურა ერთგვარ დიფერენცირებულ სპექტრს იძლევა, შესაბამისად ამ ნაწილთა და კუთხეთა ~ეთნო~ და გეოპოლიტიკური თავისებურებებისა, ქართული ქრისტიანული კულტურა სავსებით ფარავს იმას, რასაც ~საქართველო~ ეწოდება და რისი განსახლების ველიც კავკასიონითა და ანტიკავკასიონით არის მოსაზღვრული. ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში ყალიბდებოდა საქართველოს სხვადასხვა ნაწილთა, ეთნოსთა და ტომთაგან ქართული სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს შინაგანი ღერძი გეოპოლიტიკურად იკითხება როგორც მტკვრისა და რიონის გეოპოლიტიკური ჰორიზონტალი, რომლის მიმართ არის მისწრაფებული ქართული გეოპოლიტიკური ერთეულები. ამ თვალსაზრისით ეს ღერძისკენული ენერგია არის მთელი გეოპოლიტიკური სივრცის ბუნებრივი მაკავშირებელი, ~დამჭერი~. ეს გვესახება საფუძვლად საქართველოს ბუნებრივი ერთიანობისა შინაგანი დიფერენცირების საკმაოდ მაღალი რეგისტრით. ეს დიფერენცირება გამოწვეულია საქართველოს ნაწილთა ლოკალური ტერიტორიის გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური(სოციალურ_ეკონო-მიკური და ეთნო_კულტურული) კონფიგურაციით: ბარი_ზეგანი_მთა. საქართველოს შინაგანი დიფერენცირება, და სოციალურ _ ეკონომიკური, თუ პოლიტიკური, რეგისტრებისა და ფორმების განსხვავება, არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ბუნებრივი გაერთიანების ხელისშემშლელი პირობა. ამ ბუნებრიობას ეყრდნობოდა სწორედ ქრისტიანულ_კულტურული ერთობა საქართველოსი. და ეს მართალია გამუსულმანებული საქართველოს რეგიონების მიმართაც. ამ რეგიონებში, მიუხდავად მათი სხვა სახელმწიფოში ჩართვისა საუკუნეთა (ე.ი. თაობათა!) მანძილზე და რელიგიის შეცვლისა (გამუსულმანება), ცხოვრების ყაიდისა და კულტურის ქართული ხასიათი ჯერ კიდევ მკაფიოდ ჩანს. საქართველოს ისტორია, არსებითად, ეს არის ~ქართული სახლის~ ისტორია, რომელიც გარკვეულწილად ~კავკასიური სახლის~ მოდელირების ტენდენციას იჩენს. ამ ~ფუძე სახლს~, ქართულს, ხან აკლდება რომელიმე წევრი, ხან უერთდება. საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის ისტორიას, როგორც დაპყრობათა განმცდელი ნებისმიერი ძველი სახელმწიფოს ისტორიას, წყვეტილობები აქვს, მაგრამ ~ქართული სახლის~ გეოპოლიტიკური და კულტურული მაკავშირებელი იდეა, უკანასკნელ დრომდე, იმდენად ძლიერი იყო, რომ ბუნებრივად წარმოშობდა ახალ ენერგიას წყვეტილი ჯაჭვის გასამთელებლად. ამიტომაც ასე ბუნებრივად აღვიქვამთ 1790 წლის საქართველოს მეფეებისა და მთავრების მიერ დადებულ ერთობის ~საუკუნო პირობას~: ~ვინაითგან ყოველივე ივერიელთა, მსახლობელთა სამეფოისა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთმორწმუნება, არიან ძენი ერთის კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვრობით შეკრულთა ურთიერთთა შორის, ამისთვის ჩვენ ზემოხსენებულნი ქვეყანათა ივერიისათა მეფენი და მთავარნი დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა, სახელითა ყოვლად ძლიერისა ღმერთისათა, აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა~... მაგრამ ეს შესანიშნავი ~საუკუნო~ ტრაქტატები სინამდვილეში უკვე სრულიად სხვა ვითარების ფონზე იწერებოდა და გამაფრთხილებელ საგანგაშო ზარად ჟრერდა; იგი მოითხოვდა სულ სხვა ხასიათის ენერგიას, კონკრეტულ საქმეს, სოციოტექნიკას და პოლიტიკურ ტექნოლოგიას, და, რაც მთავარია, სინამდვილის ხედვას, ვიდრე საქართველოებში არსებობდა. ცხადი ნიშანი ამ ენერგიის დაქვეითებისა და ე.ი. ~ქართული სახლის~ მამთლიანებელი კულტურული იდეის გაუფერულებისა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში და მეოცეს დასაწყისში ჩნდება. შემდგომში, ჯერ მენშევიკების და შემდეგ საბჭოთა ეპოქაში, ეს ენერგიაცა და ეს იდეაც იმდენად სუსტდება, რომ თვითმომსპობ ენერგიას და მისწრაფებას წარმოშობს. მაგრამ კითხვაზე, რომელიც ადრე დაისვა, მიღებული ისტორიული სურათის ნამდვილობის შესახებ, ეს ყოველივე პასუხს არ სცემს. სურათი, რომელიც აღნიშნულ, და ყველა სხვა, წიგნებშია მოცემული, სრულიად სხვა დასკვნის საშუალებას იძლევა. საკმარისია ჩამოვთვალოთ ის პოლიტიკური წარმატებანი, რომელიც ქართლ_კახეთის სამეფოს ჰქონდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, რომ აღნიშნულმა ~სრული მოსპობის საფრთხემ~ სრულიად სხვა განზომილება მიიღოს. ერეკლე მეორეს სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის არაკრიტიკული შეფასების საფუძველი, უდავოა, რუსეთთან დადებული ხელშეკრულებაა, და მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე ~არაფრისაკენ ისე არ მიისწრაფოდა, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ~, ერეკლესეული გაგება ევროპისა, და რუსეთისაც, საკმაოდ შორს იყო ევროპული სინამდვილიდან და ევროპაში შექმნილი მდგომარეობის გაცნობიერებიდან, ისევე, როგორც ერეკლესეული რეფორმები. საკითხავია, რა პირობები არსებობდა საქართველოებში (აღმოსავლეთსა თუ დასავ-ლეთში) რეალური სოციალური და პოლიტიკური რეფორმების ჩასატარებლად? არსებობდა თუ არა ის კლასი (ან კალასები), რომლებზედაც დაყრდნობით შესაძლებელი იყო რაიმე რეფორმების ჩატარება, ანუ ესაჭიროებოდა თუ არა ეს რეფორმები ვინმეს, გარდა თვით სამეფო ხელისუფლებისა? ამ კითხვებზე იდეოლოგიურად ორიენტირებული პასუხის გაცემა არაფერს არ მოგვცემს. ფაქტი ის არის, რომ საქართველოში არ არსებობდა იმგვარი კლასი, რომელსაც ამ რეფორმების საჭიროება და მოთხოვნილება ექნებოდა. ყოველივე რჩებოდა ~ძველ~ ჩარჩოებში და დინასტიურ თვითდაფუძნებას ემსახურებოდა. ერეკლეს მხოლოდ სამხედრო დახმარება ესაჭიროებოდა ამიერკავკასიაში პირველობის მოსაპოვებლად და განსამტკიცებლად, თავისი შინაური, თუ გარეული მოქიშპეების მოსარევად და ირან_ოსმალეთის მოძალების სამუდამოდ შესაჩერებლად. ამგვარ დახმარებას კი, თანამედროვე პოლიტიკურ ვითარე­ბაში, საქართველოს უსასყიდლოდ არავინ მისცემდა. ამიტომაც არაფერი გამოდიოდა დასავლეთ ევროპის ხელმწიფეებისადმი პირდაპირი მიმართვისაგან. რუსეთსა და ირან_ოსმალეთს შორის რუსეთის არჩევა სწორედ იმით იყო გაპირობებული, რომ რუსეთი ამ სასყიდელს თითქოს არ ითხოვდა. ის საქართველოს ეხმარებოდა როგორც ~ერთმორწმუნე ქრისტიანული~ სახელმწიფო. ამ კრიტერიუმებით მოქმედ ერეკლე II, რასაკვირველია, ~პოლიტიკოსი~ ძნელად დაერქმევა, მიუხედავად მისი პიროვნული სიდიადისა. აქ უნდა შევეხოთ ერთ საკითხს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი ორსაუკუნოვანი ისტორიული პროცესის შესაცნობად. * მეთვრამეტე საუკუნის ევროპასა და საქართველოებს შორის დიდი გასნსხვავებაა. ზედაპირული სქემებით, შესაძლოა, ხერხდებოდეს ამ განსხვავებათა ნიველირება და საქმის ისე წარმოდგენა, თითქოს საქართველო დაახლოებით ისეთივე განვითარების გზით მიდიოდა, როგორც ევროპული სახელმწიფოები, ან მთლიანად ევროპა. ვთქვათ ურთიერთაშლილობა, პოლიტიკური და სოციალური (~კლასთა~!) ~ბრძოლა~ და სხვა... მაგრამ ის, რაც ეჭვს არ იწვევდა თუნდაც მეთექვსმეტე საუკუნემდე, და მეათე_მეცამეტე საუკუნეებისათვის ხომ უდავოა, არავითარ სინამდვილეს არ შეესატყვისება აღნიშნული დროისათვის... მეთვრამეტე საუკუნის საქართველოები იმდენად არიან აცდენილები ~ევროპულ გზას~, რომ ძნელი გამოსაცნობი ხდებიან ევროპისათვის. ეს იყო ~რწმენითი არსებობის~ განწყობით ველში დაჭერილი, შინაგანი განვითარების (საჭიროების) იმპულსებს მოკლებული ქვეყნები, რომლებიც მეტნაკლებად თვითკმარ ~საპურმარილო~ მეურნეობას მისდევდნენ და ურთიერთსა, თუ გარეშე მტერთან, რომელსაც საუცხოო პირობები ექმნებოდა მათ დასაპყრობად, განუწყვეტლივ ~ისტორიულ~ ქიშპობასა და ომში იყვნენ, ხოლო ომთაშორის პერიოდებში კი ~ისხდნენ და ელოდნენ~... მეთვრამეტე საუკუნის ევროპა _ ეს არის განმანათლებლური ევროპა, რომელმაც შექმნა პირობა ფატალურ ~რწმენითი არსებობიდან~, კრიტიკულ ~გამაცნობიერებ არსებობაზე~ სრული გადასვლისა ე. ი. ევროპული ცივილიზაციის თანამედროვე სახის შექმნისა.[17] საკმარისია გადავხედოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე პიროვნებებს, რომ ნათელი გახდეს თუ გონების როგორი ძალისხმევით ხდებოდა ევროპაში ახალი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გზის ძიება. ახალი აზროვნების ფორმისა და მეთოდების დაფუძნება, ახალი სტილის, ახალი კულტურის შუქნიშანთა ძიება. რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ესთეტიკა, მორალი, კანონი, საზოგადოება, სახელმწიფო, პოლიტიკა, ეკონომიკა,.. არ დარჩენილა არცერთი საკითხი ადამიანის პიროვნული თუ სოციალური არსებობისა, რომელიც ახალ სინათლეში არ ყოფილიყო გაშუქებული არა რომელიმე ერთ ევროპულ ქვეყანაში, არამედ მთელს ევროპულ სივრცეში[18]... ჩვეულებრივ ისტორიას სამი ასპექტით განიხილავენ: პოლიტიკურით, სოციალურით და ეკონომიკურით. მეოთხე ასპექტად გამოყოფილი ~კულტურა~ ან ~ცივილიზაცია~ არსებითად მაინტეგრირებელი ფაქტორია. იგი ამ სამივე ასპექტს ერთ მთლიანობაში წარმოგვიდგენს. როდესაც ვამბობთ მეთვრამეტე საუკუნის ევროპული (ან რომელიმე ქვეყნის) კულტურა, ვგულისხმობთ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კულტურათა ერთობას, რადგან ყოველი ეს ისტორიული ასპექტი ადამიანის ყოფიერების ძალისხმევისა, წარმოადგენს კულტურის (ცივილიზაციის) ფორმას. ადამიანის ძალისხმევა ბუნებრივად არის მიმართული კულტურის ცივილიზაციად გასრულებისაკენ. სხვა ვექტორი ადამიანის ყოფიერებას არა აქვს. ამ ძალისხმევას ინტეგრალურად მოქალაქეობა შეიძლება ეწოდოს, ამ სიტყვის როგორც სოციალური, ასევე რელიგიური (ქრისტიანული) თვალსაზრისით (რაც გამოხატულია ორისავ ქვეყნის ~ცხოვრებასა და მოქალაქეობაში~). ამ ძალისხმევით წარმოქმნილ ხდომილებათა სხვადასხვა ფორმას წარმოადგენს ის, რასაც ეწოდება: ა) პოლიტიკური კულტურა (პოლიტიკა), რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის (სახელმწიფოს) შინაგანი მოწყობის სისტემასა და სხვა სახელმწიფოებთან (ქვეყნებთან) ურთიერთობის ფორმებსა და მეთოდებს წარმოადგენს გარკვეული მიზნით წარმოებულს. ეს მიზანი თავისი არსებით სხვა არაფერია, თუ არ მოცემული ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის (წონასწორობისათვის) წარმოებულ ძალისხმევათა სისტემა. პოლიტიკური კულტურა სწორედ კულტურის პოლიტიკურ ასპექტზე მიუთითებს და იმ მეთოდებსა და საშუალებებზე, რომლებითაც არსებითი მიზანი პოლიტიკოსობისა განხორციელდება. აქ ყოველივეს განსაზღვრავს მიზანი და საშუალებები, რომლითაც ეს მიზანი მიიღწევა. მაღალი (განვითარებული) პოლიტიკური კულტურა გულისხმობს, რომ მიზანი მიიღწევა უმცირესი საფასურის გადახდით. ეს უნივერსალური კრიტერიუმია პოლიტიკისა. ამავე დროს, პოლიტიკური კულტურა გამოავლენს იმ რეგლამენტაციებსაც, რომლებიც ინტეგრალურად არსებობს კულტურაში და ცხადდება როგორც კანონი (ანუ წესი და რიგი), ამ სიტყვის არა მხოლოდ იურიდიული(სამართლებრივი), არამედ რელიგიური აზრითაც; ბ) სოციალური კულტურა, ანუ ის საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმები, რომლებიც განსაზღვრავენ მოცემულ ქვეყანაში (სახელმწიფში) მოსახლე ყოველი ადამიანისა და ერთობის ურთიერთობის ფორმებს, სისტემას და სტრუქტურას ამ ურთიერთობებისა და იმ რეგლამენტირებებს, რომლებითაც ადამიანთა ქცევას (ფართო გაგებით არსებობისა და შესაქმისა) გარკვეული სახე ეძლევა. სოციალური კულტურა ურთიერთობრივ ხდომილებათა ის ველია, რომელშიც და რომლითაც მოქმედებს და სახიერდება ადამიანი როგორც შესაძლებლობა და როგორც სინამდვილე. სოციალური კულტურა, როგორც ურთიერთობათა სისტემა, რომელსაც თავისი სტრუქტურა გააჩნია, კულტურის ყველაზე მომცველი გამომხატველია. კულტურა, როგორც ღირებულებათა ველი, სწორედ სოციალურ კულტურაში სახიერდება, რადგან მხოლოდ სოციალურ ფორმაში ხდება ადამიანის ადამიანად გახდომის შესაძლებლობათა რეალიზება, რაც, არსებით, ღირებულებითი რეალიზაცია არის. სოციალური კულტურის არსებობის ფორმა განსაზღვრული არის მოცემული ინდივიდისა, თუ ერთობის, სახლობის არით, ანუ გეოპოლიტიკურად. სოციალური კულტურის დახვეწა (განვითარების, ამაღლლების) ერთადმოსახლეობის გენუწყვეტელ პროცესს გულისხმობს. ამ პროცესში ხდება გარკვეულ ინდივიდუალურ ინტერესთა და მიზანთა ღირებულებითი იერარქიის დადგენა და საარსებო წონასწორობა მიიღწევა. სოციალურ კულტურის სიმაღლის (დახვეწილობის) კრიტერიუმიც საფასურით განისაზღვრება: რა საფასურს იხდის ინდივიდი ან ერთობა თავისი შესაძლებლობებისა და მისწრაფებების განსახორციელებლად. მაღალ სოციალურ კულტურაში ეს საფა-სური შინაგან კანონს (წესს და რიგს) ექვემდებარება და არა გარეგან განსაზღვრულობასა და რეგლამენტაციებს. თვით ეს გარეგანი სოციალური კანონი (ნორმატიულ_კონვენციონალური სამართალი, ტრადიცია და ა. შ... წესი და რიგი ურთიერთობებში) რომელსაც ზრდილობა ეწოდება ქართულად, განსა­ზღვრულია ქცევის ღირებულებითი სკალით და სოციალური ველის წონასწორობის დაცვისკენაა მიმართული. სოციალური კულტურის განვითარებასთან (დახვეწასთან), ანუ ზრდილობის სრულქმ-ნასთან, ერთად ხდება ამ გარეგანი, კონვენციონალური კანონით განსაზღვრული ქცევის ღირებულებითი სკალის შინაგან (სოციალურად ბუნებრივ) კანონად გასრულება. სოციალური კულტურის მიზანი, არის სწორედ იმგვარი ველის შექმნა, რომელშიც მოცემული პიროვნება და ერთობა შინაგანი კანონის მოთხოვნით არსებობენ ურთიერთთან და ურთიერთის მიმართ, და არა გარეგნულით. ამ შინაგან კანონს, ბუნებრივია, ~შინაგანი ადამიანი~ შეესატყვისება, ~შინაგანი ადამიანი~ ფლობს. ამ ~შინაგან ადამიანს~, ანუ სულიერ ადამიანს, რომელიც ნამდვილია, ანუ არის ის რაც არის, იცის ის, რაც იცის და იცის რას აკეთებს, არ არის ~ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული~, აქვს ~გულის მორჩილება~, რომელიც მისი ქცევის განმსაზღვრელია. ამ ~გულის მორჩილებას~ სხვაგვარად ცოდნა ეწოდება. ეს ცოდნა, როგორც ~შინაგანი ადამიანის~ განათლებულობა, მოქმედებაში, საქმეში და საქციელში სახიერდება და არა წარმოთქმაში. სწორედ ამ ~შინაგანი ადამიანის~ სიდიდე_სიმცირეზე და დახვეწილობაზე არის დამოკიდებული სოციალური კულტურის სიმაღლე და დახვეწილობა. ეს კი გულისხმობს, რომ არსებობს სოციალური კულტურის ხელოვნება, ამ სიტყვის ძველბერძნული გაგებით, ანუ ~სიკეთეში ყოფნის ოსტატობა~, სოციალური და პოლიტიკური კულტურის ქმედების ფორმა, ანუ ტექნიკური წესების ცოდნა მიყვანილი ბუნებრიობამდე. ზრდილობის სრული შინაარსი, რომელიც სოციალურ ქცევასთან ერთად აღზრდასაც მოიცავს და განათლებასაც, სწორედ ამ ~ტექნეს~, ანუ ხელოვნების შინაარსს თანხვდება...; გ) ეკონომიკური კულტურა, ანუ შრომის, წარმოების, რეალიზაციისა და მოხმარების სრულყოფის კულტურა. იგი წარმოადგენს ჩვევების, კანონების (ანუ წესების, როგორც დაწერილის, ასევე დაუწერელის,) და საურთიერთობო ხელოვნების (ტექნიკისა) სისტემას, რომლითაც მოცემული საზოგადოება და მისი თვითოეული წევრი ქმნის თავისი არსებობის სასიცოცხლოდ აუცილებელ მატერიალურ და მეტამატერიალურ პროდუქტს და მისი ურთიერთგაცვლით ქმნის კერძო(ინდივიდუალურ) და საერთო (საზოგადოებრივ) საცხოვრის_საარსებო ველს. ამ საარსებო ველის შესაქმნელად ადამიანი (საზოგადოება) გა­მოიყენებს როგორც თავისი განსახლების არეში არსებულ ბუნებრივ (მოცემულ) და ფინანსიურ (სიმბოლურ) რესურსებს _ ჰორიზონტალური განვითარებისას; ასევე სხვა ქვეყნების ბუნებრივ (მოცემულ) რესურსებს და ფინანსიურ (სიმბოლურ) საშუალებებს _ ვერტიკალური განვითარებისას.[19] გავიხსენოთ, რომ, ბერძნულად, ~ეკონომია~ ნიშნავდა: 1. სახლის ან ქალაქის ადმინისტრირებას; 2. ისეთ წარმართვას საქმისა, როდესაც თავიდან აიცილება არასაჭირო ხარჯები და 3. რომელიმე ანსამბლის ელემენტთა ორგანიზებას[20]. მაღალი ეკონომიკური კულტურა მიუთითებს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ვექტორების გაწონასწორებულ განვითარებაზე. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეკონომიკური კულტურა თავისუფლებისა და გახსნილობის საფუძველია, რაც განვითარების პირობას ქმნის. ~ჩაკეტილი~ ეკონომიკა _ ეკონომიკა, და მით უმეტეს ~კატალაქსია~, არ არის, რადგან ~წერტილოვანი ვექტორები~ აქვს და, ე.ი. განვითარების პირობებს მოკლებულია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური კულტურა თავისი არსებით ზეეთნოცენტრული და ანტიშოვინისტურია; იგი ზენაციონალურიცაა, მასში ერთდროულად ორი ფუნდამენტური ვექტორის არსებობისა გამო. ეკონომიური კულტურის ზენაციონალური ხასიათი და სოციალური და პოლიტიკური კულტურის ნა­ციონალური ხასიათი ~ბუნებით~ კონტრადიქტორულნი არიან. ამ წინააღმდეგობაში ჩნდება ისტორიული განვითარების რეალური მამოძრავებელი ენერგიის წყარო. ამა თუ იმ ერის (სახელმწიფოს, საზოგადოების) ისტორიული განვითარება, ეს არის განუწყვეტელი ძალისხმევა ეკონომიკური თავისუფლებისა და გახსნილობის აუცილებლობასა და ნაციონალურ სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესთა შესატყვისობისა და წონასწორობის საპოვნელად. არცერთ ამ მხარეთაგანი ადამიანისა და საზოგადოების არსებობისა ცალცალკე არ ქმნის განვითარების პირობას, რადგან ამგვარი ცალმხრივი ~განვითარება~ ქმნის ~მონსტრს~ ანუ თვითმომსპობ ენერგეტიკულ ველს, რომელშიც ~განვითარებას~ მხოლოდ რეგრესიული ვექტორი აქვს, ანუ ~ნულოვანი~, წერტილოვანი ~შავი ნახვრეტისკენ~ მიმართული.[21] ის, რასაც ევროპული განვითარების გზა ეწოდება, არის ადამიანის საარსებო ველის ყოველი ნაწილის მრავალსაპექტოვანი, განუწყვეტელი და ფრაგმენტალური (თანდათანი) განვითარება; ან, მე ვიტყოდი, მოზაიკური განვითარების გზა, რომელიც არსებითად არის ლიბერალური სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების გზა. ამ განუწყვეტლობისა და მოზაიკურობის შესაძლებლობას იძლევა კრიტიკული აზროვნება და კრიტიკული მეთოდოლოგია, ~სპეციფიკურად ევროპული~ წარმონაქმნი, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის მამოძრავებელს. ამ კრიტიკული აზროვნებისა და კრიტიკული მეთოდოლოგიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ~რწმენითი არსებობიდან~ და მისი შესატყვისი მარტივი ან წინარემეცნიერული სოციალური ტექნოლოგიის ფორმებიდან თანამედროვე მეცნიერულ ფორმებზე გადასვლა. თავისი მხრივ ეს გადასვლა მოამზადა ევროპული ქრისტიანული კულტურის განვითარების მთელმა პროცესმა ბერძნულ, ელინისტურ_რომაულ და ფეოდალურ ეპოქათა გასწვრივ. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ~ევროპულ გზაზე~ და ~ევროპაში დაბრუნებაზე~ უნდა გავაანალიზოთ ამ კრიტიკული აზრის ქართულ კულტურაში არსებობის ნამდვილობა და, ან, შესაძლებლობა. ქვევით ამ საკითხს ილია ჭავჭავაძის განმანათლებლურ_კრიტიკული ნაციონალიზმის კრიტიკული მეთოდოლოგიის შუქზე განვიხილავ. III ~ენა, მამული, სარწმუნოება~ ილია ჭავჭავაძის ინტეგრალური ნაციონალიზმის პრინციპები სოციალური ფილოსოფოსის და პუბლიცისტის ნაწერები არსებითად დამატებით ~გადააზრებას~ არ საჭიროებენ ექსპლიკაციისათვის. მათშივეა მოცემული ნათლად და გასაგებად ყოველივე ის, რაზედაც მე მსურს მივაპყრო მოაზროვნე მოქალაქეთა ყურადღება და, ამიტომაც, შევეცდები მაქსიმალურად შევზღუდო ჩემი თავი და სიტყვა თვით ილია ჭავჭავაძეს მივცე, რომლის სოციალფილოსოფიური აზრი და პუბლიცისტიკა წარმოადგენს უახლესი ქართული ისტორიის იმ საძირკველს, რომელზედაც შესაძლებელი იყო რეალურად აშენებულიყო ქართული ევროპული საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სისტემა ყველა პარამეტრებით. თანამედროვე ევროპა, როგორც ზევით აღინიშნა, ~განმანათლებლური~ XVIII საუკუნის პირმშოა. ~განმანათლებლობა~ კი უკვე ნიშნავდა ~რწმენითი არსებობიდან~ ~კოგიტალურ (აზროვნებით) არსებობაზე~ გადასვლას. ამ გადასვლას თან ახლდა კრიტიკული აზრის გაცხოველება, ურომლისოდაც ~ადგილიდან დაძვრა~ შეუძლებელი გახდებოდა. ჩემს მიერ შემოთავაზებული ტერმინი ~განმანათლებლური ნაციონალიზმი~ ერთის შეხედვით ურთიერთგამომრიცხავ ცნებათა მიჯრას წარმოადგენს, რადგან ~განმანათლებლობის~ არსებით ნიშანთა შორის თუ კი რაიმე შეიძლება გამოიყოს, _ ეს არის კოსმოპოლიტიზმი, რაც ჩვეულებრივ ნაციონალიზმის საწინააღმდეგო მნიშვნელობით იხმარება. მაგრამ უახლოესი განხილვისას კოსმოპოლიტიზმსა და ნაციონალიზმს შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არის, თუ ნაციონალიზმის დეფინიცია კრიტიკული ანალიზის შედეგად იქნება მიღებული და არა იდეოლოგიურ_პოლიტიკური მოთხოვნებით გაპირობებული, როგორც ეს მოხდა მეოცე საუკუნეში[22]. და განსაკუთრებით კომუნისტურ (ერთობ მემარცხენე) იდეოლოგიასა და პოლიტიკაში, რასაც განსაკუთრებით შეუწყო ხელი ჰიტლერული ~სოციალისტური ნაციონალიზმის~ იდეოლოგიამ. ნაციონალიზმის, რომელიც განიხილებოდა როგორც კომუნისტური ინტერნაციონალიზმის ტოტალიტარული იდეოლოგიის ერთადერთი ალტერნატივა,[23] დისკრედიტაცია მოხდა 1987_1993 წლების ~პერესტროიკის~ ჩარჩოებშიც, როდესაც ნაციონალიზმი ეწოდა ისეთ გამოვლინებებს, რომლებსაც არსებითად არაფერი ნაციონალისტური არ ჰქონდათ და აღზევებული და საკმაოდ ოსტატურად მართული მასებისა და მათი ლიდერების მარტივ დესტრუქტივულ რევოლუციურ მოძრაობებს წარმოადგენდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა. ტოტალური ~ეროვნული ნგრევა~, რომელიც ახლა სახეზე გვაქვს სნგ_დ აღდგენილ ~ყოფილი კავშირის რესპუბლიკებში~ ნაციონალიზმის მიზნისა და მისწრაფების საწინააღმდეგო მოვლენას წარმოადგენს. ამ დისკრედიტაციას შორსმიმავალი მიზანი ჰქონდა, რადგან მან ~გაასწორა~ ლენინ_ სტალინისეული ~ბურჟუაზიული ნაციონალიზმის~ იდეოლოგია. ახალი დისკრედიტაციით ნაციონალიზმს ჩამოშორდა ~კლასობრივი~ ნიშანი (ბუჟუაზიულობა) და იგი ტოტალურად, _ პოლიტიკურად სოციალურად და ინტელექტუალურადაც _, მადისკრედიტირებელ თვალსაზრისად იქცა. ამით მოიხსნა იგი როგორც ტოტალიტარიზმის, და საერთოდ ანტილიბერალიზმის, ერთადერთი ალტერნატივაც. ამგვარ დისკრედიტაციაში არაფერია თანამედროვე კრიტიცისტული მიმართებიდან და იგი წარმოადგენს ძველ ~ინკვიზიციურ~ მოდელზე გადასვლას იმათი მხრიდან, ვისაც ~პროგრესიზმის~ არტახები ვერ შემოუხსნია ჯერაც და მსოფლიო ისტორიის ~მამოძრავებელ პროგრესულ ძალად~ წარმოიდგენს თავს. ნაციონალიზმი თავისი არსებით ღირებულებითი ცნებაა და იგი კულტურის გახსნილ ჰორიზონტში უნდა იქნას გაანალიზებული და განსაზღვრული. პოლიტიკური ნაციონალიზმი არსებითად პატრიოტიზმის (რომელიც ~ბუნებრივად დადებით~ ცნებათა რიგს მიეკუთვნა მემარცხენე ~ინკვიზიტორთა~ მიერ) გამწვავებული ფორმაა. იგი წარმოადგენს რეაქციას იმ საშიშროებაზე, რომელიც ქვეყანას (სახელმწიფოსა და ერს) მოსპობით, გადაგვარებით და ა.შ. ემუქრება. ეს საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს როგორც პირდაპირი სამხედრო აგრესიის ფორმით, ასევე ეკონომიკური, სოციალური, თუ კულტურული დესტრუქტიულობის ფორმითაც. ნაციონალიზმი ამ მომენტში იქცევა ერთგვარ მობილიზაციად შინაგანი ~კულტურული ენერგიისა~ (~შინაგანი ადამიანის~ შესატყვისის), რაც ნაციონალური თავდაცვის მთელ სისტემად (ტაქტიკითა და სტრატეგიით) ვლინდება. სწორედ ამ თავდაცვითი სისტემის კრიტიკული ანალიზით შეიძლება განისაზღვროს ნაციონალიზმის ინტეგრალური და კულტურული ხასიათი. განსხვავებით ნაციონალიზმის სრული ანუ განმანათლებლურ_კრიტიკული ფორმიდან, ნაციონალიზმის ცალმხრივ პოლიტიკურ ასპექტს თავისთავად ახლავს იდეოლოგიზირებისა და მასათა ანტიცნობიერების მიმმართველ ძალად გადაქცევის საშიშროება. ამგვარი ~გარდაქმნის~ მოწმეა მეოცე საუკუნე, ჯერ ჰიტლერული სოციალისტური ნაციონალიზმის და შემდეგ ნეოკომუნისტური (ნეოტოტალიტარული) ~ნაციონალიზმის~ სახით. პირველ შემთხვევაში მივიღეთ მეორე მსოფლიო ომი და გერმანიის ტოტალური დანგრევა, მეორე შემთხვევაში კი ყოფილ საბჭოთა ბლოკის ტერიტორიებზე გაჩაღებული ~ინტერეთნიური~ ომები (ბალკანეთი, კავკასია, შუა აზია, მოლდავეთი...) რომელსაც თავისუფლად ენიჭება მესამე მსოფლიო ომის მოდელის სახელი[24]. მაგრამ ყოველივე ამას არავითარი მიმართება განმანათლებლურ_კრიტიკულ და რეალპოლიტიკურ ~ინტეგრალურ ნაციონალიზმთან~ არა აქვს. ~ინტეგრალური ნაციონალიზმის~ საარსებო ველი არსებით კულტურული ღირებულებითი ველია. ამ ღირებულებითი ველის ტოპოლოგიის სტრუქტურაში კოსმოპოლიტიზმს თავისი ბუნებრივი ალაგი აქვს და იგი სხვადა-სხვა ფორმითაა გამოვლენილი კულტურის ღირებულებით სისტემაში, როგორც ცხოვრების სტილის ღირებულებითი სტრუქტურები (ზრდილობის ფორმები, სტუმარ_მასპინძლობის წესები და ნორმები, უცხოელისადმი განსაკუთრებული მზრუნველი ყურადღება და სხვა და სხვა). ნაციონალიზმიც და კოსმოპოლიტიზმიც, როგორც ურთიერთ გამაპირობებელი სტრუქტურები ერთიანი ღირებულებითი ველისა, ისევე, როგორც ამ ველის ყოველი ელემენტი და მთლიანად ველიც, როგორც სისტემა, განსაზღვრებისა და გაგებისათვის ითხოვს კრიტიკულ გაანალიზებას. ეს ნიშნავს იმ სტრუქტურის და მისი ტოპოსის დადგენას, რასაც ერთმნიშვნელოვნად ~კრიტიკა~ ეწოდება და ღირებულებითი ველის არსებით სტრუქტურათა რიგს განეკუთვნება ~კოგიტალური არსებობის~, ანუ თანამედროვე, სისტემაში. იქ, საცა კრიტიკის ეს სტრუქტურა და ტოპოსი არ განისაზღვრა, იქ დეკულტურიზაციის ტენდენციები ~ზვავივით~ ძლიერდება და იზრდება ამ ჩამოზვავების შედეგი შეიძლება განისაზღვროს იმ მაგალითებით, რომლებსაც გვაწვდის უკანასკნელი ოცწლედის მსოფლიო ისტორია, ჰიპერმასობრივი ~დემოკრატიული~ დეკულტურიზაცია, როგორც საბჭოთა სისტემის ფარგლებში, ასევე, მთლიანად მსოფლიოშიც; სხვადასხვა სახის ფსევდორელიგიური ფუნდამენტალიზმების (მუსულმანური, ებრაული, ირანული, ალჟირული, სიკხური და სხვა, ნაწილობრივ ~ორთოდოქსულიც~) და ~მასობრივი კულტურის~ სახით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კრიტიკული აზრის დაფუძნებსათვის ბრძოლა ნაციონალიზმის არსებითი ნიშანია. ხოლო ეს კრიტიკული ნაციონალიზმი კი არსებით ნიშნად განმანათლებლურ კოსმოპოლიტიზმს შეიცავს. ილია ჭავჭავაძის (და ქართველი ნაციონალსტების) ნაციონალიზმი, განმანათლებლური კრიტიკისათვის ბრძოლის ფორმაში გამოიხატა პირველ რიგში. ეს იყო თანამედროვე ევროპული განვითარების გზაზე დადგომისა და ქართული კულტურის ნამდვილ ევროპულ ცივილიზაციად გასრულების ცდა და ძალისხმევა. განმანათლებლურ_კრიტიკული და რეალპოლიტიკური ინტეგრალური ნაციონალიზმი ერთადერთი საშუალება იყო ამ მზნის მისაღწევად. ნაციონალიზმის იდეოლოგიზირებისა და რევოლუციურად ~მაორგანიზებელ~ დესტრუქტივულ ძალად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი იყო ახალი ევოლუციური ნაციონალური ~ფრაგმენტალური სოციოტექნიკისა~ და კონკრეტული საქმის სოციალ_საინჟინრო ~ტექნოლოგიური სტრატეგიის~ გამომუშავება. ეს თავის-თავად გულისხმობდა უკრიტიკო ~რწმენითი არსებობიდან~ კიტიკულ, ~კოგიტალურ~ გაცნობიერებულ არსებობაზე გადასვლას.[25] აი, როგორ ამოიკითხება საქართველოსათვის ბრძოლის ინტეგრალურ-ნაციონალისტური სტრატეგიისა და ტაქტიკის ასპექტები ქართული ინტეგრალური ნაციონალიზმის ფუძემდებლის, ილია ჭავჭავაძის ნააზრევიდან: კრიტიკული აზრის უქონლობა. თუ ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებას ჩაუკვირდებით, შენიშნავთ ერთს არასასიამოვნო გარემოებას, რომელიც ხელს უშლის ერთის და მეორის წარ­მატებასაც. არც მწერლობასა და არც საზოგადოებას არ აღმოუჩენია ნამდვილი გზა, რომლითაც უნდა მსვლელობდეს აზრი და გონება, არ დაუდგენია ნამდვილი აზრი ჩვენის წარსულ და აწმყოს ვითარების შესახებ, და სამართლიანად ვერ დაგვიფასებია, ვერ გამოგვიკვლევია ჩვენი ყოფა_ცხოვრება. ჯერჯერობით ვერ შევთანხმებულვართ და ვერ აღმოგვიჩენია ის ცენტრალური წერტილი, სადაც გადანასკვულია ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობა. ერთის სიტყვით, დღემდის ვერ დაგვიდგენია სამართლიანი კრიტიკული აზრი ჩვენის ცხოვრების შესახებ. ეს გარემოება ამით არის უსიამოვნო, ჩვენის წარმატების დამაბრ-კოლებელი, და გვიჩვენებს ჩვენის გონების გაუწრთვნელობას, ჩვენს გაუფრთხილებლობას და დაუკვირვებლობას. აი, აქ არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი კეთილი საზოგადო საქმე ჩვენში ერთობ ნელის ნაბიჯით მიდის წინ... ჩვენა ვთქვით, რომ კრიტიკული აზრი ვერ დაგვიდგენია ჩვენის ვითარების შესახებ, სამართლიანად ვერ დაგვიფასებია ჩვენი წარსული და აწმყო. კრიტიკულის აზრის უქონლობა იმოდენად შესამჩნევია ჩვენში, რომ არ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ, თუ ცოტათი მაინც ჩაუკვირდით ჩვენს აზროვნებასა. აი, სხვათა შორის, აქ არის იმის მიზეზი, რომ ვერც ჩვენის ისტორიის შესწავლა და კვლევა ვერ დამდგარა ჯერჯერობით ნამდვილს გზაზე და ვერც საზოგადო აზრის მიმდინარეობა. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, ვითომ ყველანი ერთისა და იმავე გზით უნდა ვმსვლელობდეთ, ერთსა და იმავე ყაიდაზე ვგრძნობდეთ და ვგონებდეთ, რომ ყველანი ერთისა და იმავე აზ­რისა ვიყვნეთ, არამედ იმასა, რომ ჩვენ ერთმანერთის აზრი და მოქმედება ვერ დაგვიფასებია და სამართლიანის თვალით არ გაგვისინჯავს, და თუ ერთმანერთს წუნსა ვდებთ, მხოლოდ იმისთვის, რომ სურვილი და ღონე არა გვაქვს ერთმანერთის აზრსა და მიზიდულებას საძირკველი გავუსინჯოთ. ყოველ დაწინაურებულ საზოგადოებაში აზრის სხვადასხვაობა, მრავალგვარობა კრიტიკის შედეგია და სხვადასხვა აზრისა და მიმართულების მიმდევართ აქვთ ისეთი წერტილი, რომელიც ყველასთვის საერთოა. ჩვენში კი სხვადასხვაობა აზრისა კრიტიკულის აზრის უქონლობის ბრალია და ჩვენის გაუფრთხილებლობისა. ჩვენში ხშირად ერთისა და იმავე საგნის შესახებ იმდენად შეუთანხმებელს და წინააღმდეგს აზრს გაიგონებთ, მერე ისეთს საგნებზე, რომელთა შესახებ მორიგებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ სწორედ გასაოცარია. მაგალითად, ადიდეთ წარსული, აქეთ ძველთა გმირობა და საქვეყნოთ აღიარეთ, რომ ჩვენნი ძველნი შესანიშნავნი იყვნენო, და უსათუოდ გამოვარდება ვინმა და დაგვძახებს, ვითომ თქვენ ადიდებთ ყოველს ნაკლულევანებას წარსულისას, სამარეში იყურებით და მერმისისათვის ზურგი შეგიბრუნებიათ; რა არის პატივსაცემი წარსულშიო, რომელს ერს არ გამოუჩენია გმირობა, რომელს არ გამოუცდია ლხინი და ჭირიო. პირიქით, თუ ვინმემ სთქვა, რომ ჩვენი წარსული შესანიშნავს არაფერს წარმოადგენს, იმაში არც ერთი ნათელი წერტილი არ მოიპოვებაო, მაშინ უსათუოდ ვინმე ყელში გეცემათ და დაგძახებთ, როგორ თუ ჩვენი წარსული სრულიად ტიალ_ოხერიაო. თუ გაბედეთ და სთქვით, რომ ვახტანგ მეფის კანონდეუბლება დიდი ნაშთია ჩვენის წარსულისაო, რომ იგი ნაყოფია დიდის შრომისა და ჭკუისა, არ შეიძლება ვინმამ არ გიპასუხოთ, რომ იგი კანონდებულება შეიცავს მრავალს მუხლებს, რომელნიც სრულიად არ ეთანხმებიან კაცთმოყვარეობას და დაწინაურებულის ერის ცხოვრებასაო და მაშასადამე, არც თვით კანონდებულება არის საყურადღებო და შესანიშნავიო. გაბედეთ და სთქვით, რომ ესა და ეს მწერალი დიდად შესანიშნავია, თავისის ნაწერებით დიდი სამსახური გაუწია სამშობლო მწერლობასა და ენასაო და მაშინვე მოგვარდებიან და შეგძახებენ, რომ თქვენა სცდებით და უღირს მწერალს ადიდებთო საბუთად იმას დაგისახელებენ, რომ ამ მწერალმა ამა და ამ დროს ესა და ეს უგვანო აზრი წარმოსთქვა და თანაც ესა და ეს საქციელი ჩაიდინაო. თუ გაბედეთ და სთქვით, რომ ჩვენში მწერლობა დიდი ძალაა საზოგადოების წარმატებისაო, მაშინვე, თქვენის აზრის მიუხედავად, გაიძახიან, რომ ჩვენი ჩვენი მწერლობა სრულიად უძლურია, უფერულია, ენა გარყვნილიაო და სხვანი და ამასთანავე დაგწამებენ, რომ საკუთარის ნაკლულევანების აღმოჩენას ერიდებითო და უფრთხითო. ვინმემ რომ სთქვას, საჭიროა ვეცადოთ, თავადაზნაურობამ საკუთარი სკოლები იქონიოსო, იმ წამსვე მოგვარდებიან და დაგწამებენ, რომ საკუთრად თავადაზნაურობის მომხრე ხართ არისტოკრატულის აზრებითა ხართ გამსჭვალულიო და გლეხობას სრულიად არ დაეძებთო. თუ გლეხობაზე იზრუნეთ, მაშინ დაგწამებენ მტრობას თავადაზნაურობისადმი და სხვა. ეხლა ვიკითხოთ, ნუთუ ამგვარი უთანხმოება აზრისა, ერთმანერთის გაუგებლობა სამწუხარო არ არის? განა ყოველივე ესე შესაძლებელი იქნებოდა, ჩვენში კრი­ტიკული აზრი რომ მუშაობდეს? განა ეგ შესაძლებელი იქნებოდა, თუ რომ ჩვენ შეჩვეულნი ვიყვნეთ სამართლიანს მსჯელობას და ყოველსავე საქმის რიგიანად დაფა­სებას და აწონ_დაწონვას? ცხადია, რომ ზემოთმოხსენებული გარემოება ხელს უშლის ყოველ საზოგადო საქმის წარმატებას, რადგანაც ყოველივე უსაფუძვლო შეტაკება აზრისა მოითხოვს გარდამეტებულს ლაპარაკს, მითქმა_მოთქმას, რომელიც სრულიად წარმოუდგენელია იქ, სადაც კრიტიკული აზრი მუშაობს. ასე და ამრიგად ხშირად მრავალს სიტყვასა ვხარჯავთ იმისათვის, რაიცა სრულიად უეჭველი უნდა იყოს. (ტფილისი, 8 იანვარი 1888) რა მიზეზია რომ კრიტიკა არა გვაქვს. ...ჩვენ წინა წერილში კრიტიკის უქონლობის ბრალი თვითონ ჩვენს საკუთარს უძლურებას და უღონობას მივაწერეთ, და აი რა საბუთი მიგვიძღვის. ჩვენი ლიტერატურა საერთოდ და პოეზია ცალკედ ჯერ ხელუხლებელი განძია. არც ერთს უცხო ქვეყნის მეცნიერს, რომელსაც ჩვენს თვალში სახელი და აბრუ აქვს, მისთვის ჯერ ხელიც არ მიუკარებია, არავის ამ მხრით თავისი აზრი არ გამოუთქვამს, თავისი ბეჭედი არ დაუსვამს. მაშასადამე, ჩვენს ლიტერატურაზე მზა_მზარეულს აზრს ვერ ამოიკითხავთ ვერც წიგნებში და ვერც გაზეთებში. ამ საგანზედ ერთს სიტვასაც ვერ იპოვით ვერსად. ეს გარემოება იძულებულ ჰყოფს ყოველს ჩვენგანს, ვისაც კი მოუწადინია ჩვენის ლიტერატურის კრიტიკა, თავისი საკუთარის ჭკუით, საკუთარის ცოდნით, საკუთარის მსჯელობით შეუდგეს კრიტიკის რთულს და მძიმე საქმესა, რომ თავისი საკუთარი განაჩენი დაადგინოს. ჩვენი უბედურებაც სწორედ ამ იძულებაშია. რას იზამთ? ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარი ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ!.. ჩვენი ეგრეთ_წოდებული ~ინტელიგენცია~ მეტად სუსტია ამ თვით_მოქმედებისათვის. ჩვენნი ~სწავლულნი, განათლებულნი~, დარვინის თეორიას ზედმიწევნით გაცოდინებენ. ჰეგელის ესტეტიკას, ლესინგისა და ტენის ფილოსოფიას ხელოვნებისას თავისის ხელისგულისავით გადაგიშლიან; შექსპირზედ, გეტეზედ, ბაირონზედ და თუნდაც ჰომეროსზედაც, რომელნიც _ ჩვენში კი ითქვას _ ათასში ერთს არ წაუკითხავს, თუნდა მთელს უზარმაზარ წიგნებს დასწერენ, და იქნება ისეთი სასწაულიც მოხდეს, რომ წასაკითხად ღირსი წიგნებიც დასწერონ, და ერთს პაწია ლექსს კი ჩვენის რომელისამე პოეტისას ვერ გაუ-ძღვებიან, როგორც რიგია. ნუ გაიკვირვებთ, რომ ეს ასეა. პატარა რომ ჩაუფიქრდეს კაცი ამ საოცარს ამბავს, მიზეზს, მალე მიუხვდება. შექსპირი, გეტე, ბაირონი სხვა მეცნიერთაგან დიდი ხანია გარჩეულია მრავლაგვარად. ამაზედ მრავალი უწერიათ, მრავალი უთქვამთ. მაშასადამე, მათზედ ასეთისა თუ ისეთის აზრის შედგენა მეტისმეტად ადვილია და აზრის საბუთის პოვნაც არ არის ძნელი. აქ ყველაფერი, აზრიც და საბუთიც, მზად არის, თქვენ ოღონდ იმოდენა ღონე იქონიეთ, რომ მოჰკრიბოთ, ერთი_ერთმანეთს შეუფარდოთ, შეუწონოთ და ყოველივე შეკრებილი, შეფარდებული და შეწონილი ერთს ძნად შეჰკრათ და ისე მიართვათ მკითხველსა. რა თქმა უნდა, რომ ამასაც ჭკუა, ცოდნა უნდა და მცირეოდენი ხელოვნებაც, მაგრამ აქ თვითმოქმედება უფრო ხელისაა, თუ ესე ითქმის, ვიდრე იმ სულიერის ძალ_ღონისა, რომელიც თვითონ ჰქმნის, თვითონ სჯის, თვითონ სწლავს, თვითონ სჭრის და თვითონ ჰკერავს. აქ ყველაფერი უჯრა_უჯრად აწყვია ევროპიის ლიტერატურის სალაროში მზამზარეულად, ოღონდ იმ სალაროში შესვლის ღონე მოიპოვეთ და, რაკი ეს გექნებათ, ხელის გაწვდენის მეტი არა არის_რა საჭირო, რომ უჯრა გამოსწიოთ და, რაცა გსურთ, ის გამოიღოთ. სულ სხვაა, თუ სურვილი დაგეძრათ ჩვენის მწერლობის თუ მწერლების საკრიტიკოდ. აქ ყველაფერი საკუთარის ჭკუით უნდა ჰზიდოთ და ყველაფერს საკუთარის გონების მუქი მიაყენოთ. თქვენს გარე აქ ვერას იპოვნით, ვერას იშოვით, აქ სხვა უნარია საჭირო, სხვა გამჭრიახობა, სხვა ძალღონე. შეიძლება კაცს აუარებელი ცოდნა და სწავლა ჰქონდეს და აქ ერთი ფეხიც ვერ წადგას, თუ ის ~სხვა უნარიც~ არა ჰშველის. ის~სხვა უნარი~ იგია, რასაც თვითმჯელობას, თავისით მოქმედებას, თავისით სვლას ეძახიან. აი, ჩვენი სისუსტე სწორედ ამ თვითმსჯელობის, თვით მოქმედების უქონლობაშია. თუ რომელისამე საგანზე ჩვენებურს ~ინტელიგენტს~ სხვისის აზრი­სათვის ყური არ მოუკრავს, თუ რომელსამე საგანზედ სხვა უცხო ენის წიგნებსა და გაზეთებში აზრი არ ამოუკითხავს, ის საგანი იმისათვის ყოვლად ბნელია და იმ სა­განისათვის იგი ყოვლად მუნჯია: ვერას იტყვის, იმიტომ, რომ თვითმსჯელობას, თავისი გონების გაძღოლას იგი ჩვეულ არ არის. რამდენი სასაცილო მაგალითია თვითონ ჩვენს ლიტერატურაში, რომ საზოგადო თეორიის გულმხურვალე მქადაგებელს ვერ ეცნოს ცალკე მაგალითი ამავე თეორიისა და, რასაც ზოგადად, თეორიით ამტკიცებდეს თავგამოდებით და მხურვალებით, იმას იმავე თავგამოდებით უარჰყოფდეს ცალკე მაგალითში. რათა? იმიტომ, რომ ამ ცალკე მაგალითს ქვეშ არა ჰქონია წარწერილი, რომ ამა და ამა მოძღვრებისააო, და თვითონაც მოძღვარს იმოდენა თვითმსჯელობა არა ჰქონია, რომ თავისავე მოძღვრების ერთი მაგალითთაგანი საქმეში ეცნო. თვითმსჯელობა, თვითმხედველობა გონებრული უმაღლესი წერტილია ადამიანის განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს, და ის უნარი კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ. ამგვარის მშრალის და უქმის კაცი სახელოვანმა გეტემ დაგვიხატა თავის ~ფაუსტში~. ფაუსტში რომ გამოყვანილია ვაგნერი, სწორედ ზედგამოჭრილი სახეა იმგვარის კაცებისა, რომელთაც ცოდნა აქვთ და საკუთარის ჭკუის ტარების უნარი კი ღმერთს, თუ ბედს, იმმათვის არ მიუმადლებია. ნუ გაგვიწყრებიან, თუ ვიტყვით, რომ ჩვენს ინტელიგენციას სწორედ ეგ უნარი თვით-მსჯელობისა, თვითმხედველობისა არა აქვს გახსნილი და გადაშლილი. ეგ ნაკლია მიზეზი, რომ ჩვენს საკუთარ საქმეში, ჩვენს საკუთარ ავკარგიანობაში ვერაფერი გაგვიგნია, თავის და ბოლო ერთმანეთზედ ვერ გადაგვიბამს. ეგ არის მიზეზი, რომ ჩვენ ჩვენი კრიტიკა არა გვაქვს არარომელისამე საგნისა საზოგადოდ, და ლიტერატურისა საკუთრად. ჩვენ იმედს არა ვკარგავთ, რომ ეგ კრიტიკა ჩვენსც გვეღირსება ოდესმე, და მაგის მოვლენა, ვითა შვილი თვითმსჯელობისა, ჩვენის სულიერ ძალ ღონის აღმატების და განდიდების ნიშანი იქნება~. (1887 წ. 8_9 თებერვალი). ფარდა ახდილია და, ამით, გეზიც მიცემული. ამ ფარდის უკან აღმოჩენილი სურათის (რომელიც ადრევე იხატებოდა ლიტერატურულად და პუბლიცისტურად: ~კაცია_ადამიანი?~, ~აჩრდილი~, ~მგზავრის წერილები~, ~რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით~ ~ბედნიერი ერი~, ~ზოგიერთი რამ~ და სხვა...) ცხოვრებისეული ნამდვილობა არცერთ ადამიანში არ იწვევდა და არ იწვევს ეჭვს. სარკე გაწმენდილია და ამ გაწმენდილ სარკეში ჩახედილმა ქართულმა სინამდვილემ სრულიად სხვა სახე დაინახა, ვიდრე თვითონ წარმოედგინა აქამდე. საკითხი დაისვა თუ როგორ და რა საშუალებებით შეიძლება ამ სახის გასწორება, განკურნება და გაჯანსაღება. ეს უკვე იყო დასაწყისი კრიტიკული აზროვნებისა და კრიტიკული მეთოდის დაფუძნებისა. ~არაფერი დაფარული~ _ ესაა კრიტიკული აზროვნების პრინციპი. არაფერი გაუაზრებელი და გაუანალიზებელი _ ესაა კრიტიკული მეთოდის პრინციპი. ~არაფერი დაფარული~ _ ეს ისტორიული თვითშეგნების სალესი ქვაც არის; და ამ სალეს ქვაზე უნდა გაილესოს ქართული პოლიტიკური ცნობიერებაც; ზუსტად ისე, როგორც ლესავდა მას ილია ჭავჭავაძე, რომლის პოლიტიკური და სოციალური რეალიზმი მისივე ეროვნული იდეალიზმის სრულფასი შესატყვისი იყო. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამ მხრივ ~შინაური მიმოხილვები~, რომელთა შინაარსი აშკარა გამოხატულებაა თანამედროვე ეროვნული ბრძოლის იმ სტრატეგიისა, რომელიც ილიამ შეიმუშავა და, რომელიც გახდება საფუძველი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული განმათავისუფლებელი მოძრაობისა, გამოვლენილის ავტონომისტების, ფედერალისტების და სეპარატისტების მოძრაობის სახით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ილია ნათლავს და უშვებს ცხოვრებაში ყოველ ეროვნულ მოძრაობას; საერთოდ ყოველ მოძრაობას, რომელიც ქართული ეროვნული მეობის აღორძინებასა და დაცვას ემსახურება: ქართველ სტუდენტთა პირველი ლიგის მისწრაფებიდან მოყოლებული, სოციალ_ფედერალისტთა და, შემდეგ ეროვნულ_დემო-კრატთა ეროვნული სტრატეგია ერთიანად ილიას შემუშავებული ჩანს. მეტსაც ვიტყვი, ვერცერთი მოძრაობა, თუ კონცეფცია, რომელსაც ილიას კურთხევა არ მიუღია, ვერ შეასრულებს იმ ამოცანებს, რომლებიც საქართველოსა და ქართველ ერს გამოიყვანს ~ბნელი ყოფიერების გვირაბიდან~ და დააბრუნებს კულტურული და ცივილიზებული განვითარების გზაზე. ეს კურთხევა უნდა ხდებოდეს ილიას პოლიტიკური და სოციალური ბრძოლისა და აღმშენებლობის სტრატეგიის კრიტიკული ანალიზითა და მასთან საკუთარი სტრატეგიის შეჯერებით. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ილიას გაფეტიშებას, ან მისი ნააზრევის აბსოლუტურ ავტორიტეტად მიჩნევას. ამგვარი მიმართება ილიას ზნეობისა და აზრის თავისუფლების შეურაცხყოფა იქნებოდა. ილიასადმი ჩემი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი არის ილიას აზროვნების სპეციფიკური თვისებები, რომლებიც ილიას ინტეგრალურ მოაზროვნედ წარმოგვიდგენენ და ინტეგრალური მეთოდის ~ბუნებრივ~ შემქმნელად. ილიასთან არათუ ყოველი თემა არის შემოტანილი, არამედ ამ თემის დამუშავების ინტეგრალური გზაცაა მითითებული. ~ინტეგრალური~ _ ნიშნავს ყველა პარამეტრით გაზომვასა და კრიტიკულ გაანალიზებას, და, ამის საფუძველზე, ტექნოლოგიური და ინსტრუმენტალური აპარატის შექმნას. ილია ~იდეოლოგი~ არ არის, იგი ~სოციალური ტექნოლოგია~, ნამდვილი ~სოცია­ლური ინჟინერი~. ყოველივე, რასაც იგი აკეთებს და წერს, მიმართულია სოციალური მანქანის ნაწილ-ნაწილ შექმნისა და ამუშავებისაკენ, არსებული სოციალური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური, დაწესებულებების საზრიანი გადახალისებისაკენ თანამედროვე მეცნიერული ცოდნის შესატყვისად, და არა რაღაც აბსტრაქტული და ტოტალური მოდელის და სამომავლო უტოპიური მიზნის დასახვასა და ერთბამად განხორციელებისაკენ[26]. ამ თვალსაზრისით ილია უაღრესად თანამედროვე სოციალური მეცნიერი და ფილოსოფოსია, და არა სოციალ_იდეოლოგი ტოტალისტი, ფატალისტი, ან უტოპისტი ~სოციო­ტექნიკოსი~.[27] ის, რასაც ფრიდრიხ ჰაიეკი და კარლ პოპპერი ~სოციალურ ინჟინრობას~ და ~ფრაგმენტალურ სოციოტექნიკას~ უწოდებენ, ილია ჭავჭავაძისათვის ~კონკრეტული საქმის~ მეთოდად და სტრატეგიად გაიაზრება. რომც არაფერი ვთქვათ პირადად ილიას მიერ განხორციელებულ ამ კონკრეტულ საქმეზე, ეს სტრატეგია წითელ ზოლად გაჰყვება ილიას შინაურ მიმოხილვებს, რომელთაც კონცეფტუალური (თეორიული) ~სოციოტექნიკური~ ღირებულება ეძლევა. აი ზოგიერთი ამონაძერწი ილიას ~შინაური მიმოხილვებიდან~, რომელთაც ინტეგრალური ნაციონალიზმის სტრატეგიისა და ტაქტიკის თვალსაზრისით სადღეისო მნიშვნელობა და ღირებულება აქვთ: შინაური მიმოხილვებიდან ~ცხოვრება ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა, უფრო წეწვა_გლეჯის ბაზარია. დღეს ესა მოწყობილი და რას იზამ? ცხოვრება მარტო აღებ_მიცემობაა ერთმანეთის ჭკუისა, თუ ხელის ნაწვავ_ნადაგისა, ნაამაგარ_ნაშრომისა, ნაომარ_ ნარბევისა. იგი ის მოედანია, საცა ჭიანჭველასავით ირევა დიდი და პატარა, საცა მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნის, გამარჯვებული დამარცხებულს ფეხ_ქვეშა სთელავს, ძლიერი უძლურს ეტანება შსაჭმელად, უძლური ძლიერს გაურბის და ორნივ_კი _ დამწევიც და გამქცევიც _ ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ღმერთს ეხვეწებიან _ ხელი მომიმართეო. ჯოჯოხეთი იქნებოდა ეს ასეთი ცხოვრება, რომელსაც სხვა მიზანი არსებობისა არა აქვს, თუ არ ის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, სიამოვნებას, ლხენას და სიხარულს არ იყოს მოკლებული, ვამბობთ, ჯოჯოხეთი იქნებოდა, რომ ამ წეწვა_გლეჯის ბაზარში სხივფენილ მადლსაც არ გაჰქონდეს თავისი პატიოსანი ნაამაგარი, თავისი ნაშრომ_ნაღვაწი კაცთა სანუგეშოდ და სასიქადულოდ. დიდ_ ბუნებოვნობა ცალკე ადამიანისა, თუ მთელის ერისა, მის_მიერ გატანილ მადლის მეტ_ნაკლებობაშია. ეგ მეტ_ნაკლებობა მადლისა არის უტყუარი საწყაო ცალკე ადამიანის, თუ მთელის ერის, კაცურ_კაცობისა, მისის შინაგან სიმაგრისა, ქვაკუთხედი მისის აღმატებულობისა. მადლი არის კრებული იმა კეთილთა, რომელიც შეადგენს ზნეობურს განძს, როგორც თვითოეულ ადამიანისას, ისე მთელის ერისას, და ეგ განძია იგი კლდე, რომელზედაც შენდება ციხე_სიმაგრე ერის ცხოვრებისა, ერის აწმყოსი, ერის მერმისისა. ადამიანი, და ნამეტნავად ერი, არა მარტო ~პურითა ერთითა ცოცხალ არს~. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს _ სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, _ გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსთვის მაინცა. ამი-ტომაც, ვინცა სჩივის და ჰღაღადებს სახორციელო პური-სათვის, ის იმდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღწვოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ_კაცად იცხოვ-როს და აცხოვროს თავისი შთამომავალი. ~ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული~ _ აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა_სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, _ აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისე მთელის ერისა. ამ თვალით რომ მოვჩხრიკოთ წარსული წელიწადი, ბევრს ვერაფერს სანუგეშოს დავინახავთ. ეს ახალი ამბავი არ არის. ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ბევრს წინათ წარსულ წელიწადებსა ჰგავს და ვერაფერს დაგვამუნათებს. პირიქით, კარგად რომ მოვუჩხრიკოთ ავლა_დიდება, ავი და კარგი, იქნება შარშანდელი წელიწადი სხვა წლების წინაშე უფრო პირშავადაც გამოვიდეს. არც საკვირველია, წყარო ცხოვრებისა თავისად და თვისგნით არა სჩქეფს, არა ერთი და ორი ნახირი დღე_მუდამ შიგ ფეხსა იბანს და რათ უნდა გვიკვირდეს, რომ წყარო იგი მღვრიეა. მბაძს მბაძი არ დაელევაო, ნათქვამია, და ჩვენც თითონაც ჩვენს საკუთარს ჭუჭყიან სარეცხს შიგ ვალბობთ დიდის გულმოდგინებით და, მოდით, წყაროს მოჰკითხეთ, რატომ წმინდა არა ხარო. ამიტომაც შარშანაც, როგორც წინა_წლებშიაც, იგივ შური და მტრობა იყო გააფთრებული. ძმა ძმას ვეღარა ჰნდობია, მამა შვილსა, შვილი მამას, მეზობელი მე­ზობელს, მახლობელი მახლობელს, მეგობარი მეგობარს _ განა ეს ცხოვრებაა და არა ჯოჯოხეთი!.. ჩვენ ეხლა ისე გაგვიხდა საქმე, რომ იმას კი აღარა ვჩივით _ რაც გვაკლია, ის შევიძინოთ, არამედ იმას, რომ რა ნაგავმა და მტვერმაც აღგვავსო, ის გამოვგაოთ და შემოვიბერტყოთ. კიდევ ერთის ფეხის წინ წადგმა იქნებოდა, კიდევ ღვთის წყალობა იქნებოდა, რომ ამის დარდსა და ზრუნვას შევდგომოდით, ცოცხი აგვეღო ხელში ამ ვაი_ვაგლახის გასაგველად. ჩვენდა საუბედუროდ, ვერც ეს შევძელით. მაშ რით უნდა ვინუგეშოთ დღეს, ან სახვალიოდ რა იმედი წავიმძღვაროთ ხალისის მოგვრისათვის? თვითოეული ჩვენგანი ჰკვნესის ზნე_დაცემულობისაგან, ჩვენის ზნეობითად წაწყმედისაგან და იმედ_ გადაწყვეტილი, სასოება_დაკარგული, ვაებით ვიძახით: ღმერთო, სად მივდივართ და რა ბოლო მოგველისო. ...ქართველს კაცს, ჩვენდა საუბედუროდ, საქმე ისე გაუხდა, რომ ~კარგი რამ სჭირდეს, უნდა უკვირდეს, ავი_კი რა საკვირველია~. ამ ყოფაში ჩავარდნილი ერი, თუ მთელი ძალ_ღონე არ მოიკრიბა და ამ საფლობიდამ არ ამოვიდა, ფონს ვეღარ გავა დღეს. ჩვენს დღევანდელს ჭირს ფესვი აქა აქვს გამდგარი, შიში მერმისისა აქედამ მოჰქრის. მოდით და პირში წყალი ჩაიყენეთ და ნურას იტყვით, აქაო და ახალი წელიწადიაო! სატკივარი არას უზამს კაცს, თუ მიზეზი თავისს დროზე გაუგო. თვალებზე ხელის მიფარებას თავის_დღეში არავისთვის ხეირი არ მოუტანია. ჭირი დანახული სჯობს დაფარულსა, თუმცა ორივე ჭირია და არც ერთი არ არის სანატრელი...~ (1896 წ. 4 იანვარი) ასი წელი გავიდა თითქმის ამ სტრიქონების დაწერიდან და თარიღის გადმოსმის გარდა რა აკლია მათ, რომ დღევანდელ დღეს ნათქვამად არ წაიკითხოს კაცმა? მაშასადამე ერთ წერტილში ვყოფილვართ შეჩერებული, ერთ განზომილებაში ~დაჭერილი~ ისტორიის მიერ, რადგან ისტორია თავისით არ იქმნება, მას ადამიანები ქმნიან საკუთარი ძალისხმევით იმ საკეთებელი საქმის კეთებით, რომელიც ისტორიას ღირებულებით ავსებს და საერთო მეხ­სიერებაში ავანებს. საქართველოს ისტორიაც არსებითად ამ ძალისხმევათა ისტორიაა, და ეს ძალისხმევები როგორც ფოკუსში ისე იყრიან თავს ილია ჭავჭავაძის შინაურ მიმოხილვებში. ფრაგმენტალური სოციოტექნიკის პირველადი ასპექტები ჯერ ცალკეულ საქმიან ნაბიჯთა დაფასებისა და მხარდაჭერის დონეზე ილიას მძაფრ კრიტიკას სათანადო სირბილეს ანიჭებს. გზა სოციალური ძალისხმევის ღირებულებს ამ დაფასებით იპოვნება და იხსნება: ისევ ~შინაური მიმოხილვებიდან~: ~...ჩვენთვის ამ_ჟამად საჭიროა ის კი არა, რა გაკეთდა, არამედ ის არის საჭირო, გაკეთებული რამან შეჰქმნა, რამ გააკეთა და საიდამ წარმოსდგა. შესდგა ჯერ თავად_აზნაურთა საზოგადოება ღარიბ მოსწავლეთა შემწეობისათვის. ამ საზოგადოებამ 1879 წ. გამართა ტფილისში ქართული შკოლა, სადაც სწავლა დედა_ენის შემწეობით არის მომართული და სადაც ოთხმოცამდე ყმაწვილნი სწავლობენ და ამათში ოც_და_თორმეტს, თუ ცოტა მეტ_ნაკლებს, ბინაცა აქვთ აჩენილი. შესდგა საზოგადოება წერა_კითხვის გამავრცელებელი ქართველთა შორის, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, რომ სასოფლო და პირველდაწყებითს შკოლებში სწავლა დედა_ ენის შემწეობით აწარმოოს. თუმცა ამ საზოგადოებას ჯერ თავი არაფრით გამოუჩენია, მაგრამ ტვირთი მისი მეტად მძიმეა და საგანი მეტად რთული და ამის გამო აქ ~სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა~. ამ საზოგადოების რთულისა და მძიმე საქმის ჯეროვანს კვალში ჩაყენება ეგრე ადვილი არ არის, რომ სამ_ოთხს თვეში თავი გამოეჩინა. ამ საზოგადოებას წინ დიდი მანძილი აქვს გასავლელი. დიდს მანძილს კაცი ჭენებით ვერ გაივლის. დიდს მანძილს ზომიერი და მტკიცე ნაბიჯი უნდა. ამით ჩვენ იმისი თქმა კი არ გვინდა, რომ ფეხის აჩქარება ამ საზოგადეობისათვის მავნებელი იყოს ყოველ შემთხვევაში. თუმცა არ არის სასურველი ეს საზოგადოება ისე აუჩქარდეს თავის საქმეს, რომ ზედ წააკლას არსებითი საგანი, მაგრამ არც ის არის სანატრელი, რომ მეტისმეტმა სიწყნარემ ობი მოჰკიდოს ამ დედააზრს, რომლითაც იგი საზოგადოება უნდა სულდგმულობდეს. _ ამავე 1879 წ. შესდგა ქართულის თეატრის დასი, მერე იმისთანა, რომ უკეთესი ნატვრა _ ჯერ_ხანად მაინც _ მეტის_მეტი ხარბობა იქნება ჩვენის მხრით. ჩვენ მარტო ეს სამი მაგალითი ჩამოგითვალეთ არა იმისათვის, რომ მაგის მეტი სანუგეშო არ მომხდარიყოს რა ჩვენს შორის ამ უკანასკნელ დროს. მაგრამ ეს სამი მაგალითიც საკმაოა მისთვის, რის თქმაც გვინდა. ყოველივე ეს, რაც ზემოდ გაკვრით მოვიხსენიეთ, მით არის ღირსშესანიშნავი და ძვირფასი ჩვენთვის, რომ ქართველობის საკუთარის თაოსნობით, ღვაწლით, შეწირულობით და ხელით აშენდა და დამკვიდრდა... ეს წელი შესანიშნავია, როგორც დრო, როცა ჩვენმა საკუთარმა თაოსნობამ თითქმის პირველი ფეხი აიდგა: როცა ჩვენმა ქართველობამ პირველ ხმამაღლა სთქვა: კმარა, დროა ჩემს თავს მოვუაროო. რამ გამოაფხიზლა ქართველობა? რამ აუღორძინა თვითმოქმედებითი ძალი? ამის აღსახსნელად პატარა შორიდამ დავიწყებთ ლაპარაკსა, უფრო იმისათვისა, რომ თუ თვალით არა, სუნით მაინც ავიღოთ, რომელი ცხოვრების ძარღვი გვაქვს ჩაწყვეტილი დროთა ბრუნვისაგან. ჩვენი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა ჩვენი ქვეყანა დაირღვა და განაწილდა სამს სამეფოდ და ხუთს სამთავროდ. ამ დარღვევამ არამც თუ მარტო ერთობის კავშირი გასწყვიტა ჩვენის სამეფოისა, არამედ საზოგადოებრივიცა. თვითოეული ჩვენგანი ერთმანეთს დაგვაშორა ერთმანეთის გულის_ტკივილისათვის გული აგვიცრუა, მოგვიკლა. მას დღეს აქეთ გაითხარა ჩვენის ბედნიერების სამარე, მას დღეს აქეთ თვითოეული დღე თითქოს რასმე სიკეთეს ხელიდამ გვაცლიდა. ეს საზარო უბედურება სულსა და ხორცში და გვხრწნიდა თავიდამ ფეხამდე, იგრძნეს მაშინვე ჩვენმა მამა_პაპებმა და მათგან უკეთესებმა შეაკლეს თავი ჩვენს ქვეყანასა, რომ ერთობა ხელ_ახლად ჩამოეგდოთ. ბევრმა სახელოვანმა მეფემ დალია ამაზედ თავისი სიცოცხლე, ბევრმა თავგამოდებულმა მამულის_შვილმა დაანთხია ამისთვის სისხლი, მაგრამ გარედამ მტერმა და შიგნით უკეთურთა ბზარვამ და ლალვამ იმოდენა ჯაფა, სისხლის ღვრა, თავგაწირვა, _ ამაოდ ჩაუტარეს დარღვეულობით დაუძლურებულს ქვეყანასა და ერთხელ ზურგშემოქცეულს ბედს პირი ჩვენკენ ვეღარ აქნევინეს. ეგ შეერთების ყოვლად_მხსნელი სურვილი თუმცა ვეღარ განახორციელეს, მაგრამ ანდერძად კი მაინც შერჩათ გულში ზოგიერთს ძველთაგან შთომილსა. ხოლო ჩვენი უბედურება ის იყო, რომ მაგ ძველთაგან ცოტანიღა შეგვრჩენ. დროთა ბრუნვამ, სხვა ნიავქარის ქროლამ, სუსტებს გული შეუცვალა და ჩვენს დროსათვის დარჩა იმ ძველთაგან ძალიან მცირე გუნდი, რომელთაც გული კიდევ უცემდათ ქვეყნისათვის. დრომ ისე იმძლავრა იმათზედაც, რომ ჩუმად, ხმამოუღებლივ უნდა მიმჯდარიყვნენ თავის უსიხარულო ჭერ_ქვეშ და იქ ეგლოვნათ, იქ ეტირნათ თავისის ქვეყნის პირქვე დამხობა, მერე ისე, რომ ცრემლი თვალზედ არავის შეემჩნია. გულში ჰქონდათ_მეთქი ის მაცხოვარი წყურვილი შეერთებისა, მაგრამ დრომ ისეთი თავზარი დასცა, რომ შიშობდნენ არამც თუ ემოქმედნათ რამე, არამედ ერთმანეთის ნახვასაც კი ერიდებოდნენ. ეგრე ეგ უკეთესნიც დაჰშორდნენ ერთმანეთსა და დღე_და_დღე კლებაში შედიოდნენ. კლებულობდნენ იმიტომ, რომ ის ყოვლად მხსნელი სურვილი მარტო იმათ გულში ტრიალებდა და შიშით თავი გარეთ ვერ გამოეყო, რომ გავრცელებულიყო მათ მომდევართა შორის და მემკვიდრეობით გადასულიყო მომავალთა გულში. ამ სახით, ის სურვილი, ცოტად და ბჟუტავდა ზოგიერთა გაცალკევებულს გულში, როცა მოედანზედ გამოვიდა სხვა ახალი მოზარდი თაობა. ...მართალია, ქართული თეატრი, ქართული შკოლა, წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სხვა ამგვარი ისეთი დიდი რამ არ არის, რომ ჩვენი ფარ_ხმალი ძირს დავსდოთ, მარტო მაგათ შევაჩერდეთ და მაგაზედ მეტი არა ვინდომოთ_რა. სურვილი ჩვენი ზღვაა და მაგგვარის კოვზით ეგ ზღვა არ დაილევა. მაგრამ ყოველს ამაში ჩვენთვის ძვირფასი ის არის, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც ჩვენის საკუთარის თაოსნობით და ღვაწლით არის მოყვანილი და ერთმანეთისათვის საერთო გულის_ ტკივილით შემზადებული. ეს ფრთაშესხმული საკუთარი თაოსნობა, ეს ერთმანეთისათვის გულის_ ტკივილი, ეს ფეხადგმული თვითმო-ქმედებითი ძალი, _ ის ნერგია, რომელმაც უნდა ამოხეთ-ქოს ყოველივე, რაც ჩვენთვის სანატრელია. ეს ნერგი დარგულია ჩვენში ჩვენის ყმაწვილ_კაცობის ხელით _ წარსულში, და მომავალის დროების მოღვაწეთა იგი უნდა ჰრწყან თავის მხურვალე ოფლითა. წარსულმა ეს უანდერძა მომავალსა, ეს ლარი გაუბა გზის საჩვენებლად...~ (1879 წლის 31 დეკემბრის ~შინაური მი­მოხილვა~). განმანათლებლურ_კრიტიკული, რეალპოლიტიკური ~ინტეგრალური ნაციონალიზმის~ სტრატეგია ითხოვს საკუთარი ~ნაჭუჭიდან~ გასვლას და ქვეყნის დანახვას და ჩვენებას ~მსოფლიო_ისტორიულ~ კონტექსტში, გეოპოლიტიკურ ტოპოსში გაცნობიერებას მისი ყოფიერებისა. ილია ჭავჭავაძე გეოპოლიტიკური ხედვის პირველ მონახაზსაც იძლევა და საქართველოსა და კავკასიის ევროპული ცივილიზაციის გეოპოლიტიკურ ინტერესთა სივრცეში მოთავსების შესაძლებლობაზეც მიუთითებს. ამავე დროს, გათვალისწინებულია, და აქ ილია ჭავჭავაძის დიდი პოლიტიკური კულტურა ჩანს, რომ კავკასია ერთობ რუსეთს წარმოადგენდა და ის, რაც ამიერკავკასიაზე (საქართველოზე) ითქმოდა არ უნდა გავრცობილიყო მთლიანად კავკასიაზე, და ცენზურისათვის არ უნდა შექმნილიყო პოლიტიკურ პროვოკაციაში ბრალდების საფუძვლად. ამგვარი პოლიტიკური თავდაჭერილობა ინტეგრალური ნაციონალიზმის განმანათლებლური და რეალპოლიტიკური ასპექტია: ~...ეს პატარა ქვეყანა, რომელსაც ამიერ_კავკასიას ეძახიან და სადაც უპირატესობა ყოველისფრით ქართველობას უპყრია, დგეს იმ ქვეყანად შეიქმნა, რომელშიაც, ბერლინის ხელშეკრულების შემდეგ, გამოიკვანძა დიდი კვანძი აღმოსავლეთის საქმისა... რუსეთი და ინგლისი _ ეს ორი დაუძინებელი მეტოქე აზიაში მფლობელობისათვის _ აქ, აზიაში დაეჯახებიან ერთმანეთს და ბოლოს საქმე იქამდის მივა, რომ მაგ საქმის კვანძი აქ უნა გაიხსნას. რით გაიხსნება ეს კვანძი, ხმლით გაჰკვეთენ, თუ საცივილიზაციო ღონისძიებითა, _ ამისი გადაწყვეტილად თქმა ძნელია წინათვე. ამას კი ვიტყვით, რომ პირველი ნიშნები ინგლისის მხრით საცივილიზაციო ღონისძიების ხმარებას მოასწავებს... ჩვენ აქ გვინდოდა, როგორც ლიტონს მემატიანეს, შეგვენიშნა, რომ აზია საერთოდ და ჩვენ თვითონ საკუთრივ ვართ საჭირონი არამც თუ ვენის თავისათვის მხოლოდ, არამედ სხვისათვისაც. თუმცა ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნიერობაზედ ამ ხუთას_ექვსას წელიწადში, მაგრამ ეს მიწის_ყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილს უწინ და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვადასხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარგად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების მიზეზად იქნება კიდეც. ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდ სიკეთე შეგვძინა და ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირს_სახსოვარია; ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლორცი, ჩვენთან ერთად მებრძოლი ~შავის ბედისა~, ჩვენის გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო, _ დღეს ჩვენ შემოგვიერთდა, და თუ კარგად მოექცევიან _ ვის ხელთაც აწ იმათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც სამუდამოდ... ეხლა ჩვენ ერთი დიდი და უდიდესი მოვალეობა გვაწევს: ძმებს ძმურად უნდა დავხვდეთ და ყოველიფერში უნდა იმათთვის ვიზრუნოთ, _ როგორც ჩვენთვის, იმათთვისაც თავი გამოვიდოთ, როგორც ჩვენთვის. თუ ჭირში ვუძმეთ, ჭირში მივეშველენით, _ ჩვენი ერთმანეთის დაურღვეველის კავშირის გაბმაც უეჭველია. ეს ისმინეთ და გაიგევით, ქართველობავ! რა გაგვიხსნის გზას მაგ კავშირის გაბმისათვის? აკაკი წერეთელმა სთქვა და ჩვენც ვიტყვით, რომ ამისათვის ერთი უებარი სახსარია: სწავ­ლა, ცოდნა და მეცნიერება. აი წამწყმედელი ყოველის უთანხმოებისა, დამადგინებელი ყოველის ერთობისა, ამამღლებელი ადამიანისა! აი ჭირთა ამხდელი სახსარი, კეთილდღეობის მომფენი ღონისძიება! სწავლა, ცოდნა, მეცნიერება _ ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვერ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე. ცოდნა უძლეველი ფარია არსებობისათვის, ბასრი ხმალია მოგერებისათვის. თუ მაგაში ფეხი გავიდგით, თუ მაგაში წინ წავდექით, ჩვენი ეხლა დაუძლუ­რებული ღონე ამოხეთქს მაგარ ფესვებს.... საქმე იმაშია ეხლა, რა გზით და როგორ?...~ (1879 წლის იანვარი) ის, რასაც მე ილია ჭავჭავაძის ინტეგრალური ნაციონალიზმის ~სოციალურ და პოლიტიკურ ტექნოლოგიას~ ვუწოდებ, აუცილებლობით მოითხოვს იმის გაცნობიერებას, რომ ილიას დროს, საქართველო, როგორც პოლიტიკური ერთეული, სახელმწიფო, არ არსებობდა. საქართველო იყო რუსეთი! აქედან გამომდინარე ყველა სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული შედეგით. ამიტომაც რუსეთის ანალიზი და რუსეთის მიმართ თავისი ~კონ­კრეტული საქმის~ თვალსაზრისის მიყენება ილიას სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი ხდება, რადგან ის, რაც რუსეთზე, როგორც სახელმწიფოზე კრიტიკულად ითქმის, იგივე კრიტიკული მზერით, და უფრო მძაფრადაც უნდა ითქვას საქართველოს (და ნებისმიერი სახელმწიფოს, ან მომავალი სახელმწიფოს) მიმართაც: ~რუსეთი ერთი იმისთანა სახელმწიფოა, საცა სხვადასხვა ტომისა და ენის ერნი სცხოვრობენ, და მერე ისე _ რომ თავიანთ მამა პაპეულ მიწებზედ არიან შეჯგუებულნი და არა შიგა_და_შიგ გაფანტულნი. ამიტომაც, ერთს უდიდესს საგანს რუსეთისას შეადგენს ჯერ ის, რომ სხვა ტომის ერნი როგორ უნდა მოეწყონ შინაობაში სათითოოდ, და მერე _ როგორ უნდა მოთავსდნენ სახელმწიფოსთან. დიდი ხანია მოსალოდნელი იყო ყველა თვალახილულ კაცისათვის, რომ დღესა თუ ხვალე ეს ფრიად რთული და მძიმე საგანი მთელის თავისის სიგრძით და სიგანით წინ აეყუდებოდა რუსეთს და მისდა გადაუწყვეტლად მისი წინსვლა შეფერხდებოდა. ყველას უნდა წინასწარ სცოდნოდა, რომ დღესა თუ ხვალე ეს საგანი თავისას მოითხოვდა; რომ დღესა თუ ხვალე რუსეთი იძულებული შეიქმნებოდა დაენიშნა საზღვარი სახელმწიფო მოქმედებისა საზოგადოდ და ეროვნებისა ცალკედ და ერთისა და მეორის მოედანი ცალ_ცალკე შემოეფარგლა. ამას მოითხოვდა არამც თუ ისტორიული მდინარეობა სამართლიანის აზრისა, არამც თუ შორმხედველობა დამჯდარის ჭკუისა, არამედ თითონ სახელმწიფოს პირდაპირი ინტერესიცა. თუ რამ სამდურავი, გულის_ტკენის ხმა, ჩივილი ისმოდა აწმყო მდგომარეობის შესახებ ამ ვრცელის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში, ამისი მიზეზი მარტო ის იყო, რომ მთელი მოედანი საზოგადოების ცხოვრებისა მარტო სახელმწიფოს ეჭირა, და ეროვნობა, რომელსაც თავის განსაკუთრებულს ცხოვრებაში თავისი საკუთარი საქმე აქვს, თავისი საკუთარი ჭირი და ლხინი, გულ_ხელ_ დაკრეფილი იყო და ხმაამოუღებლივ სხვის მაყურებელი. რუსეთს არა ჰქონდა და არც დღეის_აქამომდე აქვს გამოკვლეული და დადგენილი დედააზრი მასზედ, თუ სად თავდება უფლება ეროვნობისა და სად იწყება სახელმწიფოსი. მოხელეობა, რომელიც ხშირად მოკლებულია არამც თუ საზოგადო დედააზრებს, არამედ უმეცარია იმისიც, რაც ხშირად ფიქრად, თუ საგნად აქვს უმღლესს მთავრობასა, _ ამ უდიდესს საგანს ისე ექცეოდა, როგორც მისი ქეიფი იყო. ეგონა, რომ ეროვნობის დევნა და ჩაგვრა თავი და ბოლოა სახელმწიფოდ მომქმედის კაცისა, საჭიროა სახელმწიფოს წარმატებისათვის და თითონ უმაღლესი მთავრობაც ამისი მსურველი და მცდელია. ამ მხრით არავის ისეთი ვნება არ მოუტანია რუსეთისათვის, როგორც თავის ქეიფზედ მოარულთ მოხელეებსა: ორგულობას შვრებოდნენ და ერთგულობად კი მიაჩნდათ და იმათი კადნიერება იქამდის მიდიოდა, რომ მთავრობას მუნათსა სდებდნენ. მათის მოქმედების შედეგი ის იყო, რომ რუსეთის სახელი შეაძულეს მათ, ვის საერთო სიყვარულზედაც უნდა აგებულიყო სახელმწიფოს ძალ_ღონე, კეთილდღეობა და წარმატება. რადგან არსებითი ნიშანი ეროვნობისა, მისი გული და სული _ ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარის მოხელეობისა ყველაზედ უწინარეს ენას მისწვდა. თუ რომელსამე მოხელის ხელს ამ შემთხვევაში აზრი რამ ამოქმედებდა, ეგ ის აზრი იყო, რომ სახელმწიფოს ერთიანობა შეუძლებელია იქ, საცა ყველანი ერთსა და იმავე სახელმწიფო ენაზე არ ლაპარაკობენო. უგუნურება ამ აზრისა ცხადია. იყო დრო, როცა რჯულის, სარწმუნოების სხვადასხვაობასაც ამასავე სწამობდნენ. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, საცა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებდნენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია; დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირს საძირკველიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის. მოვა დრო, და გვგონია _ დიდის ხნის ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ეხლა რჯულის შესახებ ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ერთხმად. მოვა დრო, როცა უმეცარნი და ძალად_მაცხონე მოხელეებიც კი დაინახავენ, რომ ჩეხს შეუძლიან თავისი სკოლა, თავისი შინაური საქმეები თავისის დედა_ენის შემწეობით მოაწყოს და ავსტრიის იმპერიის ერთობა ამითი არამც თუ შეირყეს, უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს... ამ სახით, ეროვნობის საქმე რუსეთში ეხლა მორიგ საგნად გახდა, რომელსაც რუსეთის დაწინაურებული საზოგადოება, თავისის მწერლებისა და მოღვაწეების შემწეობით, წინ უყენებს მთავრობასა განაჩენის დასადგენად ეროვნობის სასარგებლოდ. თუმცა ჯერ მარტო ენის თაობაზედ არის ლაპარაკი და სხვა მხარეს ეროვნობის საქმისა ბეჯითად არ წასჭიდებიან, მაგრამ ენის შესახებაც ვხედავთ, რომ რუსეთის აზრმა ეროვნობის საქმეში ერთის ბიჯით კიდევ წინ წაიდგა ფეხი. წინათ უფლების აღდგენას მარტო სკოლის საქმეში თხოულობდნენ, და ეხლა ეგ აზრი იმოდენად განვითარდა და გაივსო, რომ ერის შინაურ საქმეთა წარმოებასა და გამგეობაშიაც ითხოვენ. აქ საკვირველი ის კი არ არის, რომ ეროვნობის საქმემ ეგრე სამართლიანად ფეხი მოიკიდა და მომხრეობა მისი გავრცელდა რუსეთის დაწინაურებულ საზოგადოებაში. ეს დღესა თუ ხვალ განათლებას უსათუოდ უნდა მოეხდინა. ამისათვის მარტო ხანი და დრო იყო საჭირო, რომ ჭკუა_გონება გაზრდილიყო, ასაკში შესულიყო. ჩვენ მარტო ის გვიკვირს, რომ იგი წრე რუსეთის საზოგადოებისა, რომელსაც სწავლა_განათლების მიმდინარეობაში განათლების ლამპარი და წინამძღვრობა ხელთ უპყრია, სწორედ ის წრე ყველაზედ მეტად და ხანგრძლივ ეურჩებოდა და დღესაც ეურჩება მას, რაც განათლებას ეგრე აუცილებლად დღესა თუ ხვალ უნდა ზედ მოჰყოლ;ოდა. ეს ისე ცხადად და თვალსაჩინოდ არსად არ აღმოჩენილა, როგორც რუსეთის იმპერიის განაპირებულ ადგილებში, საცა ენის თაობაზედ სკოლის საქმეში წაჯექ_უკუჯექის თამაშობა გამართეს სწავლა_განათლების მოხელეებმა. დიდხანს ითამაშებენ კიდევ ამისთანა სასაცილოს თამაშს თუ არა, ეგ ჯერ ღმერთმა იცის. (1881 წელი, მარტი). ~...ნეტარხსენებული იმპერატორი ალექსანდრე მეორე ავიდა ტახტზედ თუ არა, ახალმა სიომ დაუბერა რუსეთს. იმ დრომდე თვალდახუჭვილმა და ენადაბმულმა რუსეთმა თვალი აიხილა, ენა ამოიდგა. ...ახლად თვალახილულმა რუსეთმა, რაღა თქმა უნდა, ჯერ თავის_თავზედ დაიხედა, გაიჩხრიკა თავისი ყოფა_ცხოვრების თირკმელები, შიგნეულობა. ნახა რომ ზოგიერთი მაცხოვრებელი ძარღვი ჩასწყდომია, ჩირქი ჩასდგომია და შეჰგუბებია. შეუდგა მიზეზთა გამოძიებას: რამ იმოქმედა ასეო? ნახა, რომ მისის სნეულების სათავე _ თითონ ცხოვრების წყობაა და აგებულება, ერთხელ და ერთხელ შემოღებული და გაუახლებლად დამკვიდრებული. უარჰყო იგი წყობა. უარჰყო ყოველივე, რაც კი იმ წყობას შესწევდა და ხელს უმართავდა. ამ არსებულის უარყოფამ წამოიწია იმ წრიდამ, რომელსაც გონებით მცხოვრებს საზოგადოებას ეძახიან, რომელიც ყოველგან და ყოველთვის ნუგეშია და იმედი ყოველის ერისა, და რომელიც ცხოვრების წარმატების უღლის თავში პირველი ჩადგება ხოლმე... აზრთა მოძრაობაში, როგორც ყველფერში ქვეყანაზედ, ერთი მეორეს ადგილს არ უთმობს უომრად, უბრძოლველად. აქაც ასე მოხდა. ცხადიც არის, რატომ, არსე­ბული, ძველი, ისე არ გაცუდდება, რომ ვისიმე გამოსაყენი არ იყოს. ეს ერთი. მეორე ისა, რომ ბევრი იმისთანა მოდუნებული და შელახული კაცია ქვეყანაზედ, რომელიც ისე შეეჩვევა ხოლმე ჭირსა, რომ შეჩვეული ჭირი შეუჩვეველს ლხინს ურჩევნია. მესამე და ყველაზედ უფრო ფესვ_მაგარი კიდევ ის არის, რომ ყველას არსებულს, ყო­ველს ძველს თავისი ადგილი უკვე დაუპყრია ადამიანის ცხოვრებაში, უმრავლესობისაგან აღიარებულია, ნებით თუ უნებლიეთ გულ_შეჯერებულია და ჟამთა ხნიერობით ბეჭედდაკრული და დამტკიცებული. ამ სამთა მიზეზთა გამო ძველს, არსებულს, მომხრე არ დაელევა. თითონ ახალიც, რომელიც ძველის ადგილას უნდა ჩამოსდგეს, დაბადებისავე უმალ ისე არ მომწიფდება, რომ პირში ჩადების მეტი სხვა აღარა უნდოდეს_რა. როგორც ძველის ობი, ისე ახალის კვირტი _ ძნელი დასანახავია. ამისათვის მეტად საღი, გამჭრე თვალი უნდა გონებისა... ...ყოველგან, საცა კი ისტორიის ღირსი ერი თავისითა სცხოვრებს, ორნაირი წყობაა აზრისა და ეგ ორნაირი წყობა აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა. ერთი ის წყობაა, რომელიც ცხოვრებას უკვე აღმოუჩენია, დაუდგენია და დღეს მოქმედებს, მეორე ის _ რასაც დღევანდელი დღე თხოულობს და საჭიროებს... ...ჭეშმარიტი კონსერვატორობა ესარჩლება და იცავს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც, მისის გულწფრელის აზრით, ჯერ კიდევ გამოსადეგია და საჭირო ცხოვრებისათვის, და თუ ხანდისხან სცოდავს რაშიმე ქვეყანას, მარტო იმაში, რომ ზოგჯერ იმისთანა ძველსაც გადეფარება, რომელიც თუმცა გამოსადეგი აღარ არის, მაგრამ უვნებელია, და ძველის ადგილს არ უთმობს ახალსა _ მინამ კარგად გულს არ დააჯერებს, რომ ახალი კეთილს მოიტანს. ჭეშმარიტი ლიბერალობაც უარჰყოფს მარტო იმისთანა ძველს, რომელიც თავისი დრო და ჟამი მოუჭამია, რომელიც დღეს ხარიხად გასდებია ცხოვრებას და წინსვლას უშლის. იგი ნდომობს იმ ძველის მაგიერ იმისთანა ახალს, რომელიც ძველზედ უკეთ ხელს მოუმართავს ცხოვრების განკარგებასა და წარმატებას. საცა ბრალმდებელია, იქ მფარველიც უნდა იყოს. მარტო ამ ორკეცად გასინჯულ საქმეს მოსდევს მართალი და ჭეშმარიტი. კაცობრიობას დღეს_აქამომდე სხვა გზა არ აღმოუჩენია ჭეშმარიტის და მართლის მოსაპოვებლად... რუსეთში სულ სხვასა ვხედავთ. აქ ~მამებმა~ ისე გაიწიეს, რომ ყველაფერს ძველს გამოესარჩლენ ავისა და კარგის გაურჩევლად და ყველაფერს ახალს დაუწყეს ძაგება და დევნა; გაქირი ჰქმნეს ამაზედ და წინ ფეხი ვეღარ გადმოაბიჯეს. ამისი მაგალითი ~ღუსსკიჯ Vესტნიკ~_ია და ~Mოსკოვსკიე Vედემოსტი~, ეგ ორი უპირველესი ფალავანი ~მამებისა~. ჯერ გუშინ ღაღადებდა ~Mოსკოვსკიე Vედომოსტი~: დამნაშავეებს რაღა გასამართლება უნდაო, აიღეთ და ჩამოარჩვეთო, და სასაცილოდ იგდებდა ეხლანდელ განსამართლების წესს, რომლის შემოღებისათვის განსვენებული იმპერატორი მადლობით მოიხსენიება ისტორიაში. არც ერთი კონსერვატორი ევროპისა არ იკადრებდა მაგას და ეგრე უსირცხვილოდ არ შეეხებოდა მაგ დიდს და ახალს დაწყობილებას, რომელსაც ახალს განსამართლების წესს ეძახიან. თუ გუშინ ამას კადრულობდნენ რუსეთის ~მამები~, რაღა უნდა ვსთქვათ მასზედ, რაც ამ ოცის წლის წინათ იქმნებოდა მათის წყალობით. ეგრეთმა წყალ_გაღმა გაბიჯებამ ~მამებისა~_მ, ანუ უკეთ ვსთქვათ, გაქირმა, _ გაიგულისა ~შვილები~. ამან გააფიცხა, გაამწავავა და გააკაპასა ~მამებისა და შვილებს~ შორის ბრძოლა და ~შვილების~ ბანაკი იქამდის მიიყვანა, რომ უარაყოფინა არამც თუ მარტო ის, რაც ღირსი იყო უარყოფისა, არამედ ზოგიერთი იმისთანაც, რომლის უარყოფისათვის წამოწითლდება სირცხვილ_მორეული ეხლანდელი ჭეშმარიტი ლიბერალი რუსეთისა. ...ამ გადაჭარბებულმა უარყოფამა იქამდე მიუშვა სადავე, რომ უარჰყო თვით პუშკინის მოღვაწეობაცა და მთელს შექსპირს ერთი კაი სიგარა ამჯობინა. ამ მიმზიდ­ველმა, ლამაზად მოუბარმა, მაგრამ ხელსუბუქმა ახალგაზრდა მწერალმა ბევრი მოზარდი ყმაწვილი ჩაითრია და ბრმად აიყოლია. პისარევის მიმზიდველს ძალას ვერც ჩვენებურები გადაურჩნენ. ეს ჩათრევა, რასაკვირველია, მხოლოდ პისარევის მიმზიდველობით არ აიხსნება. აქ ყმაწვილის გონების გასატაცებლად უარმყოფელის მიმართულების სითამამე და გაბედულებაც იყო. ყმაწვილის გონებას ისე არა მიიზიდავს_რა, როგორც სითამამე, გაბედულობა. სითამამეს, გაბედულობას, ბევრი ბრწყინვალე მხარე აქვს და რათ უნდა გვიკვირდეს, რომ ყმაწვილმა მას მიატანოს, რაც ბრწყინავს. პატარა ბავში მაშინვე ხელს გაუწვდის ხოლმე სანთლის ალსა. ჩვენ ვამბობთ მარტო იმ ყმაწვილ_ კაცობაზედ, რომელთაც ჯერ გონების თვალი არ უჭრიდათ, რომ მაგ მიმართულების არსებითი ძარღვი ეპოვნათ. არც იმის თქმა გვინდა, რომ უარმყოფელს მიმართულებას კარგი არა მოუტანია_რა. ბულბულივით უაზრო გალობას პოეზიისას კრიჭა აუკრა და მადა წაარ-თვა, ავტორიტეტებზედ ბრმად დანდობა საიქიოს გაისტუმ-რა, ისტორიას, დიდკაცების ცუღლუტობის მაგიერ, საგნად ერის ყოფა_ცხოვრება მისცა, ყმა ადამიანად აღიარა და განათავისუფლა. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ბოლოს_და_ბოლოს, უფრო პისარევის წყალობით, ბევრი რამ მაგ მიმართულებაში ისეთი იყო, რომ ჩალასავით ტკაცა_ტკუცით აპილ­პილდა და გონება_გაუხსნელი ყმაწვილ_კაცობა წაიტყუა, როგორც ფარვანა ცეცხლმა. მეორე ნაწილმა ყმაწვილ_კაცობისამ კი, უფრო გონებაგახსნილმა, სრულად შეითვისა ყოველივე კეთილი მაგ მიმართულებისა და ზურგი შეუქცია ტყუილუბრალოდ ფრაზების ტკაცა_ ტკუცსა. ასე თუ ისე პისარევის უარყოფა დიდ მოდად შემოვიდა ბრმათათვის. ვისაც ადვილად და მოუმზადებლად კუსავით ფეხის გამოყოფა უნდოდა ქვეყანაზედ, ეგ მოდა უნდა მიეღო. ამისათვის ორიოდე ფრაზა იყო საჭირო. ერთი ის, რომ პოეზია, და ერთობ ხელოვნება, რა ჭკვიანი კაცის საქმეა, ერთი წყვილი წაღა შექსპირს მირჩევნიაო; მეორე _ ავტორიტეტები არა მწამსო; მესამე _ ისტორია ზღაპარიაო; და მეოთხე _ ქვეყანაზედ მარტო გლეხკაცია ადამიანი და თავადი და აზნაური კი არაო. ეს ფრაზები რომ დაგესწავლათ, ლიბერალი იყავით და ლიბერალი. აი სწორედ ამ_გვარ ლიბერალობაში ჩაცვინდნენ ჩვენებურის ყმაწვილ_კაცობის ბევრი წილი. დღესაც, აბა დააკვირდით ჩვენებურს შინ_გამომცხვარს ლიბერალებს, თუ მარტო ამ უთავბოლო ფრაზებით არ იკვებებოდნენ და ქვეყნის სასაცილოდ თავიანთ თავს ლიბერალებად და რადიკალებად არა ხადოდენ. აბა დააკვირდით, თუ ყველგან, საცა გინდა და არ გინდა, სულ ეგ ფრაზები არ წამოსჩხირონ, ფერად_ფერადს ძონძებში გახვეულები... ...მაგრამ ჩვენის ყმაწვილ_კაცობის სასახელოდ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ მათგანმა თითო_ოროლამ გამოინაპირა და თავისი შეცდომა მალე იცნო, გამოვიდა და ცალკე გუნდად დადგა ცხოვრების მოედანზედ. მას აქეთ ჩვენშიაც ყმაწვილ_კაცობა ორ ბანაკად გაიყო: ერთში მოექცნენ ისინი, ვისაც რუსეთის უარმყოფელის მიმართულებიდამ ოთხ ზემოხსენებულ ფრაზებს გარდა არა გამოეტანათ რა, მეორეში _ ახალის გუნდის მომხრენი. პირველებმა დაიხვიეს ხელზედ რუსეთის ~მამა_შვილობა~, ენაზედ დაიკერეს ზემოთმოყვანილი ოთხი ფრაზა და დღეს_აქამომდე აწიოწოს იძახიან და იოლად მიდიან. მეორეები კი დააკვირდნენ ჩვენი ქვეყნის ვითარებასა და ნახეს, რომ ჩვენ ქვეყანას სულ სხვა ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს. სცნეს, რომ ჩვენებური დღევანდელი დღე სულ სხვასა თხოულობს, სულ სხვასა ჰღაღადებს და მაშასადამე, ჩვენებური ლიბერალობა სულ სხვა რასმეზედ უნდა მიიქცეს მთელის თავისის ძალ_ ღონითა. და თუ აქაც ბედის წერას ისე არ გადავრჩებოდით, რომ ~მამა_შვილობა~ არ გამართულიყო, ბრძოლის საგნად ის ~სხვა რამე~ უნდა ყოფილიყო და ~მამებსა და შვილებს~ შუა მიჯნად დადებულიყო. ის ~სხვა რამე~ იყო _ ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისაგან. რომ ეგ ფათერაკი მოსალოდნელი იყო და დღესაც თავიდამ არ აგვცდენია, _ ყველასათვის ცხადზედ ცხადია. იმ ახალმა გუნდმა მთელი თავისი ღონე მაგ საგანს მიჰმართა. მაგ ახალმა მიმართულებამ დაიპყრა მთელი ჩვენი ღარიბი ლიტერატურა. ~საქართველოს მოამბე~, ~მნათობი~, ~დროება~ და ბოლოს ~ივერია~ სულ მაგ მიმართულების ბუკსა და ნაღარასა სცემდენ. საუკეთესო წარმომადგენელნი ჩვენის პოეზიისა სულ მაგას გვამხელდნენ, მაგას გვიგალობდნენ დღეს_აქამომდე. მართალია, ჩვენის ~ვინაობის~ აღსადგენად მაგ ახალს გუნდს ბევრი არა უქმნია რა, რადგანაც იმისათვის საჭირო მეცნიერებაში და ცოდნაში კარგა ქვეითობდნენ. მაგრამ ისიც დიდი საქმეა, რომ მაგ მიმართულებას მიაგნეს და ჩვენს ცხოვრებაში ცოტად თუ ბევრად ფეხი მოაკიდებინეს. ისიც დიდი ამბავი იქნება, თუ ამ გუნდმა ამ საგანზედ მოახედა ჩვენი ალმაცერად მაყურებელი თვალი და რაც ძალ_ ღონეა, სულ მაგ საქმეს ზედ მოახვია და შესჭიდა. რაც ვერ ჰქმნეს ამათ, იქმონენ სხვანი, ოღონდ ამ მიმართულებამ თავი დაიჭიროს ჩვენს ცხოვრებაში, ღრმად გაიკეთოს ძირი და იმოქმედოს, ვიდრე საჭიროება მოითხოვს. ...ეგ მიმართულება იქნება ახალი იმ დრომდე, მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში და საზოგადო საქმეთა სათავეში არ მოექცევა. სხვა საგანი ამაზედ უმძიმესი, ამაზედ უსაჭიროესი არა აქვს ეხლანდელ საქართველოს შვილს. ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი და ერთად ძმურად იმოქმედოს. ყოველივე საქმე, ყოველივე საგანი, რაც ჩვენის ცხოვრების მიმავლობაში თავისით თუ სხვისით აღმოჩნდება, სულ ყოველისფერი ჩვენს ვინაობის საქმეს უნდა შევურჩიოთ, ქვეშ დავუყენოთ. სკოლაა, ბანკია, თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისაკენ უნდა მივუბრუნოთ თავი. ვაყენებთ სადმე კაცს მარშლად, თუ ბანკის გამგებელად, თუ მასწავლებლად, თუ რადმე სხვად, _ მაგ მიმართულების სასწორზედ უნდა ავწონოთ. აი ჭეშმარიტის ლიბერალის საქმე რა არის ჩვენში. ჩვენებური რეტროგრადი ის უნდა იყოს, ვინც ამ ჩვენის დღევანდელის დღის მღაღადებელს ხმას არ გაუგონებს, ყურს მოუყრუებს და არ აჰყვება. გინდათ ~მამა~ დაარქვით ამისთანა კაცს, გინდათ ~შვილი~, აქ სახელწოდება არაფერს შუაშია, ოღონდ ეს კი ვიცოდეთ, რომ მაგისთანა კაცი ჩვენი კაცი არ არის. ...აი საგანი და აი გზაც მისდა მისაღწევად. აი რისთვის უნდა მომზადდეს ჩვენი ყმაწვილ_კაცობა, მთელის ევროპის მეცნიერებით და გამოცდილების ფარ_ხმალით შეჭურვილი, აი რა მოედანი უნდა შემოიხაზოს თავისის მოქმედებისათვის და რა გზა უნდა ამოირჩიოს. ამისთვის სამყოფი არ არის კაცმა დაისწავლოს პარიზის ყავახანაში მოარული ფრაზები და იმითი თავი მოიტანოს. ყმაწვილ_კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპიული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება, და ამ თოფ_იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს. უამისოდ, იმ მოედანზედ, რომელიც ჩვენ ზემოთ ვიგულისხმეთ, კაცი ერთ ბიჯსაც რიგიანად და სამკვიდროდ ვერ წასდგამს, და იმ საგანს და გზას, რომელიც ჩვენ აღვნიშნეთ, ვერაფერს საბოლოოდ ვერ დააჩვენს. ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს, სხვას ვეღარ ვუჩვენებთ ჩვენს საიმედო ყმაწვილ_კაცობას. ეს საგანი და ეს გზა სახეში უნდა გვქონდეს სულ მუდამ, ვიდრე ესეთნი დრონი მეფობენ. ~ჯერ მაცოცხლეო, მერე მაფიქრებინე, როგორ გავმდიდრდეო~, _ ამბობს ერთი სლავიანი პატრიოტი. ნამდვილად გულშემატკივარმა საქართველოს შვილმა ეს სიტყვები უნდა დაიწეროს გულის_ფიცარზედ და სხვაზედ არაფერზედ არ წაიტყუოს ჭკუა და ხელი. ...სხვა საწყაო ტყუილია და ამაო: სხვის ბაძი იქნება და არა ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი...~ (1881 წელი, მაისი....) * ყველა თემა შემოტანილია, ყველა საკითხი დასმული, და საკეთებელი საქმე მითითებული. ერთი სიტყვაც არ არის თქმული ~დამოუკიდებელ საქართველოზე~, ~ბედნიერ მომავალზე~ ან ~მომავალ სრულყოფილ საზოგადოებაზე~..., რადგან თუ რაიმე საკეთებელი და განსახორციელებელი უნდა იყოს, იგი ამ ფორმულებში ვერ მოთავსდება, რადგან მხოლოდ კონკრეტული საკეთებელი საქმით განისაზღვრება პიროვნული და საზოგადოებრივი (ან ეროვნული) ყოფიერება, როგორც საზოგადოების ყოველი წევრის ერთობლივი ძალისხმევა, ძველის კრიტიკული ანალიზი (~გამოჩხრიკვა~!) და ახლის დღევანდელი საჭიროების მიხედვით აწყობა და გაწყობა (სოციოტექნიკა და სოციალური ინჟინრობა). ესაა ეროვნული კონკრეტული საქმის ღერძი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მხოლოდ ამ ფორმით შეიძლება იქნას მოპოვებული და არსებობდეს. ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკის განსაკუთრებულობა ~კონკრეტული საქმის~ ან თანამედროვე ტერმინებში ~ფრაგმენტალური სოციოტექნიკის~ ~განმანათლებლურ-კრიტიკულ ნაციონალიზმთან~ ინტეგრირებაშია. იგი დიდ მნიშვნელობას იძენს დღეს და მეოცე საუკუნის ევროპული ~ლიბერალური და დემოკრატიული~ ნაციონალიზმის კერძო მოვლენას წარმოადგენს.[28] ილია ჭავჭავაძის მეოხებით შეგვიძლია ჩვენ დავასაბუთოდ, რომ თანამედროვე ქართული სოციალური და პოლიტიკური აზრი ევროპული ცივილიზაციის მთავარი ნაკადის ბუნებრივი შენაკადია და რომ ევროპის საზღვრები ბუნებრივად მოიცავს საქართველოს, რომელიც, ევროპიდან ჯერ თურქეთის კედლით ჩამოცილებული, შემდეგ კი რუსეთის იმპერიაში ჩაკეტილი, თანდათან თვითრღვევას განიცდიდა (და განიცდის დღესაც). ეს თვითრღვრვა ილია ჭავჭავაძისა და მის მომდევნო თაობის ~განმანათლებელ-კრიტიკოს ნაციონალისტთა~ უდიდესი ძალისხმევით იქნა შეჩერებული მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის. მაგრამ რევოლუციურმა წარღვნამ კონკრეტული საქმის ძალისხმევა წალეკა და თან გადაიყოლა ~გონს მოსული~ რუსეთი და მასთან ერთად საქართველოც. სოციალისტური და კომუნისტური ტოტალიტარიზმის ბნელ გვირაბში საქართველო უკვე რევოლუციურად ~დეზორგანიზებული~ აღმოჩნდა და ამ დეზორგანიზების მოწესრიგების ტოტალიტარულმა სოციოტექნიკამ თითქმის არარობამდე დაიყვანა ეს ნახევარსაუკუნოვანი ძალისხმევა. თაობათა ცვლა კატასტროფული აღმოჩნდა საქართველოსათვის, რადგან ქართულ სინამდვილეში რეალური სოციალური საყრდენები (ძალები) სრულიად მოშლილი აღმოჩნდა. ახალმა რევოლუციურმა ტალღამ იმის საპირისპირო მიმართულებით გადაიარა, რომელიც ილია ჭავჭავაძის კონკრეტული საქმის სოციოტექნიკითა და განმანათლებლური ნაციონალიზმით იყო მითითებული. ეს რომ არა, დღეს საქართველოცა და, ალბათ, კავკასიაც ევროპული ცივილიზაციის ერთი განსაკუთრებული კუთხე (სახლი) იქნებოდა... ევროპულად განსწავლულ ეროვნულ მოღვაწეებს ერთადერთი სასიცოცხლო მიზანი ამოძრავებდათ _ აღდგენილიყო არა მხოლოდ ქართული მეობა და ისტორიული ღირსება, არა მხოლოდ პოლიტიკური სახე საქართველოსი, მისი დამოუკიდებლობა, არამედ კვლავ აღდგენილიყო გაწყვეტილი კავშირი ევროპასთან, რომლის ნაწილადაც საქართველო და ქართველი ერი ყოველთვის განიხილავდა თავის თავს. იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ევროპიდან მოწყვეტილი და განმხოლოებული ქართული ქრისტიანული ცივილიზაცია და მისი მატარებელი ხალხი, დაქვეითებული და დეგრადაციის გზაზედ შემდგარი საქართველო მოექცა ბიზანტიის დაცემის შემდეგ[29], ქართული განმანათლებლური ნაციონალიზმი _ როგორც ევროპისაკენ კარის გახსნის რეალპოლიტიკური სტრატეგია და კონკრეტული საქმის სოციოტექნიკა _ უნდა გამხდარიყო საზოგადოებრივი და ეროვნული ძალისხმევის ის კვანძი, რომელიც ზნეობრივი იმპერატივის როლს შეასრულებდა. საქართველო რუსეთში და რუსეთად არსებობდა, ამიტომ საჭირო იყო რუსეთისვე მაქსიმალური გამოყენება. რუსეთი უნდა ქცეულიყო (და კიდეც იქცა ~ბუნებრივად~, რადგან საქართველო მის შიგნით იმყოფებოდა) ევროპისა და თანამედროვეობისაკენ გადებულ ხიდად. ამ ხიდზე უნდა გამოევლო იმას, რასაც საჭიროებდა საქართველო _ განათლებას. ილია ჭავჭავაძეს არსად და არასოდეს არ უთქვამს, თუ დაუწერია, რომ საქართველო უნდა გაივსოს ევროპული ~საქონლით~. როგორც მატერიალური აზრით, ასევე ინსტიტუციონალურით. ერთადერთი, რასაც იგი ითხოვდა, ეს იყო განათლება ანუ იმ კონკრეტული საქმის კეთების, წარმოების ხელოვნების, ტექნეს[30] ათვისება, რომელიც ასე განასხვავებდა ევროპას რუსეთსა და საქართველოსაგან. დანარჩენი ყოველივე საკუთარი ხელით იყო გასაკეთებელი. სწორედ ამ აზრით, და ამ მიმართებით, იყო რუსეთი საჭირო შექმნილ ვითარებაში: მისი მეშვეო­ბით საქართველო თუმც მძიმედ, რუსული ურმის ჭრიალით, უბრუნდებოდა თავის ბუნებრივ წიაღს _ ევროპულ ცივილიზაციას, რადგან თვითონ რუსეთიც, ყოველ შემთხვევაში მისი განათლებული ნაწილი ამ გზას ადგა. მითუმეტეს მეცხრამეტე საუკუნის დასასრულსა და მეოცეს დასაწყისში. და აქ რომ შევჩერდეთ, და სხვა არაფერი დავინახოთ, მადლობის მეტი არა ითქმის რა რუსეთის მიმართ. მაგრამ ეს სინამდვილის მხოლოდ ერთი და ისიც შესაძლებლობის ასპექტით წარმოჩენილი ვითარება იყო. საკუთრივ რუსეთის გეოპოლიტიკური და ეთნო_სოციალური ხასიათი და ინტერესები ნამდვილად არ გულისხმობდა საქართველოს, როგორც თავისთავადი და დამოუკიდებელი, ~ავტონომიური~ ერთეულის ~გაშვებას~ ევროპისაკენ. საქართველო რუსულ ხიდზე რუსეთად, ხოლო ქართველი _ რუსად უნდა გასულიყო. რუსიფიკაციის მასაზრდოებელი იდეა ეს იყო. აქათკენ იყო მიმართული კულტურული რუსიფიკაციაც, დაფორმულებული სახით ამ ~კულტურული რუსიფიკაციის~ ტაქტიკა გამოხატა მთავარმმართებელმა ვორონცოვმა, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში საწყისი განათლების, თეატრის და სხვა კულტურული საქმის დაფუძნებას, რადგან ~პროვინციელ ქართველებს კულტურის მადა გაეღვიძებათ და რუსეთს იქით გასასვლელი არ ექნებათ, რაც ბუნებრივად გამოიწვევს მათ გარუსებას~. ეს საფრთხე სრულიად რეალური იყო და იგი კარგად იგრძნო ილია ჭავჭავაძემაც და ვაჟა ფშაველამაც, რომლებმაც რუსეთში ბოლომდე სწავლას ისევ საქართველოში დაბრუნება არჩიეს.[31] ამ გარუსების წინააღმდეგ ფარად იქცა ~განმანათლებლურ_კრიტიკული ნაციონალიზმი~ ანუ ეროვნული საქმის სტრატეგია, რომელიც მდგომარეობდა საკუთარი მეობის, ღირსების, პიროვნულობის დაცვასა და ამაღლებაში, ანუ ქართულ კულტურულ ღირებულებათა გაცოცხლებაში არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით. სოციალ_კულტურული თვალსაზრისით იყო კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტი: როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩამორჩენილი და განა­პირებული საქართველო, ვიდრე მას ~თავისი თავი ეყუდნეს~ იგი იყო ერთეული და თავისთავადი სისტემა, საკუთარი სოციალური იერარქიით და ღირებულე­ბათა სისტემით. ქართული სოციალური იერარქია შესატყვისობაში იყო ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ იერარქიასთან და შესაბამისად დაფასებულიც: ქართ­ველი მეფე ნებისმიერი ქვეყნის მეფეს, ან სახელმწიფოს მეთაურს, ეთანაბრებოდა, ხოლო ქართველი თავადი _ სხვა ქვეყნის წარჩინებულს უტოლდებოდა. უახლეს ისტორიაშიც იგივე განმეორდა. დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე არსებობისას საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც და ელჩებიც შესატყვისი პატივით და ღირსებით იყვნენ მიღებულნი. საქართველოს შეერთებამ რუსეთთან და დამოუკიდებლობის მოსპობამ უმალვე გამოიწვია ამ ქართული იერარქიის და მთელი სოციალური სისტემის ღირსების დაცემა და დეკლასირება. ხოლო შედეგად ამისა კი _ გაპროვინციელება. ქართველი მეფე იქცა ~თავადად~ (თუნდაც ~ბრწყინვალე~) რუსეთის იმპერატორის კარზე, ანუ ~ერთადერთობიდან~ ჩამოქვეითდა ~ერთი მრავალთაგანობამდე~, ~კარისკაცობამდე~. ადვილი წარმოსადგენია, რა დაემართებოდა დანარჩენ ქართულ სოციალურ და კულტურულ სისტემას, ქართულ სოციალურ ფსიქიკას, ქართველ ადამიანს, რომელიც უეცრად, ერთი ხელის მოსმით დააქვეითეს მთელი ~ოქტავით~ და თავისთავადიდან რუსეთის იმპერიის პერიფერიულ და პროვინციალურ ~რელიქტად~ აქციეს. სამწუხაროდ, ქართულ ისტორიოგრაფიაში და სოციალურ ფსიქოლოგიაში ეს საკითხი სავსებით ხელუხლებელია. ჩემის აზრით ქართული ყოფის რეალური დაქვეითება და გაპროვინციელება _ აქედან გამომდინარე მძიმე სოციალური, ეკონომკური, ფსიქოლოგიური და ზნეობრივი შედეგებით, სწორედ ამ ვითარებაში იღებს სათავეს; ხოლო ეს ვითარება კი, თავისთავად, სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა სოციალისტურ და კომუნისტურ ტოტალიტარულ ბნელ გვირაბში შეღრმავებისდა კვალად. ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, არჩილ ჯორჯაძის, მიხაკო წერეთლის და სხვათა მძაფრი კრიტიკაც სწორედ ამ ვითარების ამსახველია: ეროვნული დეპრესია შედეგი იყო და არა მიზეზი თავდაპირველად, მაგრამ ისტორიაში შედეგი მიზეზად დგინდება თუ დროზედ არ ემკურნალა და ეშველა. მიზეზისა და შედეგის ამ ~მითოსური~ შებრუნების გაცნობიერებაში იღებს სათავეს ილია ჭავჭავაძის ეროვნული საქმისა და კრიტიკის ორლესული სიმკვეთრე. ილიას კრიტიკა ერთის მხრით მიმართული ქართველებისა და სა­ქართველოსადმი ისეთის სიმახვილით, რომ ამოსაძირკვად განწირულს ემგვანება მთელი საქართველო, მეორეს მხრით მიმართული იყო საქართველოს დამამცრობელი და შეურაცხმყოფელი ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ. დღისით როზგი ეჭირა ხელში ილიას, ღამით კი ფხიზლობდა სასთუმალთან და გაშიშვლებულსა და უმწეო საქართველოს თავისი სიყვარულის საბანს აფარებდა. და უნდა ითქვას რომ ილია ჭავჭავაძე ამაშიც პირველი იყო. მან არა მარტო ქართული ეროვნული ბრძოლის სტრატეგია შექმნა, არამედ ქართული ღირსების დაცვისა და ამაღლებისაც _ ე.ი. შექმნა მთლიანად ქართული ყოფის პროვინციალური დეგრადაციიდან თავის გამოხსნის ტექნოლოგია, რასაც მე ~ინტეგრალურ (განმანათლებლურ, კრიტიკულ და რეალპოლიტიკურ) ნაციონალიზმს~ ვუწოდებ. ხოსე ორტეგა ი გასეტი, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისშივე ამოიკითხა ამ ტრაგიკული საუკუნის არსება და მას ~მასათა ამბოხის~ საუკუნე უწოდა, წერს: ~ვინც ისეთი არ არის, როგორც ყველა, ვინც ისე არ ფიქრობს როგორც ყველა, განადგურების საფრთხე ემუქრება. რა თქმა უნდა, ეს ~ყველა~ სინამდვილეში ~ყველა~ როდია. უწინ ~ყველა~ მასისა და მისგან განსხვავებული უმცირესობის ჯამს ერქვა. დღეს კი ~ყველა~ _ მხოლოდ მასაა~. მასათა ამბოხი მასათა და მათი ლიდერების ბატონობით დასრულდა. თუკი რამე ვერ გაუგეს ილია ჭავჭავაძეს, ეს იყო მისი არისტოკრატული სოციალური ერთობის პოლიტიკა, რომელიც ყველაზე უფრო ნაკლებ გამჟღავნებული სტრატეგია იყო ილიას ეროვნული ბრძოლის საქმეში. ამიტომაც იღებდა უარყოფით შეფასებას ილიას ცდა დაედასტურებინა და ეჩვენებინა ქართველ თავად_აზნაურთა, როგორც არისტოკრატული კლასის ეროვნული ღირებულება და მნიშვნელობა; შექმნილ ვითარებაში _ გამოსადეგობა. სოციალისტური და რვოლუციური იდეების კორიანტელში გახვეულ ახალ თაობას (განსაკუთრებით, რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატებს) ზერელე ტვინში არაფერი შესდიოდა, და თუ შესდიოდა _ არ უჩერდებოდა. თვით ისეთი მაღალგონიერი და საქართველოსათვის თავდადებული პიროვნებაც კი, როგორიც თავადი არჩილ ჯორჯაძეა ~ბრმა და ყრუ~ აღმოჩნდა ილიასეული სტრატეგიის ლატენტური სიღრმის მიმართ. თუმცა თვითონ არჩილ ჯორჯაძეც ილიასეული სიმძაფრით მიმართავდა ქართველ ერს: ~...თქვენი თვითმოქმედება მოკლულია, ყოველი თქვენი ნაბიჯი შეზღუდულია, თქვენი პიროვნება ფეხითაა გათელილი და ასეთ პირობებში როგორ შეიძლება განვითარება, წინსვლა, რაიმეს შექმნა... რა უნდა გააკეთოთ, როდესაც თქვენი ნამოქმედარი არ არის თქვენთვის უზრუნველყოფილი, როდესაც არ იცით, რასაც ხელს მოჰკიდებთ, დაგანებებენ თუ ხელიდან გამოგგლეჯენ და თვითონ თქვენ სადღაც შორს გადაგტყორცნიან! ადამიანის გონება როგორ განვითარდება, როცა ფიქრიც კი არ შეგიძლიათ თავისუფლად, როცა თქვენს მოქმედებას ვიწრო ფარგალი აქვს გარს შემოვლებული და თუ გადაცდით, ათასი ხიფათი და განსაცდელი დაგატყდებათ თავს ურიცხვი მცველისა და მბრძანებლისაგან! მაგრამ ქართველნი მაინც აზვიადებთ გარეშე მიზეზებს და არ გინდათ თქვენი უბედურების უმთავრესი წყარო ეძიოთ საკუთარს თქვენს არსებაში...~ ილია ჭავჭავაძის საქმე მეტყველებდა ქართველთა, როგორც ერთობის, ღირსების აღდგენის სტრატეგიის შესახებაც. იგი შიდასოციალური ღირსების აღდგენისთვისაც ისევე იბრძოდა, როგორც პოლიტიკური და ეროვნული ღირსებისა. ილიასათვის რეალური, არსებული საქართველო უნდა გაცოცხლებულიყო _ ერთნაირად დასნეულებული ასოები ერთი ეროვნული არსებისა უნდა აღმდგარიყვნენ. ~კლასთა ბრძოლასა~ თუ ~შერიგებას~, თუ ამ ცნებებს რაიმე რეალური ისტორიული შინაარსი აქვთ, მაშინ ექნებოდა აზრი, როდესაც ~კლასები~ ერთნაირად დასნეულებულნი კი არა, ერთნაირად ჯანსაღები იქნებოდნენ. საზო-გადოება ვერ იარსებებს არისტოკრატიის როგორც კლასის, ეროვნული ცხოვრების ერთერთი ბურჯის და ხელმძღვანელის გარეშე. ამიტომ საჭირო იყო მისი გაცოცხლება, გაჯანსაღება და მისი ღირსების აღდგენა. თავადაზნაურობა უნდა განთავისუფლებულიყო პროვინციალურ_ჩინოვნიკური მდგომარეობიდან და ფსიქოლოგიიდან; შექმნილიყო ერის ნამდვილ ბურჯად ახალ ვითარებაში. ნამდვილ სოციალურ და კულტურულ ელიტად ამ ცნების ჭეშმარიტი, ღირსებისეული, არაპრივილეგირებული გაგებით. ინგლისისადმი ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებული ყურადღება, ჩემის აზრით, შეიძლება ჩაივალოს არაპირდაპირ დადასტურებად, რომ ინგლისი იყო ის ~მოდელი~, რომელიც ყოველმხრივ უჭერდა მხარს ილიას ამგვარ ინტეგრალურ თვალსაზრისს. საქართველოს მეფე აღარ ჰყავდა, ხოლო თავადაზნაურობა ჯერ კიდევ იყო ბუნებრივი წყარო და სათავე ქართველი ერის ისტორიული და სახელმწიფოებრივი ტრადიციის აღდგენისა. ხოლო ტრადიციისა და ისტორიის გარეშე არა თუ ერი, ადამიანიც კი ცხოველდება: ანუ, როგორც ილია იტყოდა: ~თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რისღა მაქნისია? ის ნადირია~. საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაჰკარგა, დაჰკარგა ~თავისი თავის ყუდნებაც~, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ რჩებოდა მონარქიულ ქვეყანად, თავადაზნაურული კლასის მიერ სტრუქტურირებულ სოციალურ წყობად. სამწუხაროდ საქართველოში, როგორც პროვინციაში განსაკუთრებული სიძლიერით მიმდინარეობდა ის პროცესი ბიუროკრატიზაციისა, რომელიც ესოდენ დამახასიეთებელი იყო რუსული მონარქიისათვის და განმასხვავებელი ქართული წყობიდან. ბიუროკრატიზაციის ეს პროცესი თავისთავად უშლიდა ხელს არისტოკრატთა (ზრდილთა და ღირსეულთა) კლასის რეალურ პოლიტიკურ ძალად შექმნას, და მას იმავე ფუნქციას აკისრებდა, როგორიც შეიძინა რუსეთის საკარისკაცო კლასმა _ ~დვორიანსტვომ~. ეს ფუნქცია მდგომარეობდა ~დვორიანსტვოს~ მიერ ინტელიგენციის როლის მიღებაზე. რუსეთის ისტორიაში ცნობილი ~რაზნოჩინელობა~ გახდა საფუძველი რუსეთში ინტელიგენციის ჯერ ფენად და შემდეგ ერთგვარ განმანათლებლურ კლასად ჩამოყალბებისა. ასეთ პროცესს არსად ევროპაში ადგილი არ ჰქონია. ბიუროკრატიული ავტოკრატიზმი სრულიად განსაკუთრებულ და ევროპული აბსოლუტიზმისაგან განსხვავებულ სახეს იძენდა[32]. რაც რუსულ ისტორიოლოგიაში და ლიტერატურაში საკმაოდ შთამბეჭდავად არის აღწერილი. თავადაზნაურთა კლასის ამგვარ არაპოლიტიკურ კლასად გადაქცევას და მის ბიუროკრატიზებას, საქართველოსათვის უდიდესი საფრთხე ახლდა: სრული რუსიფიკაცია და ქართული კულტურის (ყველა ფორმით) მოსპობა. აუცილებელი იყო ქართველ თავადაზნაურობას დაბრუნებოდა მისი პოლიტიკურ_კლასობრივი შეგნება, საზოგადოების წინამძღოლის როლი. ამის მიღწევა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ინტეგრალური ნაციონალიზმის სტრატეგიითა და მეთოდებით: ერთის მხრივ, თვით რუსეთის ლიბერალურ (კონსტიტუციურ) მონარქიად განვითარებით და ამ გზით (ინგლის_ირლანდიის), საქართველოში ასეთივე ტიპის კონსტიტუციური მონარქიის აღდგენით გეორგიევსკის ტრაქტატის იდეურ საფუძველზე. მეორეს მხრივ კი, ქართველი თავადაზნაურობისათვის ქართულ ღირებულებათა ნამდვილი სახის ჩვენებითა და გახსენებით, თავადაზნაურობისათვის მისი როგორც კლასის პოლიტიკური და სოციალური როლისა და საჭიროების დადასტურებით, ქართული სოციალური და პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებით.[33] ამიტომაც იცავდა ილია ჭავჭავაძე ასეთის მამობრივის მზრუნველობით თავადაზნაურობას, როგორც სოციალურ კლასს და არა იმიტომ, რომ, როგორც უკიჟინებდნენ და უკიჟინებენ (ან ~მორცხვად მალავენ~), არ ესმოდა მიმდინარე ისტორიული პროცესები ~კლასთა ბრძოლისა~ და ~რევოლუციური გარდაქმნებისა~ და სხვა მისთანანი. ილია ჭავჭავაძეს კრიტიკული ანუ შეგნებული დამოკიდებულება ჰქონდა სინამდვილესთან და არა იდეოლოგიური, ანუ შეუგნებელი და ბრმა ფანატიზმით მოსალტული. ამ შეგნებული დამოკიდებულების და რეალური პოლიტიკური სტრატეგიის უეჭველ გამოხატულებას ვხედავ 1882 წლის მარტის ~შინაურ მიმოხილვაში~ (ხაზგასმა ჩემია). ~... თუ ქვეყნის სიკეთეს და ბედნიერებას ნიშნად წინ დაუსმენ კამისიას და განზრახულს ცვლილებას ამაზედ მიმართავენ, მაშინ სწორედ ეგ საგანი _ ეროვნობის და სახელმწიფოს ერთმანეთში მოთავსებისა _ უნდა განსაკუთრებით გამოაკვლევინონ, ნამეტნავად ჩვენში, და ცვლილების დედაბოძად დაადებინონ. ჩვენ ამას წინათაცა ვსთქვით, და ეხლაც სიტყვა_სიტყვით ვიმეორებთ, რომ _ ~ვიდრე წესების ცვლილებას შეუდგებიან ჩვენში, ჯერ ყველაზე უწინარეს გამოცნობილ და აღიარებულ უნდა იქმნას ის, თუ რა თვალით და რა გულით უნდა გვიყურონ ჩვენ; უნდა გამოცნობილ იქმნას, კარგად განსაზღვრულ და ბეჯითად განმარტებულ თუ, _ ვინა ვართ ჩვენ და რანი ვართ. რომ არავინ დაგვწამოს მიდგომით ლაპარაკი, ჩვენ მოვიყვანთ აქ ერთის რუსის მწერლის ნათქვამს ამ საგანზედ: ~ჩვენ, რუსებმაო. _ ამბობს იგი, _ არ უნდა დავივიწყოთ თავის_დღეში, რომ საქართველო ხმლით არ დაგვიჭერია; რომ ჩვენ თანასწორნი ძმები ვართ და არა მძლავრი ბატონები. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქართველნი შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში მისთვის, რომ ქართველადვე დარჩნენ და უცხო ჯიშმა, უცხო სარწმუნოებამ და უცხო ჩვეულებამ არ შთანთქას. ამიტომაც ყოველს ქართულს, ყოველსავე ქართველთაგან ისტორიით შეძენილს, ქართველთაგან პატივცემულს და წმინდანად აღიარებულს, ყოველსავე განსაკუთრებულს თვისებას ქართველისას _ იმოდენად პატივი უნდა ვცეთ, იმოდენად მხარი მივცეთ და ხელი შევუწყოთ, რამდენადაც ყოველსფერს ჩვენს საკუთარს რუსულს. კავშირი ძმათა შორის იმაში მდგომარეობს, რომ ერთი_მეორეს ძმურად შეეწეოდეს, ერთი_მეორეს შემსჭვალოს, და არა იმაში _ რომ ერთის ადამიანობა მეორეს მტლად დაედოს, ერთმა მეორე ჩაყ-ლაპოს. ყოველივე სახე ერისა, ყოველივე ეროვნება ერთ-გვარად ბუნებრივია და ერთგვარად კანონიერი, აგრეთვე ყოველივე ჩვეულება და თვისება~. თუ ამ გრძნობით და ამ სამართლიანის აზრით არ შეუდგებიან ჩვენში ცვლილებების საქმეს, ყოველივე ცვლილება სახელდახელო საქმე იქნება, უსულო, უგულო, უსიცოცხლო და გამოუსადეგი ქვეყნისათვის ცალკე და სახელმწიფოსათვის საზოგადოდ. მაშინ ცვლილება ჩინოვნიკის ერთის სკამიდამ მეორეზედ გადახტუნება იქნება, კანცელარიების სახელების შეცვლა, და ბევრი_ბევრი _ ორიოდ გროშის გამოზოგვა სხვა არაფერი. არ ვიცით, ჩვენი შუამდგომლობა რამოდენად გასჭრის, მაგრამ მაინც ეგ შუამდგომლობა ჩვენ უნდა ვიკისროთ და ქვეყანას გავუწიოთ ამ მხრით სამსახური. ჩვენი წმინდა მოვალეობა დღეს ის არის, რომ მთავრობამ ჩვენგანა სცნოს ჩვენი გულის_ ტკივილი და ჩვენის ნატვრის საგანი. ახალის მთავარმმართებლის გულმტკივნეული სიტყვები ჩვენის ქვეყნის შესახებ, მისი მტკიცედ გამოთქმული აღთქმა, რომ რაც შესაძლოა, არავითარს ღონისძიებას არ დაიშურებს ჩვენის ქვეყნის აღმატებისათვის, მისი მტკიცედვე გამოთქმული სურვილი, რომ თითონ საზოგადოებაც მოეშველოს ქვეყნის განწყობის საქმეში, იმედს გვაძლევს, რომ აქაური უმაღლესი მთავრობა სიამოვნებით მიიღებს ყოველსავე რიგიანად გამოკვლეულს, დამჯდარის ჭკუით შემუშავებულს აზრს მასზედ, თუ რა გზით და რა განზრახვით უფრო შესაფერია, გამოსადეგი და ნაყოფიერი, ცვლილების მოხდენა. ეს დიდი და წმინდა მოვალეობა, რომელიც დროთა ვითარებამ ჩვენს ზურგზედ წამოგვკიდა, მძიმე ტვირთია და დიდის ყურადღების ღირსი. როცა ჩვენი შვილები _ ჩვენ, მამებს, განგვიკითხავენ, პირველად ამას გვეტყვიან: ეს ამისთანა შემთხვევა გქონდათ და რა ჰქენით ქვეყნისათვისა და თქვენი თქვენის შვილებისათვისაო. რომ პირნათლად დახვდეთ ამ განკითხვის დღეს, რომ სირხვილით პირზედ ხელი არ ავიფაროთ ჩვენთა მომდევართა წინაშე, რომ ჩვენი ხსენება საწყევრად არ გავიხადოთ, მაგ მძიმე ტვირთს უნდა ყოველის ჩვენის სული-ერის და ხორციელის ძალით ცნობიერად და წინდახედვით გავუძღვეთ. ვინ არის ჩვენში ამისთანა სასახელო საქმის ღირ-სეული მეთაური? ვინ გამოიდებს თავს? აი კითხვანი, რომელთაც, ჩვენდა სამწუხაროდ, პასუხი ეგრე ადვილად ვერ მოეპოვება. ჩვენი დიდკაცობა, რომელიც წარჩინებულობით, ხარისხით, ყოფა_ცხოვრებით და შეძლებით ყველაზედ მახლობლად არის უმაღლეს მთავრობასთან და, მაშასადამე, უმაღლეს მთავრობამდე ხმის მიწვდენის ღონე ხელთა აქვს, ამ საქმისათვის მოუმზადებელია. თუნდაც ჭკუით და გონებით მომზადებული იყოს, გულიც იმოდენად გაღვიძებული უნდა ჰქონდეს, რომ საქვეყნო საქმისათვის უცემდეს და მოსვენებას არ აძლევდეს, იმოდენად აღმატებული უნდა იყოს ზნეობით, რომ თავის პატივმოყვარეობას, სახელსა და დიდებას _ მარტო ქვეყნისათვის დადებულ ღვაწლში ხედავდეს და მარტო მაგ ღვაწლის სიდიდით ზომავდეს კაცის ადამიანურს ღირსებასა საზოგადოდ და თავის დიდკაცობისას ცალკედ. კმაყოფილება ჭეშმარიტის პატივმოყვარეობისა მარტო ამისთანა ღვაწლში მოიპოვება და სხვა არაფერში. ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი დიდკაცობა შორს მანძილზედ არის დარჩომილი ამ მხრით და ქვეყნისათვის დადებული ღვაწლი არამც თუ ადამიანის ღირსების მხოლოობით საწყაოდ მიაჩნია, არამც თუ ჭეშმარიტის პატივმოყვარეობის საგნად უღიარებია, არამედ მის ცხოვრების დავთარში სახსენებლადაც მოხსენებული არ არის. არ არის ქვეყანაზედ არც ერთი ერი, რომლის შემძლებელი ნაწილიც ასე გულაცრუებული, ასე გულგრილი იყოს საზოგადო საქმეების შესახებ, როგორც ჩვენები არიან. არ არის ჩვენში არც ერთი საზოგადო საქმე, რომ მასში ჩვენის დიდკაცობის წარმომადგენელი მოქმედებდეს და იღწვოდეს. თეატრია, გაზეთია, თუ ჟურნალი _ უიმათოდ იღწვიან; ღარიბს, ღატაკს თავისი გროშები მოაქვს, რომ როგორმე თეატრი, გაზეთი, ჟურნალი შეინახოს და ერთობ საზოგადო საქმეს ხელი როგორმე შეუწყოს და ერთი დიდკაცთაგანი კი ყურსაც არ იბღერტავს, თითქო ყოველივე ეს მისთვის სათაკილო საქმე იყოს. ან იქნება უმეცრებისა გამო ჰგონიათ, რომ ქართული თეატრი, ქართული ჟურნალი, თუ გაზეთი, და სხვა ამ_გვარი საქმე არაფერს არ მოასწავებენ და წვრილფეხობის ცუღლუტობადა სთვლიან. ერთიც, მეორეც, მესამეც, რაც უნდა უძლური იყვნენ დღეს, ჩვენის ვინაობის დამცველნი და შემნახველნი არიან. ვინც ამათ ზურგს შეაქცევს, თავის საკუთარს ვინაობას უარჰყოფს, თავის ადამიანურს სახეს შეურაცხყოფს და არარდა ჰხდის. თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდგან გა­დამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ეხლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ_ორი, რომ თუ კაცი თავისას გადაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!.. მაშ საიდამ რას უნდა გავხდეთო? იკითხავს მკითხველი... ეგ სახსარი _ ჩვენის გუბერნიების თავად_აზნაურთა კრებაა, ტფილისისა და ქუთაისისა. ეს კრება წელს უნდა მოხდეს თავ_თავის ადგილას. ჩვენდა სანუგეშოდ ამასაც ვიტყვით, რომ დღეს ყოველი კაცი, დიდი თუ პატარა, ჰგრძნობს, რომ ეგ მაგისთანა კრება კენჭის სათამაშო ყრილობა არ არის, როგორც აქამომდე იყო. დღეს ყველას, ვისაც კი გული გაჰღვიძებია ქვეყნისათვის, საზოგადოებისა და ერისათვის, მაგ სახსარს შეჰყურებს ხარბის და იმედიანის თვალით. დღეს ყველა ფიქრობს, რომ ეგ კრება როგორმე გამოიყენოს საზოგადო საქმისათვისა. ყველანი ამას ამბობენ, რომ ჩვენი ხმა აქედამ უნდა მივაწვდინოთო. ამის ნებას კანონიც გვაძლევს და ქვეყნის უკიდურესი საჭიროებაცაო. მართალია, თავად_აზნაურთა კრებას ზოგიერთნი, შინაურნი თუ გარეულნი, პატარა ფარგლით უზომვენ ხოლმე მოქმედების მოედანს, ამით ყოველს აზრს და წინადადებას, რომელთაც კი საქვეყნო, საყოველთაო ფერი ადევს, ფარგალ_გარეთ აგდებენ, როგორც არა_კუთვნილს საგანს კრებისას, მაგრამ სცდე-ბიან. სცდებიან ისინიც, ვინც ამ შემთხვევაში გულწრფელად იქცევიან, ხოლო ბევრნიც იმისთანანი ამოგვიჩნდებიან თითონ კრებაში, რომელნიც ამისთანა ფარ_ხმალს იხმარებენ რაიმე ამაო რიდითა და ანგარიშითა. მაშინ ეგ შეცდომა დანაშაულობად უნდა ჩაეთვალოს მომქმედსა. დიაღ, ბატონებო, ჩვენს ვინაობას ჩვენს ცხოვრებაში უსათუოდ გზა უნდა მიეცეს და ამაზედ თავად_აზნაურთა კრებამ თავისი ხმა უნდა ამოიღოს, ხმა კანონიერი, დინჯი, დარბაისლური და მშვიდობიანი. უამისოდ წარმატების გზა შეღობილია. ესეთი ყოფა წარმატების გზისა ერთნაირად საგრძნობელია ყველასათვის. ამ ერთს ტაფაში თავადიც იწვის, აზნაურიც, მღვდელიც და ერიც. თუ განზრახულმა ცვლილებამ ჩვენს ვინაობას არ მოხედა, თუ გვერდზედ აუარა, ამისი ბრალი ჩვენ დაგვედება, და მაშინ ნურც მთავრობას დავემდურებით და ნურც ბედსა.~ არა მგონია ვინმეს ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ ამ ~შინაურ მიმოხილვაში~ დასმული საკითხი მართლაც ~შინაურული~ ღირსებისა იყოს და სხვა არაფერი. ეს საკითხი დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია დღესაც და იქნება ყოველთვის, ვიდრე არსებობს ერისა და სახელმწიფოს ურთიერთში მოთავსების პრობლემა. ეს საკითხი არა მარტო ~იმპერიის~ საკითხია, არამედ საერთოდ სახელმწიფოებრივი წყობის უზოგადესი საკითხიც. და აქ აშკარად ვხედავთ სათავეს როგორც ~ავტონომიური~ ასევე ~ფედერალისტური~ სახელმწიფოებრივი აზრისას. თამამად შეიძლება ითქვას რომ ილიამ აქ ~საუკუნეებს გადააბიჯა~, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვეობის აშკარა ტენდენციას მულტინაციონალური ინტეგრაციისაკენ, ან, სხვაგვარად _ ფედერალიზმისაკენ. არსებული იმპერიისა და არსებული სახელმწიფოებრივი წყობის ფარგლებში ეროვნული თვითგამორკვევის და თვითდადგინების პრინციპის პრაქტიკული განხორციელება ილიას იმ დროისათვის სამომავლო აზრს, რეალპოლიტიკური მძლავრი შეგნება არა ძველის ტოტალური ნგრევის, არამედ პრაქტიკული ეროვნული საქმის გზით მიმართავდა. ისევე, როგორც დავით აღმაშენებელში გამოვლინდა ქართული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ენერგია, ილია ჭავჭავაძეში თავი მოიყარა ეროვნულმა პოლიტი-კურმა რეალიზმმა, რომელმაც ათასგზის გადაწონა კიდეც საუკუნეთა განმავ­ლობაში გამოვლენილი ~ჰეროიკულ_ რომანტიკული~ ქარაფშუტული აპოლიტიკურობა და თავკერძობა. სწორედ ამ ეროვნული და სოციალური თავკერძობის წინააღმდეგ იყო შემუშავებული ილიას ეროვნული სტრატეგია, რომლის მძლავრი ფეთქვა ისმის თითქმის ყოველ ~შინაურ მიმოხილვაში~: ~ის ერთი რამ _ ის საზოგადო მნიშვნელობის ძარღვია, რომელმაც ამ ბოლოს ხანებში მეტად ძლიერად ცემა დაიწყო ჩვენში. ჩვენდა სანუგეშოდ, დღეს აშკარადა სჩანს, რომ ბევრს ჩვენგანს გული გახსნია საქვეყნოდ, ბევრს ჩვენგანს უგრძვნია და უცვნია ის ტკივილები ქვეყნის ტკივილებად, და თუ იღწვის ეხლა მათ გამო, პირადი ანგარიში და გამორჩომა უკან დაუყენებია და მარტო საზოგადოს, საქვეყნოს სიკეთეს ეტანება მთელის თავისის შეძლებითა და ღონითა. ამიტომაც ჩვენს მეტყველებას ამ ბოლოს დროს და ნამეტნავად წელს, სწორედ ადამიანური ფერი და ღირსება დაედვა...~ ილია ჭავჭავაძის მიერ საუკენის წინ დაწერილ ~შინაურ მიმოხილვებს~ სადღეისო აზრი და ძალა სრულყოფილად აქვს შენარჩუნებული, მაგრამ 1883 წლის აგვისტოს შინაური მიმოხილვა ილია ჭავჭავაძემ დღევანდელი დღის წინასწარმხილველის განჭვრეტით დაწერა თითქოს. როგორც ჩანს ილია მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ მიმოხილვაში გამოთქმულ თვალსაზრისს, რომ, აკრძალული და ცენზურის მიერ ~განწმენდილ_გაკრეჭილი~, მაინც დაბეჭდა ის: ~ამ ოცი ოც_და_ათი წლის წინათ, ბატონ_ყმობის გადავარდნამდე, ისეთი მყუდროება სუფევდა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მისი შერყევა ოდნავ მაინც შესაძლებელი ყოფილიყო. როგორც ბურუსიანი, ღრუბლიანი, თბილი და მშვიდი დღე, ისე იხედებოდა მაშინდელი ჩვენი ცხოვრება. არც წვიმა სადმე, არც ქარიშხალი; ელვას რომ ათასში ერთხელ ვღირსებოდით, დიდი ღვთის წყალობა იქნებოდა, ხელს აღვაპყრობდით ცისკენ და ღაღადებით ქებასა და მადლობას ვეუბნებოდით უფალს _ ელვისა და ქუხილის გაჩენისათვის ერთის წამით მაინც. დიახ, ასეთი გახლდათ ის წარსული დრო, დრო მე_40 და 50 წელთა, დრო მიძინებისა და ჩვენის გონებრივისა და ეროვნულის მიმძინარებისა, მოქანცულობისა. მწერლობაც ამ_გვარის მიმძინარებულის ხასიათისა გახლდათ მაშინ. იგი ზედმიწევნილის სინამდვილით გვიხატავს მაშინდებურს ჩვენს არარობას, ჩვენს სიღატაკეს აზრისას თუ ცხოვრებისას; ჩვენს მოღალულობას ცხადის საბუთებით მოწმობს დღესაც მაშინდელი ჩვენი მწერლობა და ლიტერატურა. მაშინდელის ჩვენის მოღალულობის, ჩვენის დავარდნის, ჩვენის განიადაგების ცხადი, უტყუარი სახსოვარია ეგ ჩვენი გონების ნაღვაწი: მტკიცედ და მედგრად სდგას მაშინდელი ძველი მწერლობა, რომლის ბურუსიან, მიძინებულს გარემო ჰაერს ხანდისხან და იშვიათად დაარღვევდა ხოლმე ნ. ბარათაშვილის წარსულ დროთა მოგონებით დაწყლულებული პოეზია და გრ. ორბელიანის ღრმად ეროვნული პოეტური კალამი. მაგრამ ეს ორი კაცი და კიდევ ორიოდე სხვანი მე_40 და 50 წელთ არ ეკუთვნოდნენ. ესენი იყვნენ სხვა დროს აღზრდილნი, სხვა ანდერძის გავლენის ქვეშ, სხვაგან რბოდა მათი გონება, სხვა მიმოგონება სწყლავდა მათს გულს. ესენი იყვნენ ცოტანი და მათი აზრის და გრძნობის გაელვება მხოლოდ ოდნავ არღვევდა იმ დროს გარემო წყვდიადს, მხოლოდ ოდნავ აფხიზლებდა დაძინებულს ქართველთ გონებას. ამ_გვარი გაჭირვებული დრო დადგება ხოლმე ერისათვის ხანგრძლივის და დიდის_ხნის მღელვარე ცხოვრების შემდეგ. იშვიათად მიჩვენებთ ერს, რომ როდისმე მაინც ესევ ამ_გვარადვე არ გასჭირვებოდეს, როგორც ჩვენ ქვეყანას და ერს უჭირდა ორმოციან და ორმოც_და_ათიან წლების განმავლობის დროს. მეისტორიე მიშლესი არ იყოს, რომელიც საფრანგეთის დიდის რევოლუციის შემდეგ მდგომარეობაზე ლაპარაკობს, მაშინ რომ ქართველისათვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთო, სიცოცხლეზედ ვიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, გიპასუხებდნენ. _ მაგის გარდა კიდევაო? _ კიდევ სიცოცხლე გვინდაო, გეტყოდნენ. _ რას ეძახით სიცოცხლეს, როგორ თუ სიცოცხლეო? _ ისეო, გეტყოდნენ, რომ გავლა_გამოვლა შეგვეძლოს, სუნთქვაო, ცით და მთვარით დატკბობა, მზის ცქერაო და ჩვენის ჭიის გახარებაო. გვინდა ვგრძნობდეთ, რომ თავი ისევ მხრებზე გვაბიაო, რომ ჩვენის თავისთვის გვეთქვა, ფიქრი არა გაქვს, ისევ ცოცხალი ხარ, ჯერ არ მომკვ-დარხარო. ერთის სიტყვით, ხალხს და ერს მხოლოდ ხორციელის ცხოვრების ნატვრა ჰქონდა, მხოლოდ იმაზედ ჰფიქრობდა, რომ უნდა გავფრთხილდე, თორემ, სულს ხომ აღარა ვჩივი, ხორცითაც არ დავიღუპოვო. აბა ამ_გვარს დროს სად და ვის მოჰკითხავდი აზრსა, გონებას, თავგანწირულებას ერისათვის, საქვეყნო საქმისათვის. აკი არც არაფერი შეინიშნებოდა ამ_გვარი. ქვეყანა მხოლოდ ლუარსაბ თათქარიძეებით აივსო, რუსეთუმეებმა დაამშვენეს საზოგადოებრივი ცხოვრება და საზოგადოებრივის სამ­სახურის ასპარეზი... ...აღარავის ახსოვდა მაშინ, რომ ამ ქვეყანას ჰყოლია ხალხისთვის და მამულისთვის მხნე მუშაკნი, მხნე მებრძოლნი, ნიჭით და ქველობით სავსენი. აღარავის ახ­სოვდა მაშინ, რომ ეგ საზოგადოებრივი ასპარეზი იყო დიდ სამსხვერპლოდ გადაქცეული და ამ სამსხვერპლოზედ იკვლოდნენ და იწირვოდნენ ძენი მამულისანი, რომ ეს უკანასკნელნი მათსავით ძვირად არ აფასებდნენ თავიანთ თავს, თვითონ ხორცსა და ამ ხორცის მხოლოდ ხორციელს არსებობას, უსულოდ, უგულოდ, ქვეყნისათვის თავგამოუდებლად, მისთვის თავშეუწუხებლად. დიახ, ორმოციანი და ორმოც_და_ათიანი წლების წინაპარნი საქმის ხალხი იყო, სამუშაო ბევრი ჰქონდათ, ბოზბაშისათვის და ჩიხირთმისათვის აგრე_რიგად არ ზრუნავდნენ: არც დრო ჰქონდათ, არც შეჩვეულნი იყვნენ ამგვარებზე ზრუნვას. მტერი მუდამ კარზე, მმართველობა, წესისა და წყობილების დაცვა, უშიშროების დამყარება, ქვეყნის წინ_გაძღოლა, მტერსა და მოყვარესთან პირნათლად გამოსვლა და გაძღოლა, _ ყოველივე ეს თვითოე-ულად და საზოგადოდ შეადგენდა მაშინდელის ქართველის საზრუნავს საგანს, მისის გონების და აზრის სავარჯიშოს. ყოველივე ეს აღიხოცა, ყოველივე ესე გაჰქრა და ქართველი... დარჩა უსაგნოდ, ვარჯიშობას მოკლებული, მარტო, სულით ობოლი, სასოებამიხდილი... ეხლა ის დრო აღარ არის, ჟამმა ჩვენმაც მოაღწია. ეხლა სულ სხვა გვარი ლაპარაკი ისმის, უფრო საიმედო, უფრო გამამხნევებელი, არამც თუ მარტო დასავლეთ ევროპაში, არამედ რუსეთშიაც_კი. აი, რას ამბობს ერთი რუსის მწერალი, რომლის კეთილ_საიმედო სახელს ეჭვ_ქვეშ მხოლოდ კატკოვი აყენებს. ~საზოგადოდ, _ ამბობს იგი, _ ინკორპორაცია ქვეყნისა, რომელსაც ჰქონია თავის ისტორიული ეროვნობა, ყოველთვის დიდს სიძნელეს წარმოადგენს და ხშირად უფრო მეტი ვნება მოაქვს, ვიდრე სარგებლობა. ~ისტორიულ ერთა მოსპობა შეუძლებელია; დიდი უბედურობისა და დამცირების შემდეგაც კი იგინი კვლავ აღდგებიან ხოლმე და გულში ღრმად იმარხავენ შეური-გებელს სიმძულვარეს დამჩაგვრელთა და დამპყრობთა მიმართ~. ეხლანდელ დროში ხომ, როცა ასე საყოველთაოდ განმტკიცებულია და აღგზნებული ეროვნული გრძნობა და თავისუფლების სურვილი, ესე_გვარი საქმე უფრო ძნელ საქმეს წარმოადგენს. მოსპობა რომელიმე ერის დამოუკიდებლობისა და თვითებისა და შერიცხვა მისი სხვა ერთა შინა, _ ეგ იმას ჰნიშნავს, რომ ძალად და განზრახ აიღოს მან თავის_თავზე ხელი, დაივიწყოს თავისი უწინდელი ცხოვრება, თავისი მოგონებანი, თავისი დაცემული დიდება, თავისი ინტერესები, თავისი ზნე, ენა, და სუყველა ეს მტრის გასახარელად, მტრის სასარგებლოდ. ეს საქმე აღემატება კაცთა შემძლებლობას. თუ შეუძლებელია გაერთიანება ერთა, რაღა აზრი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოთა გაერთიანებას. ...დღეს თუმცა ჩვენი გაჭირვებული მდგომარეობა ჯერ კიდევ არ გათავებულა და არც მალე გათავდება, იქნებ დიდი განსაცდელიც მოგველის მომავალში, მაგრამ მაინც ჩვენი დრო ბევრად უკეთესი დროა ზემოთ_მოხსენებულ დროსთან შედარებით. დღეს ცხადად და უტყუარად შესამჩნეველია ნიშნები ერის გამოფხიზლებისა, ძველის საუკეთესო ნაანდერძევის აღდგენისა. ზემოხსენებულთ წელთ შემდეგმა დრომ, იმ ჭირისა არ იყოს, რომელიც ზოგჯერ მარგებელია ხოლმე, მოიტანა თან სხვა ნიავი, გასწმინდა ცოტად თუ ბევრად ქვეყნის დამაბნელებელი ბურუსი, გადაჰყარა ღრუბლები და ჩვენი ეროვნული ცნობიერება გამოაფხიზლა. დიაღ, დღეს ბევრსაც ერთიანად გვწამს ჩვენც ჩვენის ქვეყნის მომავალი და _ ~... გლახ ბედისაგან ესრედ დასჯილნი იმედოვნებას ვუწოდებთ ფარად~. ...მართლა, ამ სამოც_ოთხმოც წელს ისე არ გაუვლია, რომ ჩვენ ცხოვრებას ცოტათი მაინც სხვა ფერი არ დასდებოდეს. მაგრამ მაინც ჩვენი მდგომარეობა გაჭირ­ვებულ მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. რამდენს უფრო მეტად ვგრძნობთ უკეთესად ცხოვრების მოწყობის სურვილს და ხელმოკლეობას ამ სურვილის განხორციელები­სათვის, იმდენად უფრო მეტად ვიტანჯებით, მეტად გაჭირვებულად გვეჩვენება ჩვენი არსებობა. რასაკვირველია, უმადურობა იქნება და არც სიმართლეს შეადგენს უარყოფა იმ სარგებლობისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენ ბატონ_ყმობის გადავარდნამ, თუმცა ახალის, მაგრამ მაინც ფრთა_შეკვეცილის სამართლის წესების შემოღებამ, თვითმმართველობის ნამცეცებმა და სხვა და სხვა....~ (1883 წ. აგვისტო) ილია ჭავჭავაძის განმანათლებლურ_კრიტიული და რეალპოლიტიკური ინტეგრალური ნაციონალიზმის და კონკრეტული საქმის სტრატეგიის მონახაზიც კი, ჩემის აზრით აშკარად მოწმობს, რომ უკვე 80_იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, მისი აზრი უტრიალებს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებს. საქართველოს სინამდვილე აიძულებდა ილიას პრაქტიკული საქმიანობის სფეროში მეტად მოზომილი და რეალურად განხორციელებადი ნაბიჯები გადაედგა. თეორიული ძიებები მიმართული იყო ქართული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომკური წყობის თანამედროვე ფორმის შეემუშავებისაკენ საქართველოს ქრისტიანული კულტურის, ისტორიული გამოცდილების, და ბუნებრივ ცხოვრების სტილად, ხასიათად ქცეული ტრადიციის, და ევროპის ცივილიზებულ ერთა და სახელმწიფოთა მიღწევების ინტეგრირებით. საქართველო და ქართველი ერი განიხილებოდა როგორც თავისთავადი, განსაკუთრებული ნაწილი ევროპული სამყაროსი, ანუ ქრისტიანული ცივილიზაციისა. საგულისხმოა, ამ თვალსაზრისით, ილიასეული ~მიბრუნება~ ისტორიისაკენ და, ამავე დროს, მოწოდება ~წარსულ დროებზედ დარდის მოკვლისა და ახალ ვარსკვლავს მიდევნებისა~, რაც ~მყობადის შობას და ხალხისათვის მომავლის მიცემას~, ანუ გზის გახსნას, გულისხმობდა. ეს ორი, ერთის შეხედვით ურთიერთსაპირისპირო გეზი ეფუძნებოდა ქრისტიანული ცივილიზაციის საზღვრებში ევროპელობისა და ქართველობის ღრმა შეგნებას. უკვე ამგვარად დანახული საქართველო იყო არსებით ~ანტირუსული~ და ამ ფარული პოლიტიკური თვალსაზრისის ფონზე კიდეც იყო შესაძლებელი თავის არიდება რეალურ და აშკარად ვერმოსარევ ძალაუფლებასთან პირდაპირი კონფრონტაციისაგან. ილიამ პირველმა გაიაზრა საქართველო ევროპული ცივილიზაციის ასპექტში და რუსეთისაგან გამოხსნის გზაზე დაყენების შესაძლებლობები დასახა. რუსეთი და რუსული ძალაუფლება ილიასათვის ის რეალობა იყო, რომლის ერთის მხრივ გამოყენება იყო საჭირო,_რამდენადაც ~ძალა აღმართს ხნავდა~_, ხოლო, მეორეს მხრით კი, საჭირო იყო ბრძოლა ლიბერალური რეფორმებისათვის, კონკრეტული და ნაწილობრივი ნაბიჯებით რუსეთის წყობის გაევროპიულებისათვის. ილიას რეალპოლიტიკა გულისხმობდა არა მარტო საქართველოს თავისთავადობას და ამ თავისთავადობის აღდგენას, არამედ, რუსეთის განვითარებასაც, რამდენადაც ეს განვითარება ხელს უწყობდა საქართველოს შემზადებას დამოუკიდებლობისათვის. ხოლო ამ შემზადების გარეშე უაზრო იქნებოდა ლაპარაკი დამოუკიდებლობასა თუ, მითუმეტეს, თავისუფლებაზე. ყოველივე ეს ლაგდებოდა როგორც ერთიანი სტრატეგიის ეტაპები და ტაქტიკური სვლები. დღეს უკვე აშკარად ვხედავთ, რომ ეს სტრატეგიაც და ტაქტიკაც ერთიან სისტემაში არსებობდა, სრულიად რეალურად, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, არსებული ქართული საზოგადოებისათვის შეუმჩნეველი იყო. ვერ დაინახა იგი ვერც ~ახალმა ეროვნულმა მოძრაობამ~. ილია ქართველი ერის მომავალს ანუ თავისუფლებას, ან ~ჩვენი თავის ჩვენადვე ყუდნებას~, მოჭადრაკის სტრატეგიით ამზადებდა, როდესაც ყოველი სვლა ერთდროულად მოწინააღმდეგისადმი პასუხიცაა და საკუთარი მიზნისაკენ წინ წაწევაც. ამ რეალიზმის გაქრობა ილიას შემდგომი ქართული პოლიტიკური და სოციალური აზრის და, რაც მთავარია, საქმის განვითარებაში ყველაზე დიდ ნაკლად წარმოდგება. საქართველოს თვითმკვლელობის ტრაგედიაც აქედან იწყება. ილიას ~ინტეგრალური ნაციონალიზმის~ მიზანს, ამგვარად, ძალაუფლების დამხობა ან ძალაუფლების თავისთვის ხელში აღება კი არ წარმოადგენდა (პიროვ-ნულ_პარტიულად), არამედ ქართველი ერის განათლება და განვითარება იმ ზომამდე, რომ თვით ქართველი ერი, როგორც ერთობა ყოფილიყო გამგებელი თავისი ბედისა ნებისმიერი ძალაუფლების პრობებში _ ეს ნიშნავდა ამ მიზნის შიგ ქართველი ერის გულში მოთავსებას და გულის აძგერებას ამ მიზნის შესატყვისად. ამგვარ გეზში თვით ძალაუფლების, ან, როგორც დღეს ითქმის, სისტემის, თუ რეჟიმის, საკითხი მეორეხარისხოვანი ხდებოდა. ~თუ ერი ერობს~ მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო თუ ერი არ ერობს, მაშინ ვერავითარი ძალაუფლება და რეჟიმი ვერ იხსნის მას დაღუპვისაგან. ესაა ილიას რეალპოლიტიკური, განმანათლებლურ_კრიტიკული და კონკრეტული საქმის სტრატეგიის, ანუ ~ინტეგრალური ნაციონალიზმის~ გულთავსი. თუ გადავხედავთ რა სოციალურ და ინტელექტუალურ რეალობასთან უხდებოდა ურთიერთობა ილიას, ადვილი დასანახია, რომ ილიას გოდება ~კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, გული ჩემი გავუზიარო~ _ ეხება არა იმდენად ქართველ ~კაცად_კაცებს~, როგორც ასეთებს, არამედ იმ, ილიასეული სტრატეგიისათვის არასანდო და ვერ შემგნებელ საკრებულოს ქართველი ინტელიგენციისა და ერთობ მოწინავე ფენებისა, რომელსაც უნდა ეტვირთა ამ სტრატეგიის შეგნებული ხორცშესხმა. ვგულისხმობ მთლიან სტრატეგიას შეგნებული მიზანსწრაფვისას, თვით შეგნებულ მიზანსწრაფვას და მოჭადრაკის მოთმინებით სვლას ქართველობის გადარჩენისა და გათანამედროვებისაკენ.ილიას გარემდგომი ქართული სინამდვილე მეტად არასახარბიელო სურათს იძლეოდა სწორედ ამ ეროვნული შეგნების, ეროვნული საქმის სტრატეგიისა და ტაქტიკის გაცნობიერების თვალსაზრისით. ილიას რეალიზმს და ქართული სინამდვილის ღრმა წვდომას უპირისპირდებოდა, განსაკუთრებით 900_იანი წლებიდან, ~მოდელური~ თვალსაზრისი დაფუძნებული გარკვეულ იდეოლოგიებსა და იდეოლოგემებზე. ეს მოდელები და იდეოლოგიები სრულიად სხვა, არაქართული ისტორიული სინამდვილის წიაღში იყვნენ წარმოშობილნი და სრულიად სხვა მოთხოვნილებების და პრობლემების გადასაჭრელად იყვნენ მიმართულნი; და, რაც მთავარია, იმ ხალხის მიერ ატაცებულნი, რომელთათვისაც საქართველო ინფანტილური სიყვარულის ობიექტი თუ იყო, ან პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებელი ასპარეზი, და მხოლოდ. ეროვნული მოძრაობა საქართველოში, რამდენადაც ის ~მოძრაობა~ იყო და არა კონკრეტული საქმის სტრატეგიის სტრუქტურულ_ტაქტიქური ელემენტი, თავიდანვე ერთგვარი ოპოზიციური მოძრაობის ხასიათს ავლენდა ძლიერი და ძალაუფლებისაკენ მისწრაფებული მასათა მაორგანიზებელი დაუნდობელი რევოლუციური პარტიების მიმართ, რომელთა მიზანს არსებული წყობილების ნგრევა და საკუთარი ძალაუფლების დაფუძნება წარმოადგენდა. ილია ჭავჭავაძეს კარგად ესმოდა ამგვარი ნგრევის საშიში და სავალალო შედეგები მოუმზადებელი და თანამედროვეობას ჩამორჩენილი საქართველოსათვის. იგი ყოველნაირად ცდილობდა შეეკავებინა ეს დამანგრეველი ტენდენციები და მთელი ძალა მიემართა საქართველოსა და ქართველი ერის ნაბიჯ_ნაბიჯ გაცოცხლება_გაჯანსაღებისაკენ. ~ეროვნული მოძრაობის~ ეს ოპოზიციურობა კარგად გამოვლინდა 1918_1921 წლებში, როდესაც ეროვნულ_დემოკრატიულმა პარტიამ, რომელიც თავს ილია ჭავჭავაძის პირმშოდ თვლიდა, და რომელსაც მმართველი სოციალისტები ~რეაქციულ თავად_აზნაურთა პარტიად~ ნათლავდნენ, ითამაშა მხოლოდ ოპოზიციის როლი და არ ეყო ძალა შეებრუნებია საქართველოს ისტორიის ~უცხოდ~ მიბრუნებული ჩარხი. თვით სოციალისტ_ფედერალისტთა ნაციონალიზმი, ანუ ~სრული მიღება ილიას ეროვნული პროგრამისა~, იყო უფრო ბუნებრივ მამულიშვილური და ინფანტილურ_პატრიოტული გრძნობების გამოვლინება, ვიდრე სერიოზული შეგნება ილია ჭავჭავაძისეული ინტეგრალური ნაციონლიზმის სტრატეგიის მთელი სიღრმისა. სოციალიზმ_ფედერალიზმი შინაგნად წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა და საბოლოოდ ითამაშა ინტელიგენტური მოძრაობის, ე.ი. არა პოლიტიკური პარტიის, არამედ პოლიტიკური ინტელიგენციის(პუბლიცისტური) როლი ჩვენს ისტორიაში, დაუთმო რა ასპარეზი უფრო პოლიტიკურად დაუნდობელ, მთლიანსა და ჰომოგენურ მიმართულებას, რომელიც ეროვნულ ღირებულებებს არავითარ რეალურ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და მიისწრაფოდა ერთპარტიული ძალაუფლებისაკენ. საქართველო ორი სოციალისტური ცენტრალისტური ექსპერიმენტის სამსხვერპლოზე იქნა მიტანილი.[34] ** საზოგადოებრივი ცხოვრების რთული მექანიზმი განუწყვეტელ გაპოხიერებასა და გაზეთვას საჭიროებს; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჟანგი ედება და მცირე ხნის საცოდავი ჭრიალის შემდეგ, ყოველი მოძრაობა ქვავდება. გაქვავებულ საზოგადოებრივ ყოფაში აღარც დრო არ მოძრაობს. ხოლო რადგან დროის სვლა მეხსიერებასთანაა დაკავშირებული[35] ეს საზოგადოებრივი სისტემა საკაცობრიო ისტორიის მიღმა რჩება, ცხოვრება იყინება და ჩამოწოლილ სუსხსა და წყვდიადში, ადამიანი ჰკარგავს გზა_სავალს. გათოშილი, ~ლუკმა პურისა და ყლუპი წყლისათვის ზრუნვით~ მოცული იწყებს იგი წრიალს დღე_ღამის წრებრუნვაში. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რას იშოვის იგი ამ ზრუნვით მოცული, დოშ_ხიზილალას თუ მართლაც ~ლუკმა პურს~, _ არსება მისი არ იცვლება ამით, რადგან შემდგარია საზოგადოებრივი ცხოვრება და დამონებული სული მისი. ცხადია შემთხვევითია დამთხვევა სიტყვებისა ~გაზეთი~ და ~გაზეთვა~. მაგრამ არის მართლაც საიდუმლო კავშირი და აზრი იმაში, რომ ამ მაპოხიერებლისა და გამზეთავის როლს სწორედ თავისუფალი პრესა, თავისუფალი, ანუ კრიტიკული აზრი ასრულებს. არაფერი არაა დემოკრატია, თუ არ ამ დამოუკიდებელი და თავისუფალი აზრის ბატონობა საზოგადოებაში. იგია ერთადერთი, ლიბერალური საზოგადოებისაგან განუყოფელი ინსტიტუტი. მოსპეთ ყველა პარტია _ ერი რჩება, ხოლო მოსპეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი აზრი _ ისპობა საზოგადოება, იგი ჟანგდება, ხავსი ეკიდება, იყინება, წერ­ტილოვანი ხდება... ~შავი ნახვრეტი~! ~რეჟიმად~ იქცევა, რადგან კვდება მეხსიერება ანუ ის, რაც საზოგადოებისა და სიცოცხლის პირველწყაროა _ პიროვ­ნება. ხოლო საზოგადოება სხვა არა არის რა, თუ არა საერთო მეხსიერების მქონე პიროვნებათა ერთობა. ერიც, საბოლოოდ, საერთო მეხსიერების მქონე ადამიანთა ერთობაა, რადგან კულტურა, რომელიც ერის არსებობის ფორმაა, ამ საერთო მეხსიერების განსხეულებული სახეა. სიტყვის თავისუფლება, ანუ კრიტიკული აზრი, არის თანამედროვე ~კოგიტალური არსებობის~ პირველსახე, არქეტიპი, და გარანტია ადამიანის სამართლებრივი სოციალური არსებობისა. რადგან ~კოგიტალური არსებობა~ კანონის, ~კონსტიტუციის~ საფუძველზე არსებობაა. კანონი კი განუწყვეტელ გადააზრებასა და დახვეწას ითხოვს. ეს ერთგვარი აქსიომაა. აზრისა და სიტყვის თავისუფლება ადამიანს პიროვნებად და ე.ი. საზოგადოების პირველწყაროდ და წევრად ხდის. რამეთუ საზოგადოება თავის-უფალ ადამიანთა ერთობაა, ერთიანი მიზნის, საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. ამიტომაც ძნელი მოსანახია სხვა მაგალითი ადამიანის არასაზოგადოებრივი არსებობისა, გარდა ტოტალიტარული რეჟიმებისა, ან სისტემებისა. დღევანდელ დღეს, უფრო სწორად, ახალ და უახლეს ისტორიაში, წარმოშობის დღიდან, დამოუკიდებელი პრესა წარმართავს საზოგადოების ცხოვრებას და არის გარანტია საზოგადოებრივი სიჯანსაღისა. იქ კი, სადაც ამგვარი დამოუკიდებელი პრესა არ არსებობს, საცა თავისუფალი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მოსპობილია, ან, საერთოდ, ერთ ხელს უპყრია ეს გასაღები, იქ ახვირაკულ, ან როგორც ვაჟა იტყოდა ~ბრიყვ საზოგადოებასთან~ გვაქვს საქმე. საკმარისია გავიხსენოთ რა მართლაც და ~ბრიყვული~ ქება დიდება, ხოტბა შეასხეს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თუ არა მათი ~საჯდომი~ სხვა არარა ღირსება არ ჰქონიათ, როგორც მათი ~გადაჯდომის~ შემდეგ ირკვეოდა ყოველთვის. ხოლო მაგივრად ახალს ვისმე ~მჯდომარეს იმავ სკამზე~ შესციცინებდნენ. ეს სასაცილოა, ცხადია, რომ არ ავლენდეს ამგვარი მდგომარეობის სრულ ანტი_საზოგადოებრივ ხასიათს და არ იწვევდეს ადამიანის სულისა და ცნობიერების დაშლას. ~უღირსობის აღლუმის~ ანუ ზნეობრივი დაშლის მასაზრდოებელიც ეს არის _ თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის, ანუ კრიტიული აზრის მიმართ შიში, რომელიც თან სდევს ტოტალიტარულ რეჟიმს. ამა თუ იმ წყობის ლიბერალურობა (რომ აღარ ვახსენოთ უკვე საკმაოდ გაბუნდოვანებული ~დემოკრატიულობა~) სიტყვის თავისუფლებისა და კრიტიკული აზრის სიღრმით გამოიხატება. დაპყრობილი ერისათვის, ან რომელიმე ~კავშირში~ მყოფი ერისათვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად შეუძლია მას ხმა ამოიღოს საკუთარი უფლების, საკუთარი მეობის დასაცავად და თავისუფლად, საჯაროდ, მთელი ერისათვის ხელმისაწვდომად გაიაზროს თავისი მდგომარეობაცა და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზები და საშუალებანი. განა იგივეს არ გულისხმობს პიროვნების თავისუფლება და ადამიანის უფლებები, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მთელი შენობა? ეს ეხება როგორც საერთო_ეროვნულ საკითხებს, ისე შიდასაზოგადოებრივსაც. ევროპულ ცივილურ წყობაში აზრის და პრესის თავისუფლებას ბუნებრივად ენიჭება პიროვნების, საზოგადოების და ერის თავისუფლების მტკიცე გარანტიის სახე. ლიბერალიზმის რაობა, ხალხის თვითმმართველობაც, რომლის საზღვრებშიაც ხორციელდება პიროვნების თავისუფლება, სწორედ თავისუფალი პრესის არსებობითაა გარანტირებული. მოსპეთ ეს თავისუფალი პრესა და თქვენ მიიღებთ ყბადაღებულ ~ტოტალიტარულ~ რეჟიმს, რომლის დროსაც სახელმწიფოში ისპობა საზოგადოება და მყარდება, როგორც ვაჟა იტყოდა, ~უვიცობის სიბრიყვე~, _ წყარო შიშისა და მონობისა.[36] სახელმწიფოს აპარატისა და მისი ბოროტმზრახველი მპყრობელების მიერ ჩატარებული ~ტოტალური წმენდების~ ანუ ტერორის დროს საზოგადოება რომ არსებულიყო, და ყოველივე ის, რაც დღეს იწერება ტოტალიტარიზმის შესახებ, თქმულიყო თავის დროზე და იმ სინამდვილის მიმართ, რომელიც ~ხდებოდა~, ტოტალიტარიზმს საფუძველი გამოეცლებოდა, რადგან ტოტალიტარიზმიცა და ტერორიც მასობრივ ზნეობრივ სიმდაბლეზეა დაფუძნებული და აშენებული. მისი ობიექტიცა და სუბიექტიც ხორციელი, შენივთებული ადამიანია. იგი მთლიანად ერთმხრივია, საკეისრო, ხორციელი (მატერიალისტური), თუ გავიხსენებთ ამ წერილის დასაწყისში ნათქვამს. ამიტომაც ვერ უდგება იგი ზნეობრივ ადამიანს, შინაგან ადამიანს და კიდეც ეშინია მისი, რადგან თავისუფლება და აზროვნება ამ სულიერი და ზნეობრივი არსების, შინაგანი ადამიანის კერძო საკუთრებაა, ღვთის მიერ პირადად და პიროვნულად მისთვის მინიჭებული. ვიდრე ეს განთავისუფლება აზრისა არ მომხდარა, საქართველო და ქართველი ერი რჩება რუდიმენტული და ფატალური ~რწმენითი (მინდობილი) არსებობის~ ფორმაში, ანუ გაქვავებულ დროში დაჭერილ ქვეყანად. სრული ზნეობრივი დაშლისა და ტოტალიტარიზმში დაბრუნების საფრთხის წინაშე. და აქ რუსეთი ~არაფერ შუაში აღარ არის~. თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც მხოლოდ ჩვენ ვართ, ქართველები, რადგან საკეთებელი საქმე ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მოგვეცა ილია ჭავჭავაძის მიერ. და ახლაც, თანამედროვეობაში საქართველოს გადმოსვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ კრიტიკული აზრის დაფუძნებითა და ინტეგრალური ნაციონალიზმის მეთოდოლოგიის კრიტიკულადვე ათვისებითა და გამოყენებთ. ~კონკრეტული საქმის~ განუწყვეტლობა არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება მიღწეულ იქნას ნაციონალური(სახელმწიფოებრივი) და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების ყოველი მხარის წინსვლა. იგი მოითხოვს სოციოტექნიკის მეცნიერულ ხელოვნებას. დამოუკიდებლობა არ იყოფილა და არც შეიძლება იყოს თვითმიზანი, იგი არის საშუალება; საშუალება საქართველოს აღდგენისა და აღორძინებისათვის, თავისუფალი საზოგადოების დაარსებისათვის, ლიბერალური წყობის (კონსტიტუციურად დადგენილი კერძო საკუთრების პრინციპი, სამართლებრივი პრინციპები და ნორმები, მოქალაქეთა, პიროვნული და ეროვნული, კლასთა და ჯგუფთა სოციალური და პოლიტიკური თავისუფლებებისა და ვალდებულებების პრინციპები, კანონები... და სხვა) დაარსებისათვის და, საბოლოოდ და ყოველივეს შემაჯამებლად, საქართველოს და ქართველის მსოფლიო საზოგადოების ღირსეულ წევრად წარდგენისათვის. ეს არის ლიბერალური, განმანათლებლური და კრიტიკული, კონკრეტული საქმის, რეალპოლიტიკური ინტეგრალური ნაციონალიზმის ანუ თავისუფალი, დამოუკიდებელი, განათლებული, ლიბერალური, არისტოკრატული ცივილიზებული საზოგადოების კონცეფციის დედააზრი და ~ჩვენი თავის ჩვენადვე ყუდნების~, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და აღორძინებისათვის განუწყვეტელი შრომის მიზანი. ამის დავიწყება და ამ გეზიდან გადახვევა თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან მესამედ ისტორია აღარ შეგვიწყალებს. 1983-1993-2003-2011 *** შენიშვნები და განვრცობანი 1. ეს წერილი თავდაპირველად 1983 წელს დაიწერა ‘საქართველოს რუსეთთან შეერთების’ დიდ ზარ-ზეიმის დროს, როდესაც საქ.კომპარტ. ცკ პირველმა მდივანმა შევარდნაძემ საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოიყვანა! მომდევნოდ, იგი კვლავ გამოქვეყნდა შესაბამისი დამატებით 1993-94 წელს, საქართველოს დსთ-ში დაბრუნების გამო, აფხაზეთში სამარცხვინო ომისა და მარცხის შემდეგ. იგი დაიწერა როგორც ‘მიჯაჭვული სქართველოს’ V ნაწილი. მას შემდეგ რამდენიმე ცდა იყო მისი მთლიანად დაბეჭდვისა. პირველად შემოკლებული სახით ის დაბეჭდა გაზეთმა ~თემმა~ 1994 წელს. რუსთველის საზოგადოების ჟურნალ ‘მამულში’ #1, 1998, დაიბეჭდა წერილის მხოლოდ პირველი თავი. რადგან წერილში დასმული საკითხები და საერთო ტენდენცია, ავტორის აზარით უცვლელად ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და სავსებით შესატყვისია იმ ვითარებისათვის, რომელიც საქართველოშია შექმნილი, მე გადავწყვიტე კვლავ გავავრცო და მივაწოდო მკითხველს ეს წერილი. ვფიქრობთ, დაკვირვებული მკითხველი ბევრ მისაღებ და ბევრ საკამათო აზრს ნახავს ამ წერილში და გულგრილი არ დარჩება ავტორის პირდაპირ ნათქმის მიმართ. თვით ფაქტი, რომ ოცდაექვსმა განვლილმა წელმა ფაქტობრივად იმავე პრობლემების წინაშე დაგვაყენა (თუგინდ დაგვტოვა) დღეს მრავლის მთქმელია თავისთავად. მრავლის მთქმელია ისიც, რომ ილია ჭავჭავაძე ქართული პოლიტიკური აზრიოვნების სარბიელიდან ‘უხმოდ ჩამოწერეს’ და მრავალი თვითნასწავლი პოლიტიკოსის სიტყვახვეტიობის კორიანტელში გაეხვია საქართველო. შედეგიც სათანადოა. 2. ბერძნული კულტურა და ცივილიზაცია ამის შესანიშნავი დადასტურებაა. ბერძნული პოლისური ცივილიზაცია არსებრივადაა დაკავშირებული კოგიტალური ტიპის ცნობიერებისა და არსებობის განვითარებასთან. ბერძნული ფილოსოფია და პოლისური ინსტიტუტები, კანონები და წყობის ფორმები, _ ყოველივე მიუთითებს ამ კოგიტალური ტიპის არსებობაზე. ელინისტური და გვიან რომაული ცივილიზაციები კოგიტალური ტიპის ხანგრძლივი კრიზისის მიმანიშნებელია და შერეულ ფორმად წარმოისახება. სწორედ ეს შერეული ~კრიზისული~ ფორმა დასრულდა ახალი ~რწმენითი არსებობის~ _ ქრისტიანობის _ სასწაულებრივი დაფუძნებით და ~შუა საუკუნეების~ გვირგვინოსნული წყობით. ის ფაქტი, რომ დღევანდელობა, თავისი განწყობით, გამოვლინებებითა და ფორმებით არსებითად კვაზიელინისტური ტიპისაა, ხოლო თანამედროვე ზრდილი და განათლებული ადამიანი წარსულის ფორმათაგან განსაკუთრებით ელინიზმში ცნობს თავისთავს, მიმანიშნებელია იმ კრიზისისა, რომელსაც თანამედროვე კოგიტალური ტიპის არსებობამ მიაღწია. XX საუკუნის ისტორიოსოფიული მოდელები (შპენგლერის, ტოინბის, ორტეგა ი გასეტის და სხვა) ტიპოლოგიურად ელინისტური მოდელებია. ისინი გამოხატავენ XVIII-XIX განმანათლებლური და პოზიტივიქტური საუკუნეების კლასიკური კოგიტალური ტიპის არსებობისა და განწყობის კრიზისს, ამ ტიპის ცნობერებაში და მატრი­ცაში არსებულ წინააღმდეგობებსა და დაძაბულობებს. თანამედოვე ~დასავლური~ ფილოსოფია, ლიტერატურა და ხელოვნება ერთხმად გამოხატავს ამ კრიზისის არსებით მახასიატებლებს: მატერიალური, ~გათვლითი~, ნივთიერი, უსულგულო მასობრივი ცხოვრების ინტერესებში ჩაძირვა, ღირებულებითი სკალის შებრუნება, ტექნოკრატიზირება და მექანიკიზირება არსებობისა, ღმერთის დაკარგვა და ღმერთისავე ძიება, მისტიციზმის ყველანაირი ფორმები, სექტანტობა, ფუნდამენტალიზმი, იდეოლოგიათა გაუფასურება, პარადოქსალიზმი და ა.შ. _ ყოველივე ეს არის კოგიტალური არსებობის ღრმა კრიზისის აღმნიშვნელი ტიპოლოგიურად კვაზიელინისტური მოვლენა. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება არსებობდეს თვით კოგიტალური არსებობის ახალი შესაძლებობების გახსნით ან... სასწაულით, რომელიც ღმერთის განკაცების იგივეობრივი იქნებოდა და შექმნის ახალ რწმენითი არსებობის ფორმაზე გადასვლის პირობებს და შესაძლებლობას. სასწაულზე საუბარი მოსარიდებელია (თვით სასწაულებრიობის ~გამოუთქმადობის~ გამო), ხოლო პირველი გზა არის არის, ალბათ, ერთადერთი გზა, რომელიც ჩემთვის ინტეგრალური რწმენით_კოგიტალური არსებობის კონსტიტუციურ მრავალფორმიანობაში გამოიხატება და ეფუძნება უკვე განხორციელებული ~საზღვრული სასწაულის~, ქრისტიანობის, საფუძველზე არსებობისა და ყოფიერების ღირებულებათა სკალის გადააზრებას მოითხოვს. 3. უნდა ითქვას, რომ ავტორი საქართველოში ედუარდ შევარდნაძის მიმართ დღემდე (1999 წლამდე) იგივე კომპლექსის გამოვლინებას ხედავს, რაც მეტად მნიშვნელოვანი სოციო-ფსიქოლოგიური ტიპის არსებობაზე მიუთითებს მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში და მეტად პრობლემატურს ხდის თანამედროვე სამართლებრივი და თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობას. ეს კომპლექსი ვითარების უცვლელობასთან უფროა დაკავშირებული (შევარდნაძე თითქმის 30 წელია განაგებს საქართველოს!). პირობითად ამ კომპლექსს ~სტალინის კომპლექსი~ ან ~ფიურერიზმის კომპლექსი~ შეიძლება დაერქვას – ავტორის შენიშვნა ამ პუბლიკაციისათვის. 4. სრული ანალიზი ჩაადაევის და ბენკენდორფის ამ ორიენტაციებისა მოცემული მაქვს ჩემს წიგნში ~Hელოვეკ ნე სობაკა, კო ვსემუ პრივყკაეტ~(ღაზმყწლენიქ ო ღოსსიი ი შშშღ) 1965-1970. თბილისი თვითგამოცემა 1971, ქართულ ევროპული ინსტიტუტის არქივი. 5. თუმცა ქართული კულტურისა და ცივილიზაციის კვლევბი თავის დასაწყის სტადიაშია მხოლოდ და კულტუროლოგიური ხსიათის სულ ორიოდე ნაშრომი არსებობს (რომელთა შორის არ შეიძლება არ დავასახელო მიხეილ ნანეიშვილის მიერ 1964-65 წლებში დაწერილი და ჯერაც გამოუქვეყნებელი საინტერესო წიგნი ~თვალსაზრისი რუსთაველის შესახებ და გამო~) შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის მატრიცა და ღირებულებით კოორდინატთა სისტემა ერთი ყველაზე ნათლად და გამოკვეთილად მოცემული სისტემაა მთელი ქართული სამყაროს მსოფლხატში. ~თეორიული სკალა~ ამ მატრიცისა მოცემული გვაქვს თვით ქართულ ენაში და ქართულ ენათმეტყველებით შემოქმედებაში: ფოლკლორში, ისტორიოსოფიაში, პუბლიცისტიკაში, ფილოსოფიაში, ლიტერატურაში... მოცემული გვაქვს ურთიერთობის წესებშიც, რომლებსაც უპირობოდ მივიჩნევთ ~ქართული ზრდილობის~ ფორმებად. დაფორმულებული სახით ქართული კულტურის ღირებულებითი მატრიცა მოცემული აქვთ იაკობ ცურტაველს, გიორგი მერჩულეს, ნიკოლოზ გულაბერიძეს, იოანე პეტრიწს, ლეონტი მროველს, რუსთველს... დავით გურამიშვილს, სულხან-საბა ორბელიანს... ვახუშტი ბაგრატიონს... გრიგოლ ორბელიანს, ნიკოლოზ ბარათაშვილს... ილიას, აკაკის, ვაჟას, გრიგოლ რობაქიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, ნიკო ლორთქიფანიძეს, გალაკტიონს... (ეს სახელები ამონაძერწად). ეს მატრიცა ორმხრივაა განსაზღვრული: პოზიტიურად _ ანუ: რა არის ქართული (ზრდილობა, ქცევა, მსოფლგანცდა და ა.შ., ის, რასაც ქართული ცხოვრების სტილი და ხელოვნება შეიძლება ეწოდოს) და ნეგატიურად _ ანუ: რა არ არის ქართული. მთლიანობაში, ხელთა გვაქვს სრულიად გარკვეული ღირებულებითი მატრიცა, რომელიც შეესატყვისება ქართული ყოფიერების ბუნებას და ქართველი ადამიანის ხასიათსა და თვისებებს, რამეთუ ~ქართველი~ უკვე გულისხმობს არა ეთნიკურ, არამედ ზეეთნიკურ, ცივილიზებულ არსებას, ამ მატრიცის მფლობესა და შემოქმედს. სწორედ ეს გარკვეულობა აძლევდა საშუალებას ილიას დაესვა მკაცრი კითხვა: ვართ-ღა ქართველები?~. ამ თემაზე იხილე ჩემი ~გველისმჭამელი~ გაგების ცდა.(ქ-ე. ინსტიტუტი 1989; ~გიორგიული მისტერიებიდან~ ნაწ. I, ~ივერია~I 1992 პარიზი-თბილსი; ~უბისი, რენესანსი ~ურენესანსოდ~ ქ-ე. ინსტიტუტი 1990, პარიზი) 6. მიხეილ ჭიაურელის ფილმში ~გიორგი სააკაძე~ ერთი მეტად საყურადღებო ადგილია, რომელიც დღეს სრულიად სხვაგვარად იკითხება. ეს არის სცენა, სადაც რუსული ბარაბნების ხმაზე ეწყობა ქართველთა ჯარის მხიარული სვლა სპარსელების წინააღმდეგ შემაშინებელი შეძახილებით: ~რუსი მოდის!~, ~რუსი მოდის!~ ახლა ნათელი ხდება, რომ იმ დროს სპარსეთი სწორედ იმიტომ ერჩოდა საქართველოს, რომ საქართველოს რუსი ~შემოჰყავდა~ სპარსეთზე გასაბატონებლად (რაც ტრაგიკულად დაუმთავრდება თვით საქართველოს!) აქვე გავიხსენოთ აღა-მაჰმად ხანის ორი წერილი ერეკლე მეფისადმი და თვით ერეკლეს მიერ საქართველოს გაერთიანებაზე უარის თქმა და ამ უარის მოტივირება რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით და მათ მიერ საქართველოზე გავლენის განაწილებით... 7. არა აქვს მნიშვნელობა რა მორალურ შეფასებას ვაძლევთ მას, რადგან პოლიტიკა, თავისთავად, მორალის სფეროს არ განეკუთვნება, იგი უფრო ~თამაშების თეორიის~ და ~ჯგუფთა თეორიის~ რაციონალურ დაფორმულებებსა და კრიტერიუმებში თავსდება. პოლიტიკა იმთავითვე გულისხმობს არა ერთი ადამიანის (ერთადერთი სუბიექტის, რომელსაც მორალურობა შეიძლება მიეწეროს და მორალური კატეგორიებით გაიაზროს) არამედ ჯგუფის მოქმედებას. ჯგუფის მიმართ კი ზნეობრივი და მორალური კრიტერიუმები არ გამოიყენება ანუ ჯგუფი მორალის კატეგორიებით არ გაიაზრება, რადგან ~კლასისაგან~ განსხვავებით ჯგუფს, კოლექტივს და მასას ინდივიდუალური ~ვითომურობა~ ანუ კვაზიინდივიდუალობა ახასიათებს. ეს კვაზიინდივიდუალობა კარგად გამოიხატება თბილისური ჟარგონით: ახვრული ინდივიდუალობა (რაც ზომბურობას შეესატყვისება), ახვარს(ზომბის) კი მორალი არ გააჩნია _ ამიტომაც არის იგი ~ახვარი~(ზომბი). სრულად სხვაა, როდესაც რომელიმე პოლიტიკოსის პოლიტიკას (ქცევას, საქმეს, სიტყვისა და საქმის ერთობას და სხვა) ვაფასებთ ზნეობრივი კრიტერიუმებით. აქ მორალური კატეგორიები ბუნებრივად მოქმედებს და შეფასების კრიტერიუმებს ადგენს. რაც შეეხება კულტურის მატრიცას, აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ ღირებულებათა შეფასებისათვის, მით უმეტეს ზნეობრივი კრიტერიუმებით შეფასებისათვის, აღწერის ენას და ინფორმაციის სისავსეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რისი პრინციპული არასრულყოფილება შეუძლებელს ხდის შეფასებას. კულტურატა ისტორია, კულტუროსოფია, კულტურის ფენომენოლოგია მხოლოდ პოზიტიურ სკალას გვაძლევს და კულტურის არცერთი მოვლენა ნეგატიურ მოვლენათა რიგს არ განეკუთვნება. კულტურის ეს ონტოლოგიური პოზიტიურობა გამოხატულია ქართული ონტოსიტყვით ~შენი ჭირიმე~, რომლის არსებით ანტინეგატიურობა (ამას ხომ უცნობს და ნაცნობს ერთნაირად ვეუბნებით) ქართული და საერთოდ კულტურის პოზიტიურ არსებას გამოხატავს. 8. ედუარდ შევარდნაძის, როგორც პიროვნების არჩევა ანუ მისდამი სრული და უპირობო ნდობის გამოცხადება, ბუნებრივია, გაპირობებული იყო შექმნილი ვითარებით, რაც არა მხოლოდ ~ფიზიკურ~ პირობებს (პოლიტიკურს, სოციალურს და ეკონომიკურს) გულისხმობს, არამედ ფსიქოლოგიურსა და მენტალურსაც. ის ფაქტიც, რომ შევარდნაძემ ამომრჩევლებს არავითარი პროგრამა არ წარუდგინა, რათა შემდგომ შესაძლებელი ყოფილიყო მისი საქმიანობის ამ პროგრამის მიხედვით შეფასება, დასაშვებად იქნა მიჩნეული ~პერესტროიკის~ ეპოქის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის საერთაშორისო ავტორიტეტის გამო, რაც მეტად არულებს ნორმალურ საზოგადოებრივ ურთიერთობათა დამყარებას და ძალაუფლების გარდაქმნას ხელისუფლებად. თავისთავად, ამგვარი მდგომარეობა წარმოქმნის ~ფარული პოლიტიკის~ იმ სოციალურად საშიშ სივრცეს, რომელიც თავისთავად უფლებამოსილი ცეენზორის როლში ამკვიდრებს სახელმწიფოს მეთაურს და მოსახლეობას იმავე განწყობით ველში ათავსებს, რომელშიდაც ის იყო სამოცდაათი წლის განმავლობაში თუ არა, შევარდნაძის ეპოქაში მაინც, რომელიც თავის ~ბუნებრივ~ გაგრძელებას ჰპოვებდა საქართველოს ~ნაციონალ-ტოტალიტარულ~ პერესტროიკაშიც სადაც შევარდნაძე გამსახურდიამ შესცვალა. ამას ვუწოდებ მე ~რწმენით არსებობას~ და ტოტალისტურ(მთლიანობით) განწყობას, როდესაც მთლიანად მოითხოვება ყველაფრის ვითომ შეცვლა. კონსტიტუციისა და კანონთა კოდექსის უქონლობის ვითარებაში არ არსებობს არავითარი სხვა საშუალება საყოველთაოდ არჩეული პოლიტიკური სოციალური მმართველის (ან პარტიის) საქმიანობის შეფასებისა, გარდა მისი საარჩევნო პროგრამისა, რომლმაც ~დაარწმუნა~ მოქალაქეები შევარდნაძის არჩევის საჭიროებაში. აქ პიროვნული ~მოწონება~ თუ ~არმოწონება~ არავითარ როლს არ უნდა თამაშობდეს. ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ემოციურ დონეზე და ~უკეთესის ვერხედვის~ პრინციპით ხდება პოლიტიკური და სოციალური საკითხები, მიუთითებს სოციალური ცნობიერების ჩამოუყალიბებლობაზე. ეს მდგომარეობა დიდად შეაფერხებს საქართველოში სოციალური თავისუფლებების სივრცის და სოციალური და პოლიტიკური წყობის ლიბერალიზაციის ანუ ტოტალიტარიზმიდან გამოსვლის პროცესს. 9. ახვირაკი_ახმახი, ბრიყვი, გაუთლელი (დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონი); ამ სიტყვას ესადაგება თბილისური მეტად გამომხატველი გამოთქმა ~ახვარი~, რომელიც ~რქებით მიმწოლსაც~ გულისხმობს ანუ ისეთ არსებას, რომელსაც არავითარი ნამდვილობა არ გააჩნია და ერთთავად ვითომობის ფორმაშია: ვითომ პიროვნებაა, ვითომ რამეს წარმოადგენს, ვითომ რამე ეკუთვნის და ა.შ. მთლიანობაში ახვარი ზომბის შინაარსსაც მოიცავს. მე ~ზომბის~ ამ ქართულ სიტყვას ვარჩევ. 10. იხ. გრიგოლ ორბელიანი, თხზულებათა სრული კრებული, თბილისი 1959, გვ. 171_175 11. ილია ჭავჭავაძე ~რა გითხრათ, რით გაგახაროთ?~; ნაწერების სრული კრებული IX ტომად პ.ინგოროყვას და ალ. აბაშელის რედაქციით. ~ქართული წიგნი~, გვ. 9_14. 12. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ~ქართველი ერი~, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ~ერი~, ეთნოგენეტიკური ცნება არ არის. ერზე საუბ­რისას ~ეთნიკურად სუფთა ქართველი~ არ მიიღება მხედველობაში. ერი მეტაკულტურული ცნებაა, სუბსტრატულად ზეეთნიკური და სხვადასხვა ეპოქებში სხვადასხვა სუბსტრატული შინაარსის მქონე. დღეს გავრცელებული ერ-სახელმწიფოს კონცეფტუალურ ჩარჩოში ერს უწოდებენ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეთა ერთობას მიუ­ხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა და კუთვნილებისა. თავისთავად, ~ეთნიკურად სუფთა~ და ~ჰომოგენური~ არა თუ ერები, არამედ, ვგონებ, ჩიტებიც კი არ არსებობენ (ის ~ქართველი ჩიტები~ რომლებისთვისაც იყო განკუთვნილი ~ქართული წყალი~ ნაციონალ-ტოტალისტურ იდეოლოგიაში. ამგვარი ტრაგიკომიკური ეთნობიოლოგიზმი და ~ეთნობიოეკოლოგიზმი~ ქცეული სახელწიფო იდეოლოგიად, თვითმკვლელობის ტოლფასია). თუ ბაბილონის გოდოლის სიმბოლიკას მოვიშველიებთ ~ეთნიკურად წმინდა~ ანუ ~ენობრივად წმინდა~ სუბსტრატი ~მანამდე~ უკვე იყო შერეული. 13. ანგელუს სილეზიუსი (იოანეს შეფლერი ჟოჰანნეს შცჰეფფლერ 1624—1677) დიდი გერმანელი მისტიკოსი, ასე აყალიბებს ამ აზრს თავის ~ ქერუბინელი მოგზაურის~ 61 ლექსში: ~ ჭირდ ჩჰრისტუს ტაუსენმდმალ ზუ Bეტჰლეჰემ გებორენ / Uნდ ნიცჰტ ინ დირ, დუ ბლეიბსტ ნოცჰ ეწიგლიცჰ ვერლორენ~ (ქრისტე ათასჯერ რომც დაბადებულიყო ბეთლეემში / და არა შენში, შენ დარჩები მაინც სამუდამოდ დაკარგული) სხვა ადგილას, (ლ. 23) იგი ამბობს: ~ მე უნდა მარიამი ვიყი და ღმერთი ჩემგან იშვას./ რათა მან შემაძლებინოს მარადიული ნეტარება~ (Iცჰ მუß Mარია სეინ უნდ Gოტტ აუს მირ გებäრენ / შოლლ ერ მიცჰ ეწიგლიცჰ დერ შელიგქეიტ გეწäჰრენ.); ცხადი უნდა იყოს, რომ მე ამას ფილოსოფიურ კონტექსტს ვანიჭებ და არა თეოლოგიურს. 14. ისეთივე წაკითხვა აქვს გარკვეულ ~ნაციონალისტურ~ წრეებში გალაკტიონსაც, რომელსაც დაცინვით ~ორდენოსანს~ უწოდებენ, როგორც ეს ჩემთან საუბარში გააკეთა ერთმა ~ მრგვალი მაგიდის~ მაშინდელმა ლიდერთაგანმა(თვითონ ყოფილმა კომკავშირელმა-ლიდერმა, როგორს გავიგე !): ~რომელი გალაკტიონი, ლენინის ორდენოსანი?~ გალაკტიონს საერთოდ ყველაზე ნაკლებ წყალობდა ბედი ამ მხრივ, რადგან ემიგრაციაშიც მას ~საბჭოურ პოეტად~ მიიჩნევდნენ, ვერ ხვდებოდნენ რა, რომ თვით ეს განსაზღვრება, ~საბჭოური~, კომუნისტების მიერ იყო დანერგილი და მათ საკუთარ ენასა და აზროვნებას ახასიათებდა. 15. ~საქართველოს ისტორია~ გვ. 11.: ~ქართველი ერის, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ზოგი სხვა ერის, წარმოქმნა სრულდება ეროვნული დამოუკიდებლობის უქონლობის პირობებში:~ ასე ყალიბდებიან ერებად ჩეხები, პოლონელები, და სხვ. ავსტრიაში; ხორვატელები და სხვ. უნგრეთში; ლატვიელები, ლიტველები, უკრაინელები, ქართველები და სომხები და სხვ. რუსეთში~ (ი.სტალინი).~ ასეთი არის შესავალი საქართველოს ისტორიის დასახელებული სახელმძღვანელოსი. ამ ერთგვარობის საიდუმლო აზრს მე მოგვიანებით დავუბრუნდები. 16. იხ. ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია საქართველოს ისტორია. ნაწილი I უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე. თბილისი 1946 გვ; 11. მკითხველი შეამჩნევდა, რომ ~ქართების~ საკითხში მე არ ვეთანხმები მიღებულ აზრს. თვით ფაქტი, რომ ტერმინი ~საქართველო~ და ~ ქართველი~ ჩნდება არაუადრეს მეცხრე საუკუნისა, მიუთითებს იმაზე, რომ აქ საქმე გვაქვს არაეთნიკურ განსაზღვრებასთან, ხოლო არაერთგზის აღნიშნული დამთხვევა ~ქართ~_~ ქალაქისა~ და, შემდეგ ~თბილისის~ აღნიშვნათა მეგრულსა და აფხაზურში (და ერთობ კავკასიაურ ენებზე) ხაზს უსვამს ამას. სომეხი ისტორიკოსის ცნობაშიც ~ვრაც~ არის(ურარტელი) და არა ~ქართ~. ტექსტის ამგვარი კონცეპტუალურად ~ნაგულისხმები~ შეცვლა დიდ არეულობას ქმნის და თავიდან უნდა ავიცილოთ. ცნობილია, რომ სომხურად ~ქართვე­ლი~ _~ ვრაცია~ (~ ურარტელი~ !?) თვით ~ურარტუ~ არაა ეთნიკური განსაზღვრა სახელმწიფოსი ან ეთნოსისა და, ამიტომაც, ძნელია ამ სახელმწიფოს შემქმნელთა ეთნოსუბსტრატის გამოყოფა. ქართველთა სომხური სახელწოდება ~ვრაც~ შეიძლება სწორედ იმას მიუთითებდეს, რომ ურარტუში დომინანტი მოსახლეობა ხალხი (ეთნოსი) სწორედ შემდგომი ~ქართველები~ იყვნენ, ანუ ისინი, ვინც ჯერ ~იბერებად~ იწოდებოდნენ, რადგან ~ქართი~ ცვლის ~იბერს~, რასაც სვანური, როგორც ქართველური ძირეული ენა უნდა უსწრებდეს. ყოველ შემთხვევაში, მე უფრო სერიოზული მგონია კვლევა ცივილური ცენტრის მიმართულებით და იქიდან გამოყვანა ~ქართის~ სახელწოდებისა, ვიდრე ეთნოანტროპოლოგიური სუბსტრატის ძიება. 17. მართალია, სხვადასხვა მოაზროვნე ტიპოლოგიათა ცვლის ამ მომენტს სხვადასხვა ტოპოლოგიურ ველში იწყებს: რეფორმაციიდან, რენესანსიდან და სხვა, მაგრამ ინტეგრალურად ეს გადასვლა XVIII საუკუნის განმანათლებლობამ შეამზადა და XIX საუკუნის კრიტიციზმმა განახორციელა. გზა რეფორმაციიდან ან რენესანსიდან განმანათლებლობამდე და იქიდან კანტამდე (კრიტიციზმამდე) აღნიშნავს ფორმათცვლის ამ პროცესში ისტორიულ ხდომილებათა განუწყვეტლობას და პიროვნულ_სოციალურ ძალისხმევათა მოუდუნებლობას ევროპის მთელ სივრცეში. სწორედ ამ ფაქტის გაცნობიერებაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა თავისთავად განმანათლებლობის დადებითი თუ უარყოფითი შეფასება. მივუთითებ ერნსტ კასსირერის ბრწყინვალე წიგნზე ~განმანათლებლობის ფილოსოფია~ (Eრნსტ Kასსირერ ~ Lა პჰილოსოპჰიე დეს Lუმიèრეს~ Fაყარდ 1990). სხვა საკითხია, რომ განმანათლებლობამ შემდგომად ცალმხრივად რაციონალისტური მიმართულება მიიღო, რამაც XX საუკუნეში დეკულტურიზაციასა და უსულგულო მასობრივ არსებობასთან (კრიზისთან) მიგვიყვანა. მაგრამ ეს სხვა ეპოქათა პრობლემაა და არა თავისთავად განმანათლებლობისა. 18. გარკვეული თვალსაზრისით ამ მოძრაობაში რუსეთიც იყო ჩართული, თუ მივიღებთ ველობაში რუსეთის კარის მიერ ევროპელ მოაზროვნეთა მიწვევის ცდას და ეკატერინე II განმანათლებლებთან მიმოწერას, მაგრამ ამ ცდას და ამ მიმოწერას უშუალო შედეგი არ გამოუღია, და რუსეთში განმანათლებლურ ~ კოგიტალურ არსებობაზე~ გადასვლა არ განხორციელდა. ამ ჩამორჩენამ დიდი დაღი დაასვა რუსეთის განვითარებას და ააცდინა იგი ევროპულ დროს და გზას. იხ. ჩემი ~ რუსეთი და ევროპა~ _ ივერია 36; პარიზი.. 19. ჰორიზონტალური განვითარება გულისხმობს ქვეყანაში არსებული მატერიალური რესურსების დამუშავებასა და გამოყენებას, ანუ ამ რესურსებზე დაფუძნებას სოციოეკონომიკური და გეოპოლიტიკური განვითარებისა. ჰორიზონტალურ განვითარებაში კოლონიათა სივრცეც შემოდის. ვერტიკალური ეკონომიკური განვითარება გულისხმობს, რომ ქვეყანას თავისი განვითარების საფუძვლად აქვს აღებული არა საკუთარი ქვეყნის მატერიალური (ბუნებრივი) მოცემულობები, არამედ ფინანსიური და ორგანიზაციული სისტემის ხარჯზე აღწევს განვითარებას. ვერტიკალური ეკონომიკა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეოცე საუკუნეში, სოციალური რეორგანიზაციისა და ფინანსიურ ურთიერთობათა მონდიალიზაციის (გამსოფლიურების) პირობებში და საფუძველზე. საუკეთესო მაგალითია გერმანია და იაპონია, კიდევ უფრო მჭერმეტყველი ჰონკონგი, ტაივანი და სხვა პატარა ეკონომიკური ~ოაზისები~. რა თქმა უნდა ამ უკანასკნელი ქვეყნების ეკონომიკური მდგრადობის ხანგრძლივობის საკითხს დიდი კითხვის ნიშანი უზის, მაგრამ ეს სრულიად სხვა რიგის საკითხია. 20. ტერმინი ევროპის სინამდვილეში საკმაოდ გვიან შემოდის. ასე მაგალითად ფრანგულ ენაში ის პირველად 1337 იქნა ნახმარი ადმინისტრატორის მნიშვნელობით; 1361 წელს ორეზმმა მისცა მას ~ადმინისტრირების~ მნიშვნელობა და შემდეგ უკვე საუკუნეთა მანძილზე ივსებოდა და ზუსტდებოდა ტერმინის ~ ეკონომია~ მოცულობა და მნიშვნელობა, ვიდრე დღევანდლამდე, როდესაც მასში არსებითად საწარმოო ურთიერთობათა მთელი სისტემა იგულისხმება და სულ უფრო და უფრო პოლიტიკური ეკონომიის მნიშვნელობით იხმარება სოციალურ მეცნიერებაში. მაგრამ ჩვენ აქ ამ ცნებას ვიხმართ მისი სრული აზრით ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, რადგან კულტურის ფორმაში ეკონომია და ეკონომიკა ფარავს ადამიანის და ადამიანთა ერთობის მოქმედებისა და ურთიერთობების ვრცელ სფეროს. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი ამგვარად გაგებულ ეკონომიკას უწოდებს კატალაქსიას, ბერძნული ზმნის კატალატიენის მიხედვით, რაც ნიშნავს ერთსა და იმავე დროს გაცვლას, ვინმეს მიღებას ერთობაში და მტრის მეგობრად გარდაქმნას. ამგვარი კატალაქსიის საფუძველს ჰაიეკი ხდავს საბაზრო ურთიერთობებში. 21. ამგვარი რეგრესიული სისტემის მაგალითია საბჭოთა სოციალისტური სისტემა, ისევე, როგორც ნაციონალსოციალისტური. ამგვარ ტოტალისტურ და უტოპიურ სისტემებს შინაგანი წინააღმდეგობის მოხსნა, მხოლოდ, რომელიმე მხარის (ეკონომიკურის, სოციალურის, პოლიტიკურის,... კულტურის) სრული რეპრესიითა და მოსპობით შეეძლოთ. შედეგად ფუძნდებოდა ~ფსევდოეკონომიკა~, ~ ფსევდოსოციალური სისტემა~ და ~ფსევდოკულტურა~, რომელიც ამოვარდნილი იყო ისტორიიდან, ისტორიულ ძალისხმევათა განუწყვეტლობიდან და იქცეოდა თვითდამრღვევ და თვითმომსპობ სისტემად, რომელიც შლიდა ადამიანურ ქსოვილს (მენტალურსა და სულიერს). ამ დაშლის ხარისხზე მიუთითებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობის მიერ მის წინაშე აღმოჩენილ რეალურ პრობლემათა მოუხელთაობისა და გაუცნობიერებლობის ფაქტი. რაზედაც არაერთგზის მიმითითებია ამ უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე. ტოტალიტარიზმის კრიტიკა მრავალი ასპექტით აქვთ მოცემული თავის მრავალრიცხოვან ეკონომიკურ და სოციოფილოსოფიურ შრომებში, ფონ ჰაიეკს, კარლ პოპპერს, სხვადასვა პოლიტიკური და სოციალური ასპექტებით მაქს ვებერს, ჰანნა არენდტს და სხვებს, რომელთა ჩამოთვლასაც კი ცალკე წერილი დასჭირდება. აღვნიშნავ მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ ცდებსაც ამ მიმართულებით. 22. ნაციონალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის შესახებ იხილეთ ქართული ~ ინტეგრალური ნაციონალიზმის~ მეორე დიდი წარმომადგენლის ვაჟა ფშაველას წერილი ~პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი~. აგრეთვე ჩემი ~ გველისმჭამელი. გაგების ცდა~ პარიზი 1989/90 23. ამ თემაზე საკმაოდ დიდი ლიტარატურა არსებობს. მე მივუთითებ სამაგალითოდ ამერიკელი სენატორის ჯესსი ჰოლმსის წერილზე, რომლის სათაურია: ~ნაციონალიზმი კომუნისტური ინტერნაციონალიზმის ერთადერთი ალტერნატივა~ 1975 წ. სექტემბერ-ოქტომბრის ABN ჩორრესპონდენცე(Bულლეტინ ოფ თჰე Aნტიბოლსჰევიქ Bლოც ოფ Nატიონს) გვ. 3. 24. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანული რასიული ნაციონალიზმის აღზევებას, ისევე, როგორც არე ფრანგული ნაციონალიზმის (მორასი და სხვები) ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი ~ ისტორიულმა პირობებმა~, რომლებშიც საფრანგეთი (გერმანიასთან მარცხის შემდეგ) და გერმანია (ვერსალის ზავის შემდეგ) იმყოფებოდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნაციონალიზმს კვებავს სრულიად რეალურად არსებული პირობები, რომლებიც განიცდება როგორც საშიშროება და საფრთხე მოსპობისა, ან დამცრობისა, შეურაცხყოფისა. ეს უკანასკნელი წარმოშობს ნაციონალიზმის იმ ფორმებს, რომლებსაც უფრო შოვინიზმს ვუწოდებთ, და რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ჩვენთვის საინტერესო ილია ჭავჭავაძის, ვაჟას და ქართველ ნაციონალისტთა კრიტიკულ-განმათლებლურ და რეალპოლიტიკურ, ანუ ინტეგრალურ ნაციონალიზმთან. ხოლო ~პერესტროიკულად~ მართულ ~ახალ ეროვნულ მოძრაობას~ და მის ~ნაციონალიზმს~ კი პირიქით, აძლევს სწორედ ამ შოვინისტურ ხასიათს. 25. შესაძლოა ამ ულტრათანამედროვე ტერმინებისა და ცნებების ილია ჭავჭავაძის სოციალური ფილოსოფიისა და სტრატეგიისათვის მიყენება ვინმეს ეჩოთიროს, მაგრამ მე სწორედ იმის მინიშნება და დამტკიცება მინდა, რომ ილია ჭავჭავაძის სოციალური და პოლიტიკური კონცეფცია არა მხოლოდ უბრალოდ ლიბერალური იყო, არამედ იმ გაგებითაც ლიბერალური, როგორიც ფრიდრიხ ფონ ჰაიეკისა და კარლ პოპპერის ლიბერალიზმია, თუმცა, ბუნებრივია, ილიას ინტეგრალური ნაციონალიზმი, გაცილებით უფრო ფართე ასპექტში და პირდაპირი აზრით განმანათლებლურად (განათლების პირდაპირი სასკოლო მნიშვნელობითაც!) აიძულებდა ეფიქრა და ეწერა მას. ილიასა და მის მკითხველ და არამკითხველ საზოგადოებას შორის ისეთივე მანძილი იყო როგორიც ჰაიეკსა და დღევანდელ მკითხველ და არამკითხველ საქართველოს შორის. ილია ჭავჭავაძის მხატვრული ლიტერატურა, პუბლიცისტიკა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა განმანათლებლური ნაციონალიზმის ერთიან სისტემად გაიაზრება, ცხადია (საკმარისი იქნებოდა მარტოოდენ შემოქმედებითი მატიანეს თემატიკის გაცნობაც), მაგრამ მე მხოლოდ იმ მაგალითებს მივუთითებ, რომლებშიც უკომენტაროდაც შეიძლება ინტეგრალური ნაციონალიზმის სტრატეგიის ~ღერძის~ შეცნობა. დაინტერესებული მკითხველისათვის ძნელი არ უნდა იყოს ილია ჭავჭავაძის მთელი შემოქმედების ამ თვალსაზრისით გადააზრება და მის ნაწერებში დღევანდელობის დანახვა. 26. ტიპოლოგიურად ტოტალისტური და უტოპიური ტექნიკრატიული და რევოლუციონისტური მისწრაფება და იდეოლოგია ისახება უკვე მარქსის ცნობილ ფორმულაში: ~ფილოსოფოსებს სხვა არაფერი უქნიათ გარდა იმისა, რომ სხვადასხვა გვარად აეხსნათ სამყარო, მაშინ როდესაც საკითხი ეხება მის გარდაქმნას~ მარქსიზმისა და ილიას შეუთავსებლობას, და მარქსისტებისა და ერთობ, სოციალისტების, მიერ ილიას სრულ მიუღებლობას, მათ მიერ ილიას ~რეტროგრადად~, ~რეაქციონერად~, ~კოლა­ბორანტად~ და სხვა მისთანანი, გამოცხადებას და ბოლოს, ილიას მოკვლას, გაცილებით უფრო ღრმა საფუძველი აქვს, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ის ფაქტიც, რომ ილიას დღესაც ვერ იგუებენ იდეოლოგები, და ისიც, რომ ილია ~ეკლესიას გადაულოცეს~, სოციალური და პოლიტიკური ასპარეზიდან ~გაიყვანეს~ და დავიწყებას მიაცემინეს ~რევოლუციურ ძალებს~(წმიდანზე, მის ნააზრევზე სოციალური და პოლიტიკური ტექნოლოგიის ტერმინებში მსჯელობა ფსიქოლოგიურ დაბრკოლებას აწყდება, ხოლო მისი კრიტიკული ანალიზი ამავე ტერმინებში შეუძლებელი ხდება) მრავლის მეტყველია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ძირითადად გაბატონებულია უტოპიურ_იდეოლოგიური ისტორიცისტული (და არსებითად მარქსისტული) თვალსაზრისი, რომელიც საზოგადოებრივი განვითარების ჰორიზონტს აბსტრაქტული მოდელებით ავსებს და უშუალოდ საკეთებელ კონკრეტულ საქმეს უმალავს მზერას. 27. კარლ პოპპერის ზუსტი დაფორმულებით ~ტოტალისტურ ან უტოპიურ სოციოტექნიკას არასოდეს არა აქვს ~კერძო~ ხასიათი, არამედ ყოველთვის ~საზოგადო~ . იგი მისწრაფებულია განსაზღვრული გეგმისა ან ~მაკეტის~ შესატყვისად გარდაქმნას ~გლობალური საზოგადოება~ და ცდილობს ~დაეუფლოს უმთავრეს პოზიციებს~ და გაავრცოს ~ სახელმწიფოს ძალაუფლება... ვიდრე სახელმწიფო თითქმის არ გაუიგივდება საზოგადოებას. ამასთანავე, იგი ისწრაფის, ამ ~უმთავრესი პოზიციებიდან~ გააკონტროლოს ისტორიული ძალები, რომლებიც ევოლუციაში მყოფი საზოგადოების მომავალს აყალიბებენ, ან ამ ევოლუციის შეწყვეტით, ან მისი მიმართულებების წინაგანჭვრეტით და მისთვის საზოგადოების ადაპტირებით~ Kარლ Pოპპერ ~Mისèრე დე ლ'Hისტორიცისმე~ Pრესს Pოცკეტ 1988, Pარის გვ. 86. ჩვენ ქვევით დავუბრუნდებით კარლ პოპპერის საფუძვლიან თვალსაზრისს და ილიას ~პოპპერისებურ~ ~ სოციალურ ფრაგმენტალურ ტექნოლოგიას~ . 28. ევროპული ნაციონალიზმი, რომელმაც მეტად მრავალფეროვანი გამოხატულება ჰპოვა მეოცე საუკუნის ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, პორტუგალურ და სხვა ნაციონალისტურ დოქტრინებში და მოიცვა სოციალური და პოლიტიკური სისტემები სოციალიზმის მასათა დიქტატურიდან ავტოდიქტატურამდე და დემოკრატიამდე (Dრუმონტ, Bარრéს, Bოურგეტ, Mაურრას, Hიტლერ, Lედესმა ღამოს, Péტენ, ჩორრადინი, Mუსსოლინი, Pრიმო დე ღივერა, ღებონდო, შარდინჰა, შალაზარ... და სხვა...) მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მეოცე საუკუნის აზროვნებაში და მისი საგანგებოდ და სხვადასხვა ასპექტით ~უკომპლექსოდ~ შესწავლა აუცილებელია. ნაციონალიზმის სხვადასხვა ფორმებს შორის (რომანტიული, ეთნორასიული, სოციალისტური, კომუნისტური, პოლიტიკური, რელიგიურ-იდეოლოგიური...) ილია ჭავჭავაძის, ვაჟაფშაველას, არჩილ ჯორჯაძის, მიხაკო წერეთლის და სხვათა ~ქართული ინტეგრალური ნაციონალიზმი~ მეტად თავისებურ და გარკვეულწილად განსაკუთრებულსაც, მოვლენას წარმოადგენს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ევროპული ნაციონალიზმის ერთობლივი შესწავლა და საკუთრივ ქართულ ნაციონალიზმთან შეჯერება მეტად მნიშვნელოვან ასპექტებს დაგვანახებს ქართული პოლიტიკური და სოციალური აზროვნებისა. ტერმინი ~ინტეგრალური ნაციონალიზმი~ იხმარებოდა ქართველ ~ქართლო­სიანელთა~ მიერაც (ვიქტორ ნოზაძე, შალვა მაღლაკელიძე და სხვები) თავისი დარაზმულობის ფრანგულ სახელწოდებაში (ქართულად ~საქართველოს ფაშისტური დარაზმულობა~, ხოლო ფრანგულად კი ~ Nატიონალისმე Iნტéგრალ~ ) ქართული სახელწოდება იტალიური ფაშიზმიდან მომდინარეობდა და თანადროული საერთოევრო­პული ნაციონალიზმის ერთგვარი ქართული ვარიაცია იყო; რაც შეეხება ~ინტეგრალურ ნაციონალიზმს~, იგი შარლ მორასის ნაციონალისტური კონცეფციის გამოხატულება იყო. ამდენად 30-იანი წლების ქართველი ნაცინალისტები ფრანგულ_იტალიური ნაციონალიზმის სინთეზს ახდენდნენ თავის ნაციონალისტურ ძიებებში, რაც მრავალმხრივ საინტერესოს ხდის ამ ძიებებს. სამწუხაროდ დასრულებული კონცეფციის სახით ეს ძიებები არ ჩამოყალიბებულა, ხოლო ნაციონალ-სოციალისტების მიერ ატეხილმა ომმა კი ნაციონალიზმს სოციალიზმის სასარგებლოდ საბოლოოდ დაასვა ნეგატიური დაღი. ჩემს მიერ ხმარება ამ ტერმინისა ~განმა­ნათლებლური_კრიტიული და რეალპოლიტიკური ნაციონალიზმის~ სინონიმად, ეფუძნება ჩემს ინტეგრალურ მეთოდოლოგიურ და ფილოსოფიურ ძიებებს და შინაარსობრივად განსხვავებულია. ნაციონალიზმისადმი იქნება მიძღვნილი ~თავისუფლებისა და ფედერალიზმის~ მესამე წიგნი: ~თავისუფლება, ნაციონალიზმი და ფედერალიზმი~. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად იტალიური ფაშიზმის შესწავლა ასევე კრიტიკულად უნდა მოხდეს, რადგან მასაც იგივე ბედი ეწია, რაც საერთოდ ნაციონალიზმს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩემი ზოგადი თვალსაზრისით, ეს ნაციონალისტური მოძღვრებები ერთობ სოციალისტური ტოტალიზმის, ისტორიციზმისა და უტოპიური ფატალიზმით არიან დაღდასმულნი და ანტილიბერალური იდეოლოგიის გამომხატველნი. პრაქტიკულად ეს მიმართავდა საზოგადოებას ტოტალიტარული სისტემის ამა თუ იმ სახისაკენ, რაც კიდეც შეიქნა საფუძველი პრაქტიკაში მათი კრახისა. უფრო დაწვრილებით, იხ. ჩემი ~ფედერალიზმი და თავისუფლება...~(1993) (ამ წიგნის პირველი და მეორე ნაწილები გამოიცა 1995 წელს ქ-ე ინსტიტუტში. 1997 წელს კი გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა – რედ. შენიშვნა). 29. ბიზანტიის პალეოლოგიური რენესანსის ტრაგიკულმა დასრულებამ, ცხადია, სრულიად განსაკუთრებული პირობები შეუქმნა საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპას (ორთოდოქსულსაც და კათოლიკურსაც). მთლიანად ქრისტიანული ევროპის და კერძოდ საქართველოს ისტორიის ამ ფაქტის მიმართ გადააზრება ჯერ კიდევ ელის განხორ­ციელებას. რადგან, საერთო აღიარებით, საქართველოს ისტორია და განვითარების ვექტორი ბიზანტიის მოსპობით კარდინალურად შეიცვალა, აუცილებელია ამ საკითხის ინტეგრალური შესწავლა ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონის, დასავლეთ და ცენტრალური ევროპისა და რუსეთის ისტორიის შედარებითი ისტორიულ კულტუროლოგიური ანალიზით. ზოგადი სახით (საკითხთა დასმის დონეზე) ეს განხილული მაქვს წიგნში ~უბისი რენესანი ~'ურენესანსოდ'~. 30. ამჟამად რომ ~ ნოუ ჰაუ~ (ანუ ~ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს~) ეწოდება. 31. მსგავს მოვლენას ჰქონდა ადგილი თითქმის ყველა კოლონიალურ ქვეყანაში. მეტად საგულისხმო მაგალითია ინდოეთის მაგალითი. ინდოელ ნაციონალისტთა მთელი თაობა (ვივეკანანდა და სხვები) ოქსფორდსა და კემბრიჯში იყო განსწავლული, და თავდაპირველად აგდებულად უყურებდნენ საკუთრივ ინდურ კულტურას, შემდეგ კი რადიკალურ ნაციონალისტაბად იქცნენ, როგორც ამას თვით ვივეკანანდა აღიარებს რამაკრისნასადმი მიძღვნილ წიგნში ~მასწავლებლის ფეხებთან~. იგივე მეთოდი გამოიყენებოდა ფრანგების მიერაც თავის კოლონიებში. 32. ამ თემაზე იხ. მითითებული ~ტოტალიტარიზმის რეინკარნაცია~, ~რუსეთი და ევროპა~, ~ადამიანი ძაღლი არ არის ყველაფერს ეჩვევა~, აგრეთვე რიჰარდ პაიპსის ~რუსეთი ძველი რეჟიმის ქვეშ~. 33. თუ მართალია ის, რომ 1907 წლის დეკემბერში საიმპერატორო კარზე მომზადდა საქართველოს სამეფოს აღდგენის მანიფესტი გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ ეს საქმე ილია ჭავჭავაძის მუშაობის მეტად ღრმა კვალს ატარებს და ჩემი ჰიპოთეზა ამის გამო ილიას მკვლელობის შესახებ სოციალდემოკრატთა (ორივე ფრთის) მიერ (იხ. ჩემი გადაცემები ~ილია ჭავჭავაძე _ ერის დიდი მამა~, რომელთა საფუძველზედაც შეიქმნა წინამდებარე წერილი. _ ~რადიოჟურნალი საქართველო~ 1983—1986 წ), რეალურ საფუძველს ჰპოვებს. მაგრამ დღემდე ამ მანიფესტის ტექსტი (ან სამუშაო პირი) მიკვლეული არ არის და ჰიპოთეზა რჩება მადვე. საკითხავი ისიცაა, თუ როგორ ფორმაში უნდა მომხდარიყო საქართველოს აღდგენა? თუ ეს იყო მხოლოდ ~გეორგიევსკის ტრაქტატის~ მიხედვით, მაშინ საქმე შეიძლება შეხებოდა მხოლოდ ქართლ_კახეთს (რაზედაც, საეჭვოა, ილია დათანხმებულიყო!). ხოლო თუ ამას საფუძვლად ედო ისტორიული და ტრადიციული, ანუ ქრისტიანული საქართველოს სამეფოს გაგება, მაშინ ეს კიდევ უფრო აღრმავებს ილია ჭავჭავაძის საქმესა და სახეს. და რუსეთის საიმპერატორო კარის ღირსებას სხვა ნათელს ჰფენს. მე ვფიქრობ, რომ, თუ ამგვარი რამ საერთოდ არსებობდა, საქმე სწორედ საქართველოს ერთიანი ქრისტიანული სამეფოს აღდგენას შეეხებოდა, რადგან თავისთავად რუსეთის საზღვრები უკვე მოიცავდა საქართველოს იმ ნაწილსაც, რომელიც თურქეთში მდებარეობს. რუსეთისათვის ამგვარი საქართველო ახალი გეოპოლიტიკური ერთეული ხდებოდა, რომელიც ~ რბილად~ აცილებდა თავიდან თურქეთთან განუწყვეტელი პირდაპირი კონფრონტაციის პრობლემას და ამავე დროს მთელი საქრისტიანო აღმოსავლეთის რეალურ წინამძღოლად (მფარველად) აქცევდა რუსეთს. ლიბერალური კონსტიტუციურ მონარქიული წყობის მქონე ქართულ_რუსული ~ტანდემი~ საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ძალად იქცეოდა, რაც სრულიად სხვაგვარ გეოპოლიტიკურ განზომილებას სძენდა როგორც რუსეთის აღმოსავლურ და დასავლურ პოლიტიკას, ასევე ქართულ პოლიტიკურ ინტერესებსაც კავკასიისა და შავი ზღვის აუზის მიმართ. ჩემის აზრით ილია ჭავჭავაძის სტრატეგიაში სწორედ ამგვარი მიზნის არსებობას ადასტურებს დასავლეთ საქართველოსადმი განსაკუთრებული ყურადღება და საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ერთიანობისა და სოციალური ერთობის იდეის განუწყვეტელი პროპაგირება. 34. ეს იყო რუსეთის მარქსისტული სოციალდემოკრატიის ორივე განყოფილება საქართველოში როგორც მენშევიკური, ასევე ბოლშევიკური, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში შეთანხმებული პროგრამა ჰქონდათ სოციალიზმის ან სოციალდემოკრატიის საზღვრებში და ერთ ხაზს ადგნენ, ვიდრე არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ძალაუფლების საკითხში. საინტერესოა ის, რომ საქართველოში სოციალდემოკრატიის კრიტიკა ეროვნული ოპოზიციის მხრიდან მიმდინარეობდა არა განყოფილად, როგორც ბოლშევიკებისა თუ მენშევიკებისა, არამედ საერთოდ, როგორც მარქსისტული სოციალდემოკრატიისა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდებოდა. მენშევიკები და ბოლშევიკები, როგორც ირკვევა, მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დროს იწყებენ ქართულ შეგნებაში განყოფას და ურთიერთდაპირისპირებას, რადგანაც ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ბოლშევიკები დაუპირისპირდნენ მენშევიკებს და განასახიერეს რუსეთში არსებული კომუნისტური ძალაუფლება. მენშევიკების ლიდერი ნოე ჟორდანია სწორედ სოციალისტურ ნიადაგზე უახლოვდებოდა ბოლშევიკებს და ლენინს, რადგანაც მისთვის საქართველოზე წინ სოციალისტური ერთობა და პროლეტარული ინტერნაციონალიზმი იდგა იდეოლოგიურად. ამის დადასტურება ისიც არის, რომ, როდესაც ლენინმა 1921 წელს დეპეშა გამოაგზავნა საქართველოში, სწორედ ის აღნიშნა, რომ, იქნებ ~ჩვენ ვიპოვოთ ისეთი კაცი, როგორიც იყო ნოე ჟორდანია, რომელსაც საქართველოს გასაბჭოებამდეც უნდოდა ჩვენთან თანამშრომლობა გარკვეულ პირობებზეო~. რა გარკვეული პირობები იყო ეს ჯერჯერობით არ არის გამორკვეული საბოლოოდ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათი გამოვლენა, ნაწილობრივ მაინც, შესაძლებელი იქნება 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ჩაღრმავებული ანალიზით, რადგან ამ ხელშეკრულებამ გაუხსნა ხელები რუსეთს და შეამზადა ნიადაგი საქართველოს დაპყრობისათვის. 35. ~დრო, მარადიულობის მოძრავი სახეა.~ _ ამბობს პლატონი. მარადიულობა მეტარეალობაა, დრო რეალობა. სინამდვილე დროში, დროის მსვლელობაში ვლინდება. ამ მსვლელობის, მდინარების მოდუსია დავიწყება, რადგან ~ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შევალთ~, ანუ იმ წერტილს, რომელიც წარვიდა ვეღარ მივუბრუნდბით, თუ ეს წერტილი რეალობიდან მეტარეალობაში და ე.ი. მარადიულობაში არ გადავიდა და მეხსიერებაში, რომელიც მარადიულობის მოდალობაა, არ აღმოჩნდა. ხოლო, რადგანაც, დრო და მარადიულობა ერთია, ამიტომ მეხსიერებაში აღმოჩენილი, შესაძლებელია, ისევ დროში შემოვიდეს. მეტარეალობის (მარადიულის) რეალობაში (დროში) ამგვარი შემოსვლა, ღირებულებითი შემოსვლა არის, ანუ ის, რასაც ისტორია ეწოდება. თუ დრო ქვავდება ქვავდება მარადიულობაც. ყოფიერება წერტილოვანი ხდება. ჩნდება ~ შავი ნახვრეტი~ . ანუ ის, რასაც სიმბოლურად ჯოჯოხეთი ეწოდება. შესანიშნავი ქართული დალოცვა: ~სიკვდილსაც დავიწყებიხარ~ ნიშნავს ~ღმერთს არ დავიწყებოდე~-ს, (ასევე ~ შესანდობარიც~, ~გახსენებაც~ და სხვა) რადგან უკვდავება მეხსიერების ფორმით არსებობს. კვდები მაშინ, როდესაც ღმერთი ~გივიწყებს~. ეს კარგად ჩანს ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთში მყოფთა ~არ დავიწყებაშიც~ . 37. ქრესტომათიულ მაგალითად გამოდგება გერმანული ნაციონალ_სოციალისტური ტოტალიტარიზმი, რომელმაც თავისუფალი აზრის მოსპობით (აზროვნების კონტროლით) და ცივილიზებული გერმანელი ერის ~მასად~ გადაქცევით, რამდენიმე წელიწადში შესძლო მისი ტოტალური გაველურება. ეკონომიკურად თუ რა წარმატება ჰქონდა ამავე დროს გერმანიას ეს საყოველთაოდაა ცნობილი

No comments:

Post a Comment